ბუნდოვანი გიორგი
გაზიარება

წითელი სიშავე 

ღამის დღეობა-უდღეურთა უკუნ ფიქრებში,
მგლების ყმუილი უერთდება ციურ სიბნელეს.
სისხლის და ხორცის ღვარ-ნაგლეჯნი საფლავთა შორის;
აღმდგარ გვამების გადახსნილი პროფილირება...
და სულთახუთვის საშინელი შეჩვენებანი!
_ მოისმის ქშენა, ამოოხვრა მძიმე ფილტვების.
ნისლიან ორთქლში იძირება აკლდამის კარი...
ჩუმი კაკუნით, მის შიგნიდან, ბადებს სიცივეს;
იქ ქსელთა ბადე და სიკვდილის მდარე ფერია.
ამოწყდა ყოფა უგუნურთა მღვრიე ფიქრებში.
ჩამსხვრეულ ეშვებს სისხლნაწოვი ფორმა ეტყობა.
შემაზრზენ სახეს, სიდამპლისგან არარა შერჩა,
ნახევრად ჩონჩხი იღიმება შთენილ ბაგიდან.
_ მე ამას ვგრძნობდი, ყოველ ღამით, სიმშვიდის ხელში,
მე ამას დღესაც, წარმოსახვით, გუგებში ვხედავ,
მე ამის გამო, საერთოდაც არ მეშინია!
_ არ ველტვი სადიზმს, არც ავსულთა ჩემში შემოსვლას,
არა მძაგს არსი, თუკი მასში გდია მიზანი!..
მაგრამ მე მაინც იმ სამყაროს შევყურებ ნატვრით,
ამასაც მიტომ ვწერ და თანაც ძალით ვიგონებ,
და ისევ ღამით, მარტოდ მყოფი, სივრცეს გავცქერი.
ო, ჩემში ჩუმად, კვლავ იღვიძებს მონსტრთა კულტურა.
სიზმრებშიც ხშირად მესტუმრება მგელკაცთა ხროვა,
მყრალი სხეულის სისხლოვანი ლურჯი ლაქებით.
კვლისა და ჟლეტვის გვამოვანი შეჯამებები:
ორსული ჭვრეტის ცოფიანი გაორმაგება.
ჭლექის და ჭირის უახლესი გარდასახვები.
_ მინდება ძლიერ, ყოველივე შევისისხლხორცო,
_ მინდება, თავად გავცხედარდე ყინულისდარად
და რაღა მიღრღნის ფანტაზიის უდიდეს ნაყოფს?!
სამარის კართან, ამ ჩვენებას, რად ჩაეძინა?!
_ მოხუცდა ფიქრი და სიბერემ ღამეც შეჭამა.
ისევ სიჩუმეს, მწარედ ხეთქავს კეთროვნის კვნესა.
მოველი არვის; მარტოდმარტო არ ვითრგუნები,
ცხოველურ ინსტინქტს ვეღარავინ განერიდება!..

??????