გულუა დათა
გაზიარება

რექვიემი 

მე გუშინ ისევ დავეკიდე ოთახის ჭაღებს,
ეს სიკვდილია, მახსენებდა ოდნავი რხევა.
სარკის მინაზე აორთქლებულს ვუმზერდი სახეს,
ჩემს პროცესიას, მეგობრებო, მოჰყევით ნელა!

ჩვენს ქვიშის საათს ამოუშრა მუცელი ლუწი
და ჟამი _ ხვლიკი გადაიქცა მარადისობად.
მთვარეს მოუკვდა მზის შობისას თენება უწინ
და ალიონი ჰორიზონტზე ფრენას შიშობდა.

ოცი ავაზა აფრენილი მოჰყვება კუბოს,
დღე ფარშევანგის ბუმბულივით ამიპრიალდა,
მაშ, ბოლო ვალსი, ბოლო ალტის სიმები უხმო?
თუ, მეუფეო, ევერესტზე დამაგვიანდა?!

ბაირაღები _ სისხლისფერი თქვენი კალთები,
ამ მოკვეთილი ბაგეებით რომ მიკოცნია,
მე ვიცინოდი? ეს ცრუობდნენ ჩემი ნაკვთები,
ნუთუ, ერთხელაც ჩემს სახელზე არ გილოციათ?

და თუ ასეა, მოილოცეთ ბოლოჯერ სული,
ჰიმალაებზე რომ მიანდო სხეული ხრამებს.
მაგრამ ცეცხლივით მზის ბუდეში შხიოდა გული
და კვლავ ლესავდა საბოგინოდ ღრუბელი ქარებს.

როცა გეძინათ სასთუმალზე სიზმრის ბეღლებში,
მე მაშინ ვწერდი `ევასა” და “ადამს~, `ზარების დონებს~,
ვიღაც ბაყაყი რომ ყნაოდა წუხელ ღელეში,
ოქროს გვირგვინით დღეს მიგათრევთ, ვით მორჩილ მონებს.

და ის საფანტი, ჩემს გულზე რომ მოსულა ნუშად,
იყო გარდასვლა შემოდგომის თეთრი ღამესი
დალეწილი მაქვს თვალის ჭრილში საცქერი შუშა
და, სიყვარულო, შენ ყოფილხარ ჩემი დანტესი.

ღმერთო ძლიერო, არ ვყოფილვარ მე ბასტილია,
არც მეგობრობა არ ყოფილა ჩემი ღალატი.
მოდით დამხედეთ, ეს მაჯები გადახსნილია,
თბილი `კინჟალით~ განვისვენებ, როგორც მარატი.

ამ რექვიემზე იზეიმებს, ალბათ, სიკვდილი
და ეს იქნება ნელი ვარდნა, კვლავ წამიერი.
არ გამაგონოთ პარტიტურა ბოლო ტირილის
თქვენში უჩუმრად ცოცხალია ჰერ სალიერი.

მოდით, დამხედეთ, გარდაცვლილმა როგორ ვიბრძოლე,
ნუ შეგაშინებთ თალხისფერი ჩემი სხეულის.
მე არ მოვმკვდარვარ, 

არ მოვმკვდარვარ, მხოლოდ ვიცოცხლე,
ამაოებით არ მივსია სულის რვეული.

ერთი ლეგატო, მაესტრო წამის,
ერთიც დამითმე ხნიერი ნოტი,
ერთიც ვიცეკვოთ ჟიზელი ღამის,
შენ, შემოდგომავ, ვიცეკვოთ, მოდი!

და მე დამკრძალეს შაბათის დილას,
მზის ნიჟარიდან დღე მოძვრებოდა
და იქვე, ხესთან ეძინა მოცარტს,
გაიღვიძეო? _ მეკითხებოდა.

ჩემს გვერდზე უკვე არავინ იდგა,
მხოლოდ ნაღველი მითბობდა მუხლებს.
აქ ტიციანი მომიჯდა დინჯად
და მაჩვენებდა უფეხო ღრუბელს.

კვლავ აფრენილა ავაზა ოცი, ფრინავენ არსად.
ლამპიონები წყვდიადისაკენ ილტვიან ჯარით.
მე გავიღვიძებ, გპირდები, დედა, აუცილებლად,
ღია დატოვე ჩემი სარკმლის მტვრიანი კარი.

მე წუხელ მოველ ვერცხლის წვიმად,
მე მოველ თოვლით,
თქვენ ისევ ყოფის ბორბლებს დასდევთ ლურჯ ბილიკებზე.
კვლავ დაგავიწყდათ `მოდერატო, ტკივილი შორი,
ისევ ალლეგრო თქვენს სისხლშია და თქვენს ღიმილზე.

სარკის მინაზე აორთქლებულს ვუმზერდი სახეს,
ჩემს პროცესიას, მეგობრებო, მოჰყევით ნელა,
მე გუშინ ისევ დავეკიდე ოთახის ჭაღებს,
შენ გაცოცხლდები, მახსენებდა ოდნავი რხევა.

25.09.2003

??????