ევა
მე დღეს ვარ მგელი მოკვდავთა შორის
და თქვენს სულს გავხდი შავ ანაფორას,
პოეზიაში ვითარცა ქორი,
თავს დავტრიალებ ლექსის სალოცავს
ჩვენში ორმაგად ცხოვრობს ცხოველი
თითქოს მრცხვენია კანი რომ მმოსავს,
ვითარცა ვნების უცხო მწოველნი
პლანეტას ვაყრით სიმდაბლის ჩოქვას
მისმინეთ ყოველ კავკასიელნო,
სპარსნო, ოსმალნო, თუნდაც კელტებო
იმერ - ამიერ გადამთიელნო,
შავი თუ თეთრი საყდრის ბერებო.
დღეს ჩვენს გულებზე ფეთქავს ორღანი
და მოისმინეთ ჩემი ლეგენდა,
ამონგრეულა სულის ყურღანი
და თითქოს ლექსი ხმლებით მეკვეთა.
მას თითქოს მზიანი ემოსა კუბო,
ვით სარკოფაგში დაჟანგულ რამზესს
და ის დღეს ვნებას ნებდება უფრო
ვით უსპეტაკეს, ცას, უზენაესს.
მისგან სიცოცხლის გამოდის სხივი,
ედემის ვაშლის დამპალი ყუნწი
მშვენიერების მოლურჯო ტივი
ზღვისფერი გულის სარქველი ლუწი.
მასში ცხოვრება რჩეულთ ხვედრია
ყველაზე დიდი მიწის ორდენი
და თითქოს სული მისი ნედლია
ვით ცეცხლოვანი მიწის ქორდები
მისთვის ხტუნავენ ნიამორები
ჩვენ მისთვის ვუკრავთ სხეულის თარებს
და მამრთა ძვლები, როგორც მორები,
კვლავ მიჰყვებიან გარდასვლის ქარებს.
მისთვის ჟანგდება ცურვით თვალები,
ვით ხომალდები ოკეანის ფსკერს
ქუჩის საწვიმურთ მოვჭრით მთვრალები
დედას დავაყრით ცრემლების მეწყერს
მას ჰქვია _ ევა, ჟამთა მშვენება,
ათას მუზაში ჩამძვრალი გენი
ის ჩვენს წინ იხდის ვით მოჩვენება,
სიზმრის დროს გაკვრით ნანახი გედი
მის მკერდქვეშ ბოდავს ყოველი ჩვილი,
მის მკერდქვეშ ბრუნავს პლანეტის ღერძი,
უფლის მადლია მისი შემქმნელი
და მისი ტანის უბადლო თერძი.
ის არის ლუვრის ქველი ჯოკონდა,
ის იყო გალა და გალათეა,
მისი გვირგვინი მხრებით მოგვქონდა,
რა სინათლეა, რა სინათლეა!
მოტყუებული მარად და კარად
აფარებული სიძვათა ჭრაქებს
ვარდით მოსილი მომრგვალო ქალა
გაუგლეჯია ვნებიან ზაქებს.
ბრძოლაში მარად დამარცხებული,
ვით ბონაპარტი ვატერლოოზე,
სიკვდილის დროშით გამარჯვებული
აბელი იდგა ლურჯ სამრეკლოზე
ზარები თრთოდნენ
ლინ ...
ლონ . . .
ლენ ...
უკვართო შიშველნი, განრისხებულნი
მამრნი სამარედ
მირ .
ბოდ . .
ნენ . .
აჰა ტალღები, შვილნო, დედანო,
თქვენ საფლავებზე წუხან ვაჟები,
ყოველი ღამის ღვინის სევდანო,
ვარდნი გაწყვიათ როგორც კაჟები.
თქვენ შეგისრუტეს ყოფის ტალღებმა,
“Santa Maria” შენც ხომ ქალი ხარ,
თოფის ლულების უცხო ბალღებმა
გადაგვაქციეს ვნების ბახლებად. . .
ნეკნის მოდგმანნო, ტკბილო ცოდვანო
კაცობრიობის შხამი თქვენია
თვით აკლდამების კართა ბოდვანნო,
ამ სხეულიდან ამიფრენია.
ამიფრენია თეთრი გედივით
ამიფრენია ამ კალმის ფრთებით
და მეოცნებე გლახი ყბედივით
დამინგრევია ნეპალის მთები
ევა, შენ შობე კაენი,
იქვე აბელიც მეცხვარე,
ჩვენს მოდგმაშია ჰაერი,
ორის ნიღაბი, მზე ცხარე.
და როცა ვიშვი ამქვეყნად,
ტირილი ისე მწყუროდა,
ალბათ იმ ვაშლის სიცხარე
თვით ჩემს ძარღვებში ყმუოდა.
თამარი იყავ და ქეთევანი
იყავ მარაბდა და ბასიანი,
მაგრამ ჩამოტყდა გულ-მკერდს მტევანი
და არ დაეცა ჟამს ასიანი
შენ გადაგიჭრეს ამბორით თითი
და გაიყიდე ფულით სხეული
შენ არ გახსოვდა, რომ ნეფერტიტი,
იყო თვით რაეს, ოქროს მზის წული
მე ვარ აბელი და ვარ კაენი
დანტეს ერთგული თანამესაყდრე
ვარ ორაგული, წყალი, ბადენი
თუ საჭიროა, მე ვარ მექალთანეც
ღმერთო, შემინდე, დამინდე, ევა,
მე გაზაფხულის მინდა ამინდი,
შენ ხომ ჩემიც ხარ, ჩემი ხარ დედა
ზღვაო, აცურდი, მზესთან აფრინდი!
9.04.2003
თბილისი