კეკელიძე გიორგი
გაზიარება

აბე ბეიბის იავნანა 

(პროზაული ნაწყვეტი ,,თაგვის კუდიდან’’)

და მესიზმრა, რომ დედაჩემი მოკვდა.
ვერ მიპოვეს და გვიან მითხრეს
და მის გვამსაც გვიან მივუსწარი – სუდარამ შეჭამა.
მხოლოდ ფეხის თითები ვნახე და თითებზე ფრჩხილები და ფრჩხილებზე ლურჯი სევდა.
მერე თეთრი ნაჭრით დამარხეს.
და მითხრეს, რომ დედაჩემი სიმაძღრით მოკვდა,
რომ ჩემს ძველ სამოსს არღვევდა და ძაფს ჭამდა.
ერთ დღეში გასუქდა და მუცელი მოეშალა.
ეს ოთახია. აქ დავიბადე. გავიზარდე და
მაგიდაზე იდო ჩაის ჭიქა და
ლიმონი, როგორც ფსკერთბილ ტბაში ჩაწურული ნახევარმთავრე
და პურის ქერქი – დამხრჩვალი ბავშვის ამობურცული ხერხემალი.
დედაჩემმა ყველაფერი შეჭამა, ეს დატოვა, რაც სულ იყო –
ჩაი და პური, აღსარებამდე მისაღები ზიარება.
მე დავჯექი და შევექეცი.
კედელზე ჩემი მონაცვალი კბილი ეკიდა და ქანაობდა –
თქვენი თვალის მოსატყუებელი.
ოთახი თბებოდა და ჰაერი დაშრა – შემეშინდა.
შემეშინდა, მაგრამ მივხვდი, რომ ეს სახლიც მე ვიყავი
და ფანჯარა გამოვაღე.
გარეთ იყო ლოგინი და ოთახი და ნოემბრის დილა.
ავდექი და დავწერე:
და მესიზმრა დედაჩემი.

??????