შურისძიება
თქვენ შემოხვედით და ქარებს ჩემსას,
როგორც სიზმარმა, მუხლი მოჰკვეთეთ,
ის კი, ვინც მართლა მიღირდა ჩირად,
ენამჭევრობდა, როგორც მოკეთე
მიკრავდა გულში, გამვლელ-გამომვლელს
აკრთობდა ჩემი ღიმილი წრფელი,
თვალებში – სხივი-მზეანაწური,
გადამსხვრეული მკლავებზე წელი.
მე ვნებდებოდი და ამბორს ჩემსას
ერქვა მტრობა და შურისძიება
და ნატერფალზე ჩემი ცრემლები
ამოდიოდნენ მზისფერ იებად.
მე უარგყავით, რადგან მიყვარდით,
დაგტოვეთ, რადგან უთქვენოდ ჩემს დღეს
არ ჰქონდა ფასი,
ტანთ გავიძარცვე დიბა-ატლასი,
ჩავიცვი ხამი ტილო და ფლასი.
ვერ დავივიწყე ვერაფრით მაინც
თქვენი თვალების სიღრმე და მწუხრი,
რადგან თქვენ ერთხელ შეჩერდით ჩემთან
და ქარებს ჩემსას მოჰკვეთეთ მუხლი.