მელოდრამა
ჩემი სახლიდან. და ღიმილი. ფრანგული აში.
წარმოგიდგინო. და ფერდობზე აინადირო.
რაც შეგვეხება სიმშვიდეა. ოცდარვა ა-ში
თითქოს ახლახან ჩაგეძინა. ისე დავდივარ
შემოდგომიდან ზაფხულამდე. წყვეტილი ხაზი
დამეფიცება. მწყურებიხარ ამაზე მეტად.
რომ ორჯერ ორი ხმაურია ხუბჩევის აზრით.
რომ დასჩნევიხარ შუაღამეს. მეორე ეტაპს.
ღია ფანჯრები. ორშაბათი. ლამაზი. დღეა
შემოდგომიდან ზაფხულამდე. ზაფხულის მერე
კორპუსებს შუა საბოლოოდ წამხდარა გეა
და სიგარეტის. სამყაროში ჩაჭყლეტილ ღერებს
დანანებიათ. შუაღამეს. გაწყვეტილ აბზაცს.
სადღაც კეთრი და სიჩუმეა ნოტებზე ქარის
და შეიძლება დემონებმაც მოიგდონ აბგა
და გააპარონ თმაგაშლილი პროთეზი. ქალი.
ჩემი სახლიდან. და თვალებიც. ფრანგული აში.
სველი ზოლები დაუტყვიათ მოხუც ანკარებს
და ოთხზე მეტი ხმაურია ოცდარვა ა-ში
თითქოს არასდროს სძინებია. ისე კანკალებს
გაოცებული განდეგილი და მოწეული
და ფერფლისფერი. მოთავხედო ღამე გაგრია.
რა ვქნა. სფეროა ასეთი და ემოციური.
ოდესმე ალბათ დავინანებ შენ რომ გაგრიე.