გულუა დათა
გაზიარება

ბოჰემა 

ქალაქი ხმლებით კაფავდა ღამეს
რა დუმილია? რა დუმილია!
სიზმარი მიმტვრევს ოთახის სარკეს,
ქვის დუღილია, მზის წყურვილია.

საათი მოკვდა ჩემს მაგიდაზე,
ბოლთას აღარ სცემს წამის ისარი
და უკვდავების ჩუმ გარინდვაზე
მერქნით ამევსო გულის ფიცარი....

მე ისევ ვიღებ ჩემს ძველ თამბაქოს
და თავს მოვაწვავ ცეცხლით, ყრუ ალით
ბედის უკუღმართ გავშლი მე ბანქოს,
სადაც თავს იკლავს აგურის ქალი.

ჩემს წინ დაჯდება ქველი ბახუსი
შემომთავაზებს გვირგვინის მტევნებს
და მიღალატებს მე იანუსი,
როცა გავანდობ გულის დარდს ქვევრებს

შევბანცალდები ღამის ქსოვილში
ზურგს ჩამოვაგლეჯ ყოფის კიდობანს
და აჩრდილების უხმო ქორწილში
მივიტან მე ჩემს გაცვეთილობას.

ქიმერიონში შავ ფრაკს გავიხდი,
კვლავ დავუჯდები გარდაცვლილ ყანწებს
და პანთეონში, ქართა მახვილში
ვეალერსები გარდასულ ნაძვებს.

ყოველ გვირაბში დავიდებ ბინას,
გადმოვღვრი ბაგით ლირიკის საგზალს,
სიონთან ლურჯი ცილინდრით მივალ
და შევექცევი ზარებთან სამხარს.

ვით მზით დაჭრილი ჭრელი აფთარი,
მე გავექცევი ქალაქის ავდარს,
ჰორიზონტებზე მოვა ზამთარი,
სულში ჩამისხამს დეკემბრის ბადაგს

უკან პოეტთა მომყვება გუნდი,
საფლავებიდან რომ წამომდგარან,
მიწა მიყვირის _ ფაშვში დაბრუნდი,
გუშინ მთებიდან ტყე გადმომხტარა

მე ცაზე ვხედავ იესოს ჯვარცმას,
ღრუბლის მაგივრად ვხედავ გრაალებს
და ვეღარ ვასწრებ მანტიის ჩაცმას,
რომ უკვე დილის დროშა ფრიალებს.

ჩემს სარეცელზე მე მომასვენეს
თვით მეტერლინკის ლურჯა ჩიტებმა
მკერდქვეშ ზღვის ყანწი გამომატანეს,
ტანზე სიზმარი ფერად ჩითებად.

ქალაქი ხმლებით კაფავდა დილას
იღიმებოდა კედლის საათი
ჯანდაბა! ისევ ბახუსმა მტკვირა
და ტორტმანებდა ლოდინის ზარი. . 

11.04
თბილისი

??????