გულუა დათა
გაზიარება

აგუგუნდება ზარები 

აგუგუნდება ზარები ფერფლნარევ წვიმაში,
ფერფლი ვისია? ვისია ფერფლი?
სულთა ნაკრძალის ნანგრევ მიწაში
ათრთოლებული დეკემბრის მსხვერპლი.

როცა მოვხსენი კანის ეს ფარდა
უსაზღვრო ზღვაში მცურავ გუგებს,
ამ დილით თითქოს დანგრეულ ქალაქს,
მხოლოდ მტვრიანი ბუღი თუ უგებს.

დავხსნი დარაბებს, დარაბებს დავხსნი
მშფოთვარე გულის ვერცხლის ვაგონებს,
არ გატყდა, არ გატყდა ნავსი
და მე ეს დილა სიკვდილს მაგონებს.

განაოცები, განაოცები ჩასვენებული ვარდთა საფლავში,
მძიმედ და მრუმედ მაინც ვეშვები,
მოკლულ მუზათა ნისლის ნაძვნარში,
წარსულ ღამეთა ბეცი ნეშტებით

აღრიალდება ჩემი სანთელი
და დააწვეთავს მკერდზე იარას,
შუქურებიდან ჟონავს საშველი,
მე მაინც ვიღებ ჩემს ძველ იარაღს,

დაკრეჭილი აქვს კბილები სიკვდილს,
ლულაში მოსჩანს ეს ირონია,
ბოლო წუთამდე, ათამდე ღიღინს,
თითქოს სიტყვები გაუქონია.

აშრიალდება ზამთართან ყინვა,
აშრიალდება სარკმელთან თოვლი,
ვეღარ ვიპოვი იმ მოხუც ნიმფას,
ვეღარ ვიპოვე მე ჩემი როლი.

როცა მიხაკი შიშით ამოვა
ყინვით მოოჭვილ, დამსკდარ მიწაზე,
მაშინ ვირწმუნებ, ძვირფასო, ძალას,
იმ ძალას, ძლიერს, ყველა სიტყვაზე.

და სადღა არის ძველი ქალაქი,
სად არის ჩემი ბედის სარკმელი?
იქ სიყვარული, თითქოს არაყი
და განშორება ბოთლის სარქველი.

ხომალდი თეთრი, თეთრი სპეტაკი
ოკეანეში აფრიალდება
და, სიყვარულო, შენი დინება,
როგორც ყოველთვის დაგვიანდება.

როგორ ვივსები ნაცრისფერ წვიმით,
საუკუნეა უკვე არ მძინავს,
უკვე დავტოვე სხეული, ვიცი
და უკვდავება ცაში დაფრინავს,

დროის კოდალა იჯდა კედელზე,
კაკუნით წუთებს ურტყამდა ძლიერ
და მტვერი იწვა გამხმარ ხელებზე
ის არ იცვლიდა დაღუპულ იერს.

მე თითქოს ვიშვი ხელახლა ამ დღეს,
მე გარდაცვლილი ვიშვი ამ დილას
უკვე ვეღარ ვგრძობ თოვლიან ხელებს,
ხელთათმანები ვეღარ დამიცავს.

უკვე ნეკნებიც გაჭრა სიცივემ,
ფილტვებიც გაჰყვა ვერცხლისფერ სხეულს,
მხოლოდ მტოკავმა გულის სიდინჯემ
შეუნარჩუნა წამები ეულს.

ისიც გაქვავდა, გახევდა თითქოს
და ბორდოსფერი ეს მარმარილო
ერთ დროს უხვად რომ აფრქვევდა სითბოს,
თვით მიწამ უნდა დაამარილოს.

აგუგუნდება ზარები ფერფლნარევ წვიმაში,
ფერფლი ვისია? ვისია ფერფლი?
და იმ დამტვერილ, ეულ ბინაში,
კვლავ ასვენია დეკემბრის მსხვერპლი.

18.11.2002
თბილისი

??????