გულეური ვასილ
გაზიარება

ბეღურა და მერცხალი 

არ მოუზიდავს წკირები,
არც დასდგომია ძალა და –
ბეღურამ მერცხლის ცარიელ
ბუდეში მოიკალათა.

- თბილ ქვეყნებში რომ მიფრინავს,
მერცხალი მე მჯობს იმიტომ?
ახლა არც თოვლში შემცივა,
არც დავსველდები წვიმითო.

გამოიზამთრა თბილად და
როდესაც დადგა მაისი,
ისევ მოფრინდა მერცხალი,
ბუდე მოძებნა თავისი.

ჯერ გარეშემო უფრინა,
მერე ჩამოჯდა ახლოს და
ნახა, რომ თავის ბუდეში
ახლა ბეღურა სახლობდა.

არ გასჭრა წყნარმა წიკჭიკმა,
არც თხოვნამ მშვიდობიანად.
ბეღურამ უთხრა – ეს ბუდე
მე მეკუთვნისო მთლიანად.

რომ მიატოვე ამდენ ხანს,
აღარ დაგითმობ, გაიგე!
ბუდე თუ გინდა, წადი და
შენთვის ხელახლა აიგე.

მაშინ კი გაწყრა მერცხალი,
თქვა – შენ არც მოგეკარები!..
და მცირე ხანში ამ ბუდეს
ამოუქოლა კარები.

დაატუსაღა ბეღურა
და საიმედოდ ჩაკეტა.
- სანამ ჭკუას არ ისწავლი,
არ გამოგიშვებ აქედან!

რომ მიხვდა, აასრულებდა
მერცხალი, რაც დაიქადნა,
შიმშილით დაოსებულმა
ბეღურამ თხოვნა იკადრა:

- გთხოვ, გამომიშვი გარეთ და
დღეიდან მეც გავირჯები.
გპირდები, რომ სხვის ბუდეში
არასდროს არ შევიჭრები.

მოლბა მერცხალი, ბეღურა
გარეთ გაუშვა, არ უმტრო,
უთხრა: - გახსოვდეს, არასდროს
სხვისი არ მიისაკუთრო!

??????