გოგოჭური მინდია
გაზიარება

ცა მშვიდობისა 

ცა მშვიდობისა ქალბატონო
დიახ, დილაა,
მზემ ისევ ურცხვად
შემომისწრო
თქვენს ყურებაში,
შემომატანა ფანჯრებიდან…
თქვენს სახეს ვხედავ,
ვხედავ ღიმილი როგორ დარბის
ტუჩიდან თვალზე
თვალიდან ტუჩზე
და მეც ვიღიმი.
ცა მშვიდობისა,
დღეს ცა მშვიდია, ტკბილად იძინეთ,
უკვე განვდევნე
ყველა ღრუბელი, ყველა ლაქა
მოვწმინდე მზესაც
და დედამიწას სიყვარული გადავაფინე.

ხომ არ შეგცივდათ?
ღია სარკმელს სიო აწვება
(მგონი გითხარით წლის ამ დროს რომ გრილა მთაში და)
შემოგიკეცოთ ყელის ახლოს, საბნის ნაპირი?
მაშინ ხომ სიო თქვენს წამწამზე გაინაპირებს
და შეერევა ჩემს ესოდენ დაძაბულ სუნთქვას.

ცა მშვიდობისა ქალბატონო,
ცა მშვიდობისა,
დიახ დილაა,
მზე სარკმლიდან თბილად გვაღვიძებს.

??????