მისტერ დორიან გრეი
მარადიული ფერით ნადუღი,
უცებ ავძახე ტიანშანს: ჰეი!
მიწა თეთრია თოვლის აღლუმით,
როგორც ჭაბუკი დორიან გრეი!
მე ზღვის ტალღებზე კვლავ ვაკაკუნებ,
პოსეიდონი არ მიღებს არკებს,
და ტყე ბებერი გალობს ფსალმუნებს,
ჩუმად ლოცულობს თვით ჩემი სარკეც.
ღრუბლის ცილაში მზე დახეთქილი
ჩემს მოხუც მკლავებს ძმრად ეღვინთება,
და გათენდება შუქდაფერთხილი,
სარკმელს მათრახით არ ეკვეთება.
არა, არ დაშრა, არც ამაზონი
და არც ნილოსი ნებდება ნაპრალს,
პირამიდები თვისი ამბორით,
ღამეს ატანენ ქურუმთა საფლავს.
გარდაცვალებას ჰპოვებს ამონი,
სილას გააწნის არარაობა.
დაცხრება ნეშტი ტუტენხამონის,
ფაშვს არ გახლიჩავს მოსვლით თაობა.
ფაშვიც დაბერდა, მოხუცდა კანიც,
და ბოლო დღეებს საათი ჩეხავს,
ხმელია უკვე ანი და ბანი,
ზღვა მომაკვდავი, ზღვა ირმისფეხა.
მე ვეფერები შენს ხელებს გამხმარს,
ოდესღაც ბაგეს, გადებ ჟანგიანს,
ვგავარ ცარიელ, ასავსებ ქაღალდს,
ხვალ ცოლად მომყავს მე ნოსტალგია.
ჭრიალით ბრუნავს ქარის წისქვილი,
სადაც თვით ზევსი თეთრ ღრუბლებს ფქვავდა,
ჩვენი ცხოვრება არის პასკვილი,
რომელიც ასე სიცოცხლეს ჰგავდა.
და პოეზია მარად ჭაბუკი,
ისევ რითმათა თეთრი ქორია,
მე ვარ პორტრეტი გულჩამოჭრილი,
ჩემი პორტრეტი მოჰგავს დორიანს.
მე ხელთ მიპყრია თვით წვიმის ტროსტი,
ქარით ნაკერი ლურჯი ცილინდრი,
თან მომდევს ჩემი ტკივილის ნოტი,
ნამუსის ჩუმი, მჭრელი სიცილი.
სული ჩაინთქა მიწის სათლელში,
და დახერხილი მორების მსგავსად
განგს, ბუდას დიდი მიაქვს სათქმელი
და ტაჯ-მაჰალი პლუტონზე ასვა.
კედელს დავჭიმე ჯოკონდას სახე,
ძველი ცრემლების გავფურჩქნე ქისა,
გამხმარი ჩარჩო მე მისი ვნახე,
ბღაოდა ჰანგით: ეჰ! მონა _ ლიზა!
კოლხეთის ოქროსფერი ჭალები
ბოლოჯერ თმობდნენ სიოსთვის სხეულს,
ბოლოჯერ უჩანს მკერდზე ხალები
ვარდის კოკრებს, ეკლებზე ხვეულს.
ჭაღარა მამალი ალიონს უყეფს,
დღეს დუელია დღისა და ღამის.
მზე ელოდება თავის შვილს უძღებს,
და მთვარე მოდის კვლავ სეკუნდანტი
მან დამბაჩათა გაშალა ყუთი
და გაისროლა ხმამაღლა: ჰეი!
მიწა გათეთრდა, თვით თეთრი სისხლით
მიწა თეთრია, თოვლივით თეთრი _
მითხრა სიკვდილმა მარადჭაბუკმა,
მარადჭაბუკმა
დორიან
გრეიმ.
22.07.2003
წყნეთი