თიბათვე
მოპირულია მაღალი ცელი,
სათიბში კვდებიან ზიზილები,
თივის ზვინიდან სევდა და ცრემლი
და სიყვარული იმზირება.
ღმერთო, ეს თიბათვე როგორ მიყვარს,
ერთად დაახვავებს დარს და ავდრებს.
ნეტავი ბალახი ვყოფილიყავ,
თივის სიყვარულში დამმარხავდნენ.
ნეტავი, რა მინდოდა იმ სოფელში,
ნეტავი, რა მინდოდა იმ ქალაქში,
ამ მწვანეფეხება დედილოსთან
ნეტავ სამუდამოდ რად არ დავრჩი.
არა, არ ჩასულა მზე იმ მთებში,
არა, არ ჩასულა მზე იმ ზღვებში,
ბალახში ჩავიდა, ცელის ეშმამ
უცბად დაიჭირა ბასრი ეშვით.
ესაა თიბათვის სასწაული _
სიყვარულს წაიღებს ბალდახინით,
ასე თივასავით ხმელი გული
ტირის მოთიბული ბალახივით.
რისთვის ეს სული და რისთვის თიხა,
თუ ვერ მოუვლიდი, რატომ მანდეთ,
ნეტავი ბალახი ვყოფილიყავ
თივის სიყვარულში დამმარხავდნენ.