გელაშვილი ნაირა
გაზიარება

მხატვარი იდა თვარაძე 

რაც უფრო ემატება წლები,
მით უფრო ენატრება დედა,
რომელიც მოუკვდა
და ახლა დროს აღარ ემორჩილება...
და დედა დიდდება მდინარესავით, ზღვასავით, ცასავით
და უკვე ყველაფერია მის ნახატებზე -
იგი ძროხაა - სამყაროსხელა,
ფაფუკი, ფერადი,
მთვარესავით მოხრილი წევს და მის ვეება ძუძუებშორის
ნამდვილი სავანეა
ულევი სითბოთი სავსე და ყველა დაეტევა იქ,
დედა - სახლია, რომელიც თბილ ქუდს ჰგავს,
ფერადს და ჯადოსნურს,
დედა - სახლია, რომელიც სახეს ჰგავს: ფანჯრები - თვალები,
პირი - კარები, სახურავი - თავი;
სადაც ვერავინ შევა შემაშინებელი,
დედა - მთვარეა, ჭრელი თვალები უცინის სავსე სახეზე,
დედა დედაა - მთვარესავით სახით 
და ზედ ლურჯი ჭებივით თვალებით
და შალი გადაუკიდია მკლავზე
ასაკში შემავალი შვილისთვის...
და ყველა საგანი ხელს ჰკიდებს დასუსტებულ
იდა თვარაძეს
და დედასთან მიჰყავს...
მისი გული ორჯერ გაიჭრა, 
რადგან ძალიან უჭირდა ფეთქვა,
ახლა ექიმებმა თქვეს: მესამე ოპერაციაც გარდუვალიაო,
და ეხვეწება იდა თვარაძე თავის მკვდარ დედას -
გამოუგზავნოს ფული, საღებავები, შეშა და კულტურის მინისტრი,
რომელიც დაჰპირდა ამდენი ხანია
ცივი სახლიდან თბილ სახლში გადაგიყვანთო...
აი, რამდენ რამეს ევედრება იდა თვარაძე
თავის მკვდარ, ადიდებულ დედას,
რომელიც უკვე ყველაფერია მის ნახატებზე:
სახლი, ძროხა, თაიგული, მდინარე, 
მთვარე და ლურჯმწვანეთვალება ღვთაება...

??????