გულუა დათა
გაზიარება

ცრემლის ორდენი 

წვიმა მოვარდა, ბინდი მოყარა,
სარკეებივით გზას დააფინა გუბენი.
ახალუხებში მოდიოდა ნისლის მაყარი,
პეიზაჟს ხატავს ციდან რუბენსი.

ქარი გააპეს სილუეტებმა,
წამით შეჩერდა ფოთოლთა ვალსი
და ილუზიის ჭრელმა ეტლებმა
ჩამოგსვეს ჩემთან, გატეხეს ნავსი.

მარგალიტები მკერდს ჩამოგშლია,
სხეული გიგავს ზამთრის სასახლეს,
თეთრი ღამისთვის რომ უყეფია,
თვით ნევის პირას კოლონადებით,
იდუმალებით,
მეფის სამარეს. . .

თვალები გლეჯდნენ ჩვენს სიშორეებს,
ნიღაბი დნება ნაზად სახეზე,
ეს შენ არა ხარ _ მე ვიმეორებ,
ვუმტკიცებ ლანდებს ჩემს ძველ სარკეზე

შენი სახების ნაზი ლულები
ახლა არა და
ახლა მესვრიან,
გულს ჩატეხილან ისევ წყლულები,
მე სიყვარულის ვიყავ მესია,

გახსოვდეს, ლექსად როცა ვიფრქვევი,
შენი მომწყურდა კოინდარები,
შენი სუნთქვით მაქვს სავსე ფილტვები,
გულის ძაფებით კვლავ ვიქარგები.

ჯილდო არ არის ჩემი ამბორი,
არც ჩემი ლექსი არის შედევრი,
კლდეებზე მომკლეს, ვით ნიამორი,
იყუჩეთ, მგლებო, სისხლო, შედედდი!

ქალი, რომელმაც მზე მოიპარა,
იყავი შენ და გულს ჩაიწურე,
მაგრამ რა მოკლე აღმოჩნდა შარა
და მოგონება გადაიხურე.

მკლავს მიჭედილი მაქვს შენი ცრემლი,
და სკულპტურა ხარ თითქოს როდენის,
შენთვის ვგონებდი, ვიყავი გრდემლი
და შენი ფიცის შემრჩა ორდენი

და ირმებივით ხტოდნენ ფიქრები,
საფერავივით ტკბილი ტუჩები
სულს მიკოცნიან, მე ლექსით ვთვრები,
იფანტებიან დრონი, ტურები,

ათრთოლებულა ღამე ბინდისფრად,
სიზმრად გიხსენებ, დაგედევნები,
ვერ დაილუქა ჩემი ჭიშკარი,
მახსოვს ფაქიზი ხელის მტევნები,

გზად დაიღვარა ეს ნაოჭები,
მოგონებათა მტვრიან ალბომზე,
ჩემთან მორბიან შენი ლოცვები,
ჩემი სიკვდილის ბოლო აღლუმზე.

გადაიფარა სულმა დურაღი
და გაზაფხულმა დაგვიგდო კუდი,
სიშორეებში მიქრის ულაყი
და სიყვარულის ფლოქვი აქვს ფშუტის

მკლავს მიჭედილი მაქვს შენი ოხვრა,
თითქოს თლილი ხარ, თვითონ როდენის,
მე სისპეტაკით ვარ დათოვლილი,
ქალის ცრემლის მაქვს მხარზე ორდენი.

??????