აბსურდის სურდო
ღვთის ცრემლები ჩამომწიფდნენ თუთებად,
როს წვიმები გადაწყნარდნენ შხაპუნით;
ყელს, საცაა, გული აებურთება –
ბოლო აბზე ადრეგადაყლაპული.
მალე სული ვნებას აავერტერებს,
ანდა, სულაც გაფრინდება, გნოლივით;
მაგნოლიებს შეშტერებულ ჰეტერებს
პლაჟს გაუშლის პაჟი – გამოგონილი.
მერე... გოდოც მოვა – დარდის გოდრით და
ბოლო სცენას გაასრულებს აბსურდის;
ამოიცან, ავიცენას გოგრიდან:
ლექსის სურდოდ გავრცელება რას უდრის!..