ხევსურთა ღრეობა
ღამეა, ვქეიფობთ, პირქუში ხეობა
ეძლევა საოცარ ძილსა და სვენებას,
შეგვერგოს, შეგვერგოს დღეს ჩვენ ეს ღრეობა,
არღუნი რომ აძლევს ბანსა და მშვენებას.
დაასხით არაყი! ეს ერთიც დავლიოთ,
დე, სული მივიდეს სიგიჟის კარამდე
სიმღერით რომ შევხვდეთ კიდევ ერთ ალიონს,
შავ ღამეს აქამდეც ხომ ბევრჯერ ვზარავდით.
განა ბევრს დაგვაცდის ცხოვრება ტიალი
ხევსურეთს ჭირ-ლხინი ერთმანეთს აბია -
ტირილი, ღრეობა, ხანჯლების ტრიალი
სისხლი და სიმღერა, შუღლი და კაფია.
დაასხით! დავლევ და გიჟივით ვიცეკვებ,
შევეშვათ ჭირსა და სიკვდილზე ლაყბობას
წინაპართ ჯიში გვაქვს - ალგეთის მგლის ლეკვებს
ფეხებზე ეკიდათ ყოფნა და არყოფნა.