კაკაბაძე ირაკლი
გაზიარება

კედელი 

გადააწვენს ხეებს თოვლი,
გადააწვენს ხეებს თოვლი _
მძიმე და სველი.
ლპობაა ყველგან,
გრძნობებისთვის ადგილს ვერ ვხედავ,
და ქალაქი უდარდელი და უნდობარი
გულძმარვით კვდება.
რაც კი მიყვარდა,
ამაოა თურმე ყოველი,
ან ის მიყვარდა, ვინც სიყვარულზე მეტად
სიძულვილს იმსახურებდა _
ვინც გახსნილ გულში შემომიხედა
და ჩამაფურთხა,
ვინც უსულობის კომისარია
და ყოველდღიურად უტყვიოდ მკლავდა.
ლპობაა ყველგან,
ღრუბლებს ვხატავთ ჰაერში სუნთქვით,
და უნდა შევჩერდეთ,
უნდა იშვას მდუმარებაში და სითეთრეში,
თოვლია თეთრი
და სუნთქვა ჩვენი, 
რომლითაც ჰაერში ღრუბლებს ვხატავთ
და იმ სურვილებს,
რომელთა ფერისცვალებისთვის ჩვენ მას ვუხმობდით. 
დიახ, მე მიყვარს კედელი!
რომ შეიძლება მას თავი ახალო,
მჯიღები უბრახუნო
და თავატკიებული ან თვალდახუჭული ისე დაგეჯახოს,
როგორც სიზმრიდან გადმობიჯებული სიმართლე.
მე მიყვარს მისი ბეჭედდასმული მდუმარება,
ქედმაღლობა და გულზვიადობა
და რომ არც ერთ კითვაზე პასუხს არ ველი.
მიყვარს კედელი!
წერტილს რომ უსვამს მარტივ გამოთქმებს
და რაც მიყვარდა, 
ამაო იყო, თურმე, ყოველი.
და რომ გულჩვილობას იჩენს ცხოვრება დროსთან,
და რომ საათები ამსხვრევენ ოცნებებს,
და რომ დავქორწინდი 
აღარ ვწერ ლექსებს,
და რომ ჩემს ცოლს მუცელი მოეშალა
და უკვე აღარავინ მამსგავსებს
ხმელთაშუა ზღვის გაღმა ნაპირელს.
დღეს კი შობაა
და ვარსკვლავებს ვათვალიერებთ _
მე და ჩემი ცოლი
და ვაკვირდებით ცას ჩვენი ფანჯრიდან,
გვაინტერესებს რომელ ვარსკვლავზე დასახლდა ბავშვი,
რომელიც არა გვყავს. 
თოვლია თეთრი
და სუნთქვა ჩვენი,
რომლითაც ჰაერში ღრუბლებს ვხატავთ.
მიყვარს კედელი! 

??????