გრიშაშვილი იოსებ
გაზიარება

აშპაშხანისკენ 

აშპაშხანისკენ, სადაც კლდის ქიმზე
დგას ნარიყალა ჯავრით მზირალი,
ჩავივლი დაღმართს და ერთ ნადიმზე
შემხვდება ორი ნაჯიბგირალი.

”დაგვლოცე, ფირუზ!” “ვახ, გამარჯობა?!”
მეც მიმიწვიეს, მეც დამასამეს...
ხოლო, თუ ღვინომ რომელს გვაჯობა-
განმარტებისთვის ვკითხოთ ამ ღამეს.

მოქეიფენო! ძველმა თბილისმა
მეც ჩამომართვა უძარღვო ხელი-
მაგრამ სად არის ძველი ღვინის სმა,
სად არის ძველი ყარაჩოღელი?

გრძნობა ყალბი აქვთ, ხმა-ნაქურდალი,
ბრაზით შევყურებ ამ სურათს უჩვევს,
და მერიქიფე, ლოთი, მურდალი,
ტუჩზე დამადებს გაქონილ ტუჩებს.

გავტეხავ ჭიქას, რომ ვათქმევინო:
ახლებში არ მყავს ძმა-მოყვარული,
და ავტირდები, როგორც ეს ღვინო
კინტოს პერანგზე ჩამოღვარული.

??????