გრიშაშვილი იოსებ
გაზიარება

ტრიოლეტები შეითანბაზარში 

შეითანბაზარს რომ გასცდება თათრის ფოლორცი,
ტრიოლეტივით დავყიალობ გაღმა-გამოღმა.
და ვით აშოღლანს ეტმასნება ქალი ავხორცი
(შეითანბაზარს რომ გასცდება თათრის ფოლორცი),
არც მე მასვენებს საქართველოს დარდი და ბოღმა:
სიტყვა – მზის ნაღმით ნარიყალის ნაშთზე ნატყორცი?
შეითანბაზარს რომ გასცდება თათრის ფოლორცი ,
ტრიოლეტივით დავყიალობ გაღმა-გამოღმა!
ამ ქუჩაბინდში მე მინახავს ძველი ამქარი,
ხელში დროშებით გადაჭდობილ-გადანამწკრივი,
უსტაბაშს ჰშვენის მოფარფარე მზის ყალამქარი
(ამ ქუჩაბანდში მე მინახავს ძველი ამქარი),
და ჰგალობს ზურნა დილის საარს ჰანგღვთაებრივი.
დღეს კი ამოტყდა მეყსეულად გრიგალი-ქარი
და სადღა არი ყარაჩოღელთ ლხინი თუ კრივი?...
ამ ქუჩაბანდში მე მინახავს ძველი ამქარი,
ხელში დროშებით გადაჭდობილ-გადანამწკრივი.

ძველ პოეტებში მეც მყავს ჩემი გულის მურაზი,
მაგრამ ქვრივ რითმას არ გავყვები არასდროს ქმარად!
არ მომწონს რითმა ბესიკისა:”გაზი” თუ “რაზი” -
(ძველ პოეტებში მეც მყავს ჩემი გულის მურაზი)
რითმა ყოველთვის ხმალში იწვევს აზრს საომრად,
მომწონს მაჯამის ამირბარი თეიმურაზი
და შოთას სიტყვის ჰარამხანას ვდარაჯობ მარად!...
ძველ პოეტებში მეც მყავს ჩემი გულის მურაზი,
მაგრამ ქვრივ რითმას არ გავყვები არასდროს ქმარად!

მიყვარს თბილისი! ირაკლივით მუდამ მშფოთარი!
და მსურს აქ მოვკვდე, რომ მისი მზე სწვავდეს ჩემს კუბოს,
ან მსურს მტკვრის ტალღამ ორთაჭალის ხრამს დამაგუბოს
(მიყვარს თბილისი!... ირკლივით მუდამ მშფოთარი!).
და მე არ მინდა სხვა ანდერძი არავითარი;
ახლიჩეთ მწვადი... სთქვით ლექსები...აჟღერეთ თარი...
რომ საიქიოს საიათნოვა არ წამეჩხუბოს!
მიყვარს თბილისი!... ირაკლივით მუდამ მშფოთვარი
და მსურს აქ მოვკვდე, რომ მისი მზე სწვავდეს ჩემს კუბოს.

??????