ჩემს ქუდს
სად იყიდე და... რად გინდოდაო! –
ვის უმალავო ქოჩორს ისლივით.
სადღაც შეგჩურთეს, შე საცოდავო,
და მიმავიწყდი... ძველ თბილისივით.
მანებივრებდნენ ქალები თვალადს:
თმებში მივლიდნენ თლილი თითებით;
დავქორწინდი და ცოლმაც მიგჩქმალა,
თავს არ გაღირსა არასდიდებით.
კაცი ვარო და ქუდი მხურავსო! –
კი ღიღინებდნენ მთვრალი დუქნები,
მე უშენოდაც ვახურებდი და
შენც შენსას წუხდი – თავმიუგნები.
წლები ჩაწყნარდნენ: თმები გამცვივდა,
აღარც სავარცხელს შერჩა კბილები
და სურვილებიც რომ გადაწვიმდა...
კვლავ დაგიქუდე კმაყოფილებით.
კი გიხდებაო, ცოლმა, და მშვიდად
შეგვატრიალა დიდი სარკის წინ;
გახსოვს, რა მითხრა იმ ქალიშვილმა,
ლამის, სირცხვილით შენც რომ დაიწვი...
მაშინ... კინაღამ, ქარს დაგახურე!..
მაგრამ თანდათან, ვით ღამეს ქურდი,
შეგეჩვიე და აღარ აგყურებ –
სირცხვილის ხარ თუ... ნამუსის ქუდი.