ადამი
I
ფეხზე ადექით, ცოდვილნო, ფეხზე. . .
პროცესზე ბატონი ჟამი შემოდის.
ყური მიიდეთ ანაზდად მკერდზე
სულის ბორკილი იგრძნეთ გემოთი!
ადამ, ადექი, შერყვნილო სისხლო,
მოხსენი ხორცი ჩრდილების წყლულებს,
წაჰგლიჯე აპკი, რაც შენში ბირთვობს
და ჩაუცურე თვალები ლულებს!
–შეშინდი? ღიმილს მგვრის ეგ სუდარა,
რომ დააფარო მომავლის ნაყოფს,
რად გვინდა შენი ბილწი მუდარა,
ჭეშმარიტებას ვერცხლით რომ ადნობს?!
გველთა ტოკვაა შენს თეთრ სტომაქში,
შხამის ბუყბუყი სველ ბაგეებზე
და გახრწნა არის შენი ქომაგი,
ყრუ მოძრაობა ლურჯ სარკეებზე
როგორ დაგილპა ნაყოფის ფერი,
რა უძრავია გალაქტიკები,
რა უყავ შენი ქერა აბელი,
რად დაგვიშენე ანტარქტიდები?!
II
ფერადი წამის ნაცადი როკვა,
ჟამის ქუსლები, ტომი, ბელადნი,
ათასი ვერცხლი, ნაგვემი, ცოდვა
გოდოლნი შოლტად ნაჭედნი ცამდე
იმპერიები, ოქროს ტახტები
და სისხლიანი სარეცელები,
ოკეანეთა ცხელი იახტები,
სიკვდილის თლილი სარი, ცელები
არტურის მრგვალი მაგიდის რაინდნი,
ღირსება – თეთრი კილიმანჯარო,
ხან ბეთჰოვენი, ხანაც ჰაიდნი,
მეფისტოფელი – პლანეტის ჯაყო. . .
ყელზე მიმხმარი რამდენი სიტყვა
და ანარეკლნი დანალეწები,
მძივად ჩაყრილი გულ-მკერდზე ტყვია,
ამოხეთქილი ქვაზე ლერწმები.
რამდენი ბრალი გვასხია ლაქად,
თავის მართლება გვიგუდავს ერთ ქალს,
სარკესთან პასუხს ვის გასცემ ადამ?
თუ ისევ წახვალ მიახრჩობ ევას?!
არ გაიხადო, არ გინდა, თორემ
უთვლელი ვირთხა ამაზრზენობის
დაგივლის ტანში, დაგიმტვრევს მორებს,
არ დაგიტოვებს ძაფებს ზნეობის
თუმცა ზნეობა? რომელი ძაფი,
ქრისტეს ჯვარცმისას რომ გაწყდა მიწად?!
თუ ამღვრეული იმ ვაშლზე ქაფი,
რომ მიირთმევდა ედემში ფიცხად
თუ სასთუმალზე ევასთან კვნესა
და დედამიწის ჩამსხვრევა ორად
აბელის შავი დაკრძალვის მესა
და სისპეტაკე ქცეული ჭორად. . .
გააპო ქველი დარდის რითმები
ამაოებამ, ამაოებამ
და დღეს დილაა განაფითრები
სად სათნოება? ხარ სათნოება?
მე ჩემს ფიქრებში კვლავ ჩავიშლები
და ეს წამებიც გარდავლენ მალე
დარჩება დედის გლოვის ხავილი:
რას სჩადი აბელ?!
რას სჩადი აბელ?!
III
ჩაქუჩმა სწრაფად დაჰკრა ვერდიქტი,
მზე ღრიალებდა დამნაშავეა!
იმედს ვფურცლავდი როგორც პოეტი
და თან ვყვიროდი: მზეც ხომ შავია?!
და მე ვიდექი ასე შიშველი
ყრუ, უბინაო, ნაღალატარი,
მოტყუებული ნომერ პირველი
და დღეს დამცვივდა ლომის ფაფარი.
მე მირჩევნია სიკვდილის ჩაცმა,
მშიერი ვსდიო მიზანს მიუვალს,
დღეს ვუღალატე მე ქრისტეს ჯვარცმას
და მივეფარე ვერცხლის იუდას. . .
უფალო ერთო, ძლიერო, მთელო,
უზენაესო ზღვათა და ცათა,
შემინდე ჩემი ცოდვანი ღმერთო
და დამაბრუნე შენს მზისფერ კართან
შეუნდე სისხლი, ვაება ცოდვილთ
შევეწირები ცოდვებს ზვარაკად,
თუ გინდ მას შემდეგ შთამომავლობას,
ეს ჩემი ძვლები დარჩეს არაკად
“ყოველმან ჩემმან სანთელთ მპოველმან”
შეხედეთ ფრთიან გამოქვაბულებს,
შეხედეთ ჩემი აფრები თრთიან,
რომ აღმაფრენით შეეხოთ გულებს
როდემდე ვიდგეთ ცოდვის ქვიშებში
პირამიდები ყვირიან: სანამ?
პასუხი მედგრად მოსჩანს სილებში
თვისი უკვდავი სახელით ---- ადამ. . .
15.06.2003
თბილისი