გასწიე სკამი ისე, რომ...
გასწიე სკამი ისე, რომ
გაიხრიალოს ამ უფერო იატაკზე..
ისე, რომ
ავიფარო ყურზე ხელი..
ისე, რომ
გავიდე.
გასწიე სკამი,
რომ არ ჩამოვჯდე.
რა დროს ჯდომაა, როცა
რუხია ცა
და დღეს იწვიმებს.
ჩემი გახვრეტილი ქოლგა
არ მისცემს ცას ნებას –
შემეხოს თმაზე,
მაგრამ ცა მაინც შეძლებს,
შემამჩნიოს წარბთან
ვერტიკალური ხაზი,
დამინამოს ნიკაპი და
კიდევ უფრო უტყვი და მოღუშული
მიმაცილებს სახლამდე.
ჰოდა,
ასე სჯობს –
გასწიო სკამი,
კიდევ ერთხელ,
საპირისპიროდ –
წინიდან უკან,
ანდა გადადგა,
მოაცილო,
რომ არ დამცალდეს ფიქრი
ფეხის ფეხზე გადადებისას,
თვალგაშტერებულს..
დღეს ცა რუხია,
დღეს ცას ჩუმად სურს ადევნება
დაბნელებამდე
და მეც ნებას ვრთავ.