ჯუზეპე ვერდი
არაყი ხორბლის, კაპრალი სპლინი,
ნანათი ჟღვრა და ქერაღრუბელა,
თვალებში ზეცის უკანა პლანი...
ო, პარაბოლა, ოპერა, ბელა
და ყველაფერი იცვლება გვიან,
აპრილით მარტი, ფოქსტროტით ვალსი,
დღეები დღეებს მარტივად გვიან
და რჩება რაღაც, ისე თუ ასე.
ისე თუ ასე - თვალებიც, ალბათ,
გაუფილტრავი გრძნობების პრიზმა,
მზე თეთრი ენით, და ლოკავს ყალბად
დაობობებულ ჭერსა და სიზმარს.
მერე სახლიდან გავდივართ მზეში,
მერე რაღაცას გვპირდება ზეცა,
მერე მომოსი კაცივით ხვნეშის
და ჩვენს სიმანკეს ფულივით კეცავს.
იებით - ჩვენზე ბებერი წყვილი,
იების მერე ყვებიან ქარზე
და ვიოლინო ბავშვივით ყვირის
და რჩება რაღაც, ისე თუ ასე.
კაპრალი სპლინი - შემთვრალი არყით,
ნანათი ჟღვრა და ქერაღრუბელა,
თვალების პირას დამფრთხალი სარკე,
ოპერა - პენი... ო, ბელა, ბელა.