გონაშვილი მაყვალა
გაზიარება

შენს საუფლოში 

გადამიარეს გულზე წვიმებმა, 
სიმარტოვეში ჭკნება აპრილიც, 
რად მახსენდები ასეთი ელდით? 
სიზმრის ახდენას რატომ დამპირდი? 
ვიცი, ჩემს ყოფას ჰქვია ცხოვრება, 
ვიცი, ამ კედლებს ოჯახი ჰქვია, 
იქ კი, საოცარ შენს საუფლოში 
სულ სხვანაირი ქარები ქრიან. 
სულ სხვანაირად თენდება დილა, 
სულ სხვანაირი ფერი აქვს ნისლებს, 
იმ ნისლებივით ჩამოვიღვრები, 
ღმერთი შენს ხილვას თუკი მაღირსებს. 
იმ ტკივილისთვის, იმ სიშორისთვის, 
იმ სიგიჟისთვის გიხდი მადლობას, 
მოდი, გააღე გალიის კარი 
და გამახსენე ახალგაზრდობა. 
იცი, რა ტანჯვა გამოვიარე?! 
მთელი წელია ვცხოვრობ ულექსოდ, 
მოდი, მომხვიე მხრებზე ხელები 
და გამაცოცხლე, სულზე უტკბესო, 
წუთივით წავა წუთისოფელი, 
მალე ვიქცევით უსულო ქვებად, 
შენ შემოგევლოს ჩემი სიცოცხლე, 
რომელიც ახლა სხვის ჭერქვეშ ქრება. 

??????