ლექსი მოყმისა და სიყვარულისა
გაცუდდა, რაც-რა ვეთრიე,
რაც ვკვლიე შენი გზა-კვალი:
ვერ შეგიპყარი,
ვერ მოგკალ,
ვერ თავი შემოგაკალი.
ხან - ჭიუხების ჭირხლები,
ხან - ხალნი ველის ხაოთა -
შენად ნაწოლად მენიშნა,
ვნახე - აფთარი ხაოდა.
ეგებ, დააგდე საჩვენო,
სხვა მზე ირჩიე,
სხვა წყალი?
ეგებ, ჯილაგით ამოწყდი -
კაცის ჯილაგზე გამწყრალი?
ეგება, კიდეც დაგლანდე
სადმე, ჩამომწვარ გორებთან? -
დამცეცხლა კოცნის სახმილმა -
მახვილს რა მომაგონებდა!
აღარ დამცალდა,
ნანატრი
ელდის ელვებით გაშოლტილს, -
ცალი ყბით შემომიღრინე,
ცალად გამკარ და გამშორდი.
არც საიქიოდ გამწირე,
არც შემიფარე სწორფერი,
დამიგდე, როგორც დილეგი -
უსიყვარულო სოფელი...
ეგება ფიქრობ, მოვრჯულდე
უმადურ კვალზე ნათრევი,
ვერცხლის ბომონებს დავაკლა
ჩემი უბელო ნატვრები,
გავთბე სარკმლიდან სამადლოდ
შემოგდებული მზის სხივით,
ტრფიალი აღარ მომშივდეს
აუღებელი სისხლივით,
რადმე ვიღირო უშენო
დღენი - უგვანოდ კუშტები,
ისევ არ გამოგეკიდო,
როგორც კი გამოვშუშდები!