გამოღვიძება
რატომ იღვიძებ შუაღამისას
და საიდანღაც გესმის ქვითინი
და ესეც თითქოს ბედმა გაღირსა:
ქალაქი — ხელისგულზე მითივით...
განათებული და დაქანცული
და დაღდასმული ცივი ციმციმით,
გათენებისკენ მძიმედ დაძრული
ვრცელი სიჩუმით, ეჭვით, სიმძიმით...
რატომ მოფრინავთ შუაღამისას
ჩემთან სიტყვები, როგორც ჩიტები,
და ესეც თითქოს ბედმა მაღირსა,
რომ კვლავაც იტევთ, რასაც იტევდით.
ისევ მოვიდა, რამაც დამტოვა —
სევდა-ნაღველი და მეც მითივით
დავხვდი ამ ნაღველს და თან რატომღაც
ამ ზამთრისპირზე მესმის ქვითინი...