გოგოჭური მინდია
გაზიარება

იოანეს ლოცვა 

მამაო ჩემო,
რომელი ხარ და რომელიც ხარ,

დავიღალე,

მიწიდან,
მე,
მიწამდე...

ტანსაცმელი რომელიც მაცვია -
მაწუხებს;

ცხოვრება რომელიც ავიწყე -
ბლეფია;

მეგობრები რომლებიც მიყვარდა -
დავხოცე;

ცა, სადაც მიუწვდომლად გინახავდი -
დავიპყარი,

და შევლახე.
შევიტანე ეჭვი,
შევიტანე მიწა,

ცაში

და ციდან
მამაო
დაგაბრუნე მიწაზე,

ჰოსპიტალებში და ლაბორატორიებში.
გამოგიყვანე ეკლესიებიდან;

ეკლესიები ტურისტულ ცენტრებად ვაქციე;

სიტყვები - ფუჭად,
ღამე - გავანათე,

განვკურნე ადამიანები
ჩემივე დაავადებულნი,
ჩემნაირი ადამიანები.

ცას შენს ნაცვლად
თანამგზავრები გამოვაკარი,
ჩემი თვალები კამერებია...

მე იოანე ვარ მამაო,
მე ვწმენდ შენ სახეს,
შენ სახედ შექმნილ არსებებს

ამყავს ახალ ოლიმპოებზე.

მამაო ჩემო,
რომელი ხარ და რომელიც ხარ
ვიცი აღარ ხარ ცაში და არც ცაზე

მოვედინ
სუფევა
ჩემი,

რამეთუ მე ვარ სახე შენი და
სახედ შენი.

??????