ბუაჩიძე ანდრო
გაზიარება

რექვიემი წითელი ფოთლებისთვის 

მიწაზე სინანული ბღუჯად დაიყარა, ბადრი, 
მწვანე მინდორზე წყვილი ფოთოლი, ბადრი, 
თითქოს სუნი იკრაო, შინდის ხემ ზამთრის 
წითელი კაბა შემოიხია, ბადრი. 
ეს ბღუჯა სიწითლე შენი ხსოვნაა, ბადრი, 
ქარი დაუბერავს და ფოთლებს აურევს, ბადრი, 
ჰაერში კორიანტელი იტრიალებს, ბადრი, 
შენთვის იცეკვებენ წითელი ფოთლები, ბადრი, 
შენთვის იცეკვებენ, შენ ვერ გაგიტეხეს ხათრი. 

მართლა ასეა ეს ცხოვრება, ბადრი, 
დნება ყველაფერი და ეს ნაღვენთები სანთლის, 
ყრია მინდორზე და დასდის უხილავი მადლი, 
შენს სასთუმალთანაც თავი მოიყარა, ბადრი, 
თვითმკვლელის სასთუმალთან თავი მოიყარა, ბადრი, 
დღის ორ საათზე წითელმა ფოთლებმა, ბადრი. 

და მეც ჩამოვჯექი ამ ქვის მაგიდასთან, ბადრი, 
კაცი არ ჭაჭანებდა თვალის გასაწვდენზე, ბადრი, 
და სულ ერთიბეწო ეს მიწა, სულ ერთი ადლი, 
რა ძვირად მიღირდა, მაშინღა ვიაზრე, ბადრი. 

ირგვლივ შემოდგომა იდგა სოფელ დიღმის, ბადრი, 
და მე უნებლიეთ ცრემლი მომერია, ბადრი, 
ცრემლი ჩამომვარდა და ჭიქას შეეხო, ბადრი, 
დარდი შემომაწვა ერთი ასეთივე სხვა დღის, 
როცა შემოდგომა ანთებდა ჩირაღდნებს, ბადრი, 
და შენთან მოვედი, მე სტუმრად გეწვიე ადრე. 

ჭიშკარი შემოვაღე და უხმოდ შემოვედი, ბადრი, 
არავინ არ იყო, არავინ არ ჩანდა, ბადრი, 
და მე შენ გეძებდი, ეზო მოვიარე, ბადრი, 
ქარი ატოკებდა დაბურულ ტალავერს, ბადრი, 
ხეებიც ტოკავდნენ და ჩრდილებს მალავდნენ, ბადრი, 
არსად არ იყავი, ვერსად ვერ გიპოვე, ბადრი, 
უკუნი სხვენი და საღვინე სარდაფი სანთლით 
ძლივსღა გავანათე და იქაც ვერ გნახე, ბადრი. 

ჰო, ჩვეულებრივზე ჩვეულებრივი დღე იყო, ბადრი, 
ცხოვრება ღვიოდა, ძაღლი მგზავრს უყეფდა, ბადრი, 
ძროხა ზმუოდა და ყვავი ყრანტალებდა, ბადრი, 
ხარები შარაზე დინჯად ირწეოდნენ, ბადრი, 
მთვრალი ფეხათრევით მოეხეტებოდა, ბადრი, 
და ენთო შინდის ხე, ისე ვით ჩირაღი, ბადრი, 
და ვეღარ გამეგო, რომ შენ უჩინარი, ბადრი, 
იყავი და უნდა მეძებნე სუყველგან მბჟუტავი სანთლით... 

მაგრამ მე უეცრად თვალი ამეხილა, ბადრი, 
ეს იყო სიზმარი ვერაგზე ვერაგი, ბადრი, 
მივხვდი და მაშინვე ეგ თეთრი პერანგი, ბადრი, 
შევნიშნე მწვანეში ქათქათა პერანგი, ბადრი, 
შენ, გარემოსილი სიმწვანის მსუბუქი ფარდით, 
იჯექი ტალავრის ჩეროში სუფრასთან, ბადრი, 
და ღვინოს სისხლისფერს დიდი სასმისიდან სვამდი... 

მაინც რატომ მოხდა, რატომ გაჯიუტდი, ბადრი, 
უწყინარ ვარსკვლავებს რატომ გაუტეხე ხათრი, 
რატომ გაახარე მიწაზე სიკვდილი და ხვართქლი, 
წინა დღეს მღვდლისთვის შენდობა გითხოვია, ბადრი, 
ტალავრის რკინაზე ბაწარი გაგიკვანძავს, ბადრი, 
და წითელ პარასკევს, ჰო, წითელ პარასკევს, ბადრი, 
თავი ჩამოიხრჩვე იმ წყეულ ბაწარზე, ბადრი... 

ახლა შემოდგომა ყელზე მომჭდობია, ბადრი, 
წითელი ფოთლები და მწარე სინანული, ბადრი, 
გულზე მეწებება როგორც სიკვდილი და ხვართქლი, 
ვზივარ ამ ქვის სკამზე, ამ ქვის მაგიდასთან, ბადრი, 
ვხედავ, შენს საფლავზე წითელი ფოთოლი ბარდნის 
და სოფელ დიღმიდან გავცქერი ლაჟვარდებს, ბადრი, 
უკვე საღამოა, ყველა შინ ბრუნდება, ბადრი, 
მალე დაღამდება და ვარსკვლავების ქვეშ, ბადრი, 
ერთად შეგვეწევა წითელი ფოთლების მადლი, 
წითელი, წითელი, წითელი ფოთლების მადლი...

??????