ინტერვალი
უფსკრული. ისე მივუყვებით ქიმნარს და შიშნარს,
რომ ზოგჯერ ქიმზე ვჩერდებით და ყვავილებს ისვრის
ზეცა ქვევიდან, წარსულისკენ, ეს იმას ნიშნავს,
რომ ისევ მოვრჩით და ახალი დასასრულისთვის
ისევ ვიწყებით, უსაშველო ვარდნა და შვება
და ფორიაქი, სინანული, ტკივილი, ის რაც
სისხლად, მტვრად, ხორცად, ერთმანეთად ქიმებზე რჩება,
მისაღებია, რადგან ფსკერიც დასაწყისს ნიშნავს,
რადგან მიყვარხარ (სიგიჟეა), მწყევლი და ბოლო
ვარსკვლავიც ცაზე მიწურია ჩემი და მიჯნა,
მაგრამ ჩვენი დრო, სიცოცხლის და სიკვდილის დრო რომ
უკვე გავიდა, უკვე აქ ვართ, ეს უკვე ნიშნავს
გარდაცვალებას, ვიმეორებ, გაფრენას, მიწას,
წყევლას, თავიდან, ფორიაქი, ვარდნა და შვება
და ნეტარება, ჟრუანტელი, ტკივილი, ის რაც
იწყება, რჩება. ინტერვალი. იწყება, რჩება.