გონაშვილი მაყვალა
გაზიარება

ათასმეორე ღამე 

სამსალანარევს რად სვამ შარბათს ყოფის ჯამიდან, 
მის ფსკერზე როდი ილექება ჩვენი წარსული, 
მუდამ თან დაგვდევს როგორც სისხლის ჯადო-შელოცვა 
თვალის უპეზე ნემსის წვერით ამოკაწრული.
ქალს ეძებდი და ჩამოგემსხვრა ნეკნი მრავალი, 
მარცვლე ამაოდ ვარსკვლავების კრიალოსანი, 
ყური დამიგდე, დავამღერებ ისეთ ბეითებს, 
რომ გაოცდება დუნიაზე ყველა მგოსანი. 
რით განუგეშო? ხომ გაკმიე სიტყვების საბრი? 
შენთვის ვაკვნესე, ავატირე უდი და ჩანგი, 
და როგორც ღამის ფარფალია, თუმც შიშით ვკრთოდი, 
სანთლების შუქზე ფრთებგაშლილი, თამამი ვჩანდი. 
მომენდე გულით საუკუნო როდია ჭმუნვა, 
წარმავალია მწუხარებაც სიხარულივით, 
მე კი მრავალი ღამე სიტყვის გასვი ბადაგი, 
მუცლით მეზღაპრედ გადავიქეც შენი გულისთვის. 
ზეცის ზეწარი გავშალე და მოგესურვილე,
და წუთით მაინც დაგავიწყე წუთისოფელი, 
იქნებ მომენდო და დამინდო და დამებედო 
რადგან ცხოვრება იფრითია დაუნდობელი. 
რომ არ მოგეკალ, წყაროსავით გიკლავდი წყურვილს, 
ღამე წიგნივით ვფურცლე, ვფურცლე და არ გათავდა, 
მე კი გავთავდი, დავილიე როგორც სანთელი 
სანამ მზე ზეცის, ლურჯ მინდორზე ამოთავთავდა. 
გაქრა შიში და ტანჯვის გზებით მეწვია სიბრძნე: _ 
გრძნეული ქალი ააცეკვებ ავსულს, შეითანს, 
თუკი იპოვე ცხოვრებაში შენივე თავი, 
თუკი შესძელი, თავი შენი თავად შეიცან...
თუმც ყველა ქალი როდი არის ღირსი დანდობის, 
თუმც ყველა კაცი ერთგულების როდია ღირსი,
რად უნდა ქება ბრძენს, ისედაც არის ქებული, 
ბოროტს სასჯელად ბოროტებაც ეყოფა თვისი. 
სხვა რაღა გითხრა, ისეც ბევრი სიტყვა დავხარჯე, 
კმაყოფილი ხარ ათასერთი ღამით ძლეული. 
სიტყვის პერანგი ჩაგაცვი და სიტყვით მოგნუსხე, 
ჩემი ხარ მთელი სულითა და მთელი სხეულით. 
მე კი კვლავ მაკრთობს 1001-ღამე _ გიშერი, 
ცაზე ხმალივით კრთოდა მთვარე ვერ ვიძინებიდ, 
უკვე მომენდე, და ალაჰიც ვეღარ გიშველის...
1002-ე ღამე დადგა შურისძიების! 

??????