გელაშვილი ნაირა
გაზიარება

პოეტი – ჭოტი 

შოთა იათაშვილს

შუაღამეა.
ჩემს მეგობრებს მთელ ქალაქში 
ღრმა ძილით სძინავთ.
მხოლოდ ერთი ფხიზლობს. ვიცი: ლექსებს წერს...
და სძინავს მის ხმას,
რომელსაც ისე უჭირს ხოლმე გახმიანება, 
თითქოს ნამსხვრევებით სავსე გვირაბიდან
ამოდის დაჭრილი... 
იგი ლექსებს წერს...
და მის მეტაფორებს
ფერადი ბუშტებივით ატივტივებს ჭერქვეშა ჰაერში
ოთხი ბავშვის,
დაღლილი ცოლისა
და დედის სუნთქვა
და მათი წამოკვნესანი
ეკლებივით ესობათ ბუშტებს...
და გადატრიალდება გული ჭოტის თვალივით,
რომლის გულშიც ჭროღა ია ანთია...

??????