კაკაბაძე ირაკლი
გაზიარება

რაც არის და რაც არ არის ჭეშმარიტება 

(აპოკრიფი)
ხელისგულებზე დამესერა კლაკნილი გზები,
საღამოობით მაწუხებენ,
რასაც სიცოცხლის დასრულებისას შემახსენებენ,
ჩვენი ცხოვრების ბილიკების სიტყვები კი
მხოლოდ წუხილს გამოხატავს,
დაკარგული აქვთ გრძნობა სხეულზე პილიგრიმთა სიარულისა
და სველი სიმწვანისფერი.
ეს ცხოვრებაც შეგუების მეტი არაფერია
და ვის უნახავს წიწილა უკან ბრუნდებოდეს კვერცხის ნაჭუჭში.
სიტყვებიც უნდა მოირგო _ 
საათის ისრებივით მოსიარულე
და მაჩვენებელი ძირითადი აქცენტებისა.
ძაღლის თავს მე ჩემში ვმარხავ,
ხოლო როცა მომსდევენ ქუჩის ძაღლები, ცოფით შეშლილნი,
მე ჯვარსა ვსახავ _ 
თითქოს, ღმერთში იყოს საშველი. . .

ხელისგულებზე დამესერა კლაკნილი გზები,
ჩემს თავს ვაჯერებ, რომ ბავშვი აღარ ვარ
და რომ ყოველ წამს შეუძლიათ ფეხებით დამკიდონ,
რომ ტკივილი მაშინებს
და არა სიკვდილი! . .
გაჩვევდით ჩემს შორს დგომას
და თქვენგან შორს ფიქრსაც,
გულისცემასაც ჩემშივე ვკლავდი _ 
გულს, ჩემსას, დაბრმავებულს მშვენიერებით.
რისი უფლებაც მივეცი ჩემს თავს,
მეორე დღესვე თქვენს თვალებში ამოვიკითხე.
და ჩემში ცხოვრობს ერთი ღმერთი,
ასი თვითმკვლელი _
დავსერე სისხლით სავალი გზები,
სასწაულს დავარქვი დამთხვევა,
გავიფანტე სურეალისტურ სივრცესა და პეიზაჟებში
და ვისთან მიდიხარ ირაკლი კაკაბაძევ,
საით მიემართები? . .

??????