გელოვანი მირზა
გაზიარება

მეგობარ პოეტს 

გ. ძ....ს 
იქნებ იმისთვის, რომ საკუთარი
იყავი გულით და გარეგნულად,
იქნებ იმისთვის, რომ მე სხვაგვარი, 
შენ სხვაგვარი გზა ბედმა გარგუნა,
რომ შენი მწარე, ქილიკი ენა,
მე არ შემეძლო ახლოს მეთმინა,
იქნებ იმისთვის, რომ შენ ერთხელაც
არ მომიგონებ ასე კეთილად, -
მე შენ გეძახი... სადა ხარ ეხლა,
სად იქნევ მკლავებს, ბრძოლას უჩვევი...
ამაღამ მტერთან მომიწევს შეხლა
და იქნებ ტყვიას ვერც გადვურჩები.
ამაღამ ჩემი სვანური მუხლი
მე შემახვედრებს მტერთა ბლინდაჟებს,
დღეს ჩემი იყო საღამოს მწუხრი,
ხვალ იქნებ ჩემთვის არც ირიჟრაჟებს.
...და ვისაც ყოფნის მტკიცე იმედი
არ შორდებოდა ძალღონემიხდილს,
ვინც იწვა თოვლში სიკვდილის გვერდით
და მტრის საფარში გზავნიდა სიკვდილს,
ვინც მომაკვდავ ძმას გაშორდა ქარში,
სახეს უსისხლოს და განაოცებს,
ვინც იარაღთან მივიდა ბავშვი,
და ახლა შუბლზე ითვლის ნაოჭებს, -
მას შეუძლია ბავშვობის ზიარს
გისაყვედუროს, გაგკიცხოს შორით,
თუ სიტყვა შენი არა ჰგავს ტყვიას,
ამ სასტიკ ომში ჩემგან გასროლილს. 
1943

??????