კაკაბაძე ირაკლი
გაზიარება

აქამდე და ამის შემდგომ  


I

მე დედა მყავს ფუნთუშების გამყიდველი. 
ყოველდღიურად ცრემლით ავსებს თვალის კასრებს
და ფულს აგროვებს,
ჩემი სიხარული უნდა რომ იყიდოს.
ვდგავართ ცეცხლის ზღვასთან შვილები,
იქ, სადაც მამები ჩაიკარგნენ,
სადაც ვერ შეიგრძნეს ზღვის მხურვალება
და სადაც ცეცხლის ზღვის აგზნება მათთვის
ხილული არ აღმოჩნდა.

როდესაც შემოსეს სამყარო მწარე ღელვის ფოთლებით,
დედა ეძებდა სავარცხელს – 
ზღვის დაუმორჩილებელი ტალღების დასავარცხნად,
წინათ ხელითაც უმკლავდებოდა ამ საქმეს.

ნაპირთან უიმედობას ვსუნთქავდით. 
წყალში თევზების ფრენა და გნიასი –
თითქოს, მაცხოვარმა გაიარა წყლის სხეულზე.
და ჰაერი! 
ჰაერი სულისთვის არ კმარა.
სხეულს კი ვარსკვლავთა მდელოზე წამოწოლა
სიკვდილად დაუჯდა.

II

იყო დრო,
როდესაც შორს, დაღლილ, 
გადატვირთულ სივრცეებში,
ძალით ტენიდნენ საკუთარ გრძნობებს ჩვენი მამები
და სთესდნენ მიწის ხნულებში
შვილების სისხლის წვეთებს.
მერე წლობით ელოდებოდნენ მოსავალს
(მეწამულ მოსავალს).

ამ დროს კი
ჩვენ, შვილები,
ჩვენს მფრინავ გველებს ვუერთებდით
წითელი პლანეტების ცელქობას და ბავშვურ ანგლობას,
ანდა ვიდექით ტროლეიბუსის გაჩერებაზე
და ხელს ვუქნევდით ჩიტებს,
რადგან ჩვენ ფრენა არ შეგვეძლო.

ვხედავდით ანგელოზთა სავალ გზას
ჩვენიდან ზეცამდე – 
ხან ყვავილებით მოფენილს
და ხანაც სისხლის წვეთებით მოკირწყლულს.
ანგელოზები კი მხოლოდ ჟინჟღლის დროს ჩანდნენ.
ჩანდა მათ ნაწვიმარ ფრთებზე აყვავებული სიზმრები,
როგორც წითელი ასკილის ყვავილები
და ცრემლები.
III

ჯერ კიდევ სანამ უფსკრულები გვეზმანებიან,
დავეძებთ მოძღვარს.
მამები არ ჩანან.
ამ სოფელში ვის შეუძლია, გვიწინამძღვროს?
უფალო, ვინ გვყავს მოძღვარი დედამიწაზე –
ხილული, მეტყველი.
ვინც დრო გააჩერა
და დრომ ვერ შეაჩერა.
ვინც თვალების დახუჭვის შემდეგ გაცოცხლდა
და სიკვდილს ჩახედა თვალებში.
ვისაც ნანახი აქვს მწუხარების მარადიული
უარყოფის სურვილი
თუ როგორ ახრჩობს კოსმოსს.
უფალო, სად არის მოძღვარი,
ვინც ცხოვრების გამოცდებით დანისლულ გზებზე
გვიწინამძღვრებდა?
რომელიც ნახავდა ჩვენგან ასხლეტილი აზრების პროტესტი
როგორ აბინძურებს ჰაერს და გარემოს.

შენ სადღა ხარ,
რომელ დროში დაგვეკარგე –
სად შეჩერდი, სად გეძებოთ?
თუ შენც ცეცხლის ზღვამ ჩაგყლაპა,
როგორც ჩვენი მამები? 

IV

დღეს
უცნობი ბაღში ძეგლებს ბანს
და ძეგლები მწვანდებიან.
იქვე, სკამზე, სემინარიელი ყმაწვილი
შეყვარებულს უყვება პირველ ადამიანებზე
და ევას დანაშაულზე კაცობრიობის წინაშე.
შეყვარებულებს ზურგზე მზე აწვებათ,
წინ, მიწაზე საკუთარ ჩრდილებს დაჰყურებენ
და სურთ ამოალაგონ ძველმანები სკივრებიდან,
წავიდნენ ქალდეას, 
იქ იქორწინონ და
შეიგრძნონ როგორ ბარდნის სიმშვიდე
წუხანდელი ღამის სევდას.
შეიგძნონ სიმშვიდე
დაბომბილ ქალდეას.

V

აქამდე ტანჯვით მოვედით,
აღარაფერს მოველით – 
უკვე ყველაფერი ჩვენთვის დაკარგულია.
და თუ ოდესმე შვილები
შევდექით ბერებად ჩუმ მონასტრებში,
კოსმოსის გუმბათს შემოვაბამთ წვიმისფერ აფრას,
შორს გასაფენად, სამყაროს, ყველაფრის გარეთ,
რომ უსასრულობაში ვიყვიროთ;
- ჰე, ჰე, ჰე, ჰეეეე. . .
არის აქ ვინმე?!

რომ დავიკარგოთ უსაზღვრო ნათელში
და ნათლის ნათლზე სამუდამოდ სოფლისთვის
დავბრმავდეთ.
ვეღარ ვიხილოთ უმამობა და უმოძღვრობა,
ვეღარ ვნახოთ თუ როგორ აჭაღარავებს დარდი
შეუწირველ ლოცვებს ხის გამხმარ ტოტებზე.

და აღარ მოგძებნით აღარც შენ, უფალო!
არც ცეცხლის ზღვაში,
არც დროში,
არც მზეში
და აღარც ადამიანებში
(და მაინც, სად შეჩერდი და შენს ეკლიან გვირგვინს
სისხლს სად აწოვებ?).

VI

მე დედა მყავს ფუნთუშების გამყიდველი.
ფულს აგროვებს –
ჩემი სიხარული უნდა რომ იყიდოს.
დედა დამისხამს გაბზარულ ჭიქაში
ბინდისფერ ჩაის
და თავის ცრემლებს თან ჩააყოლებს.
და ამ ჭიქიდან ამოიზრდება სევდის ტოტები.
და ამ ტოტებზე აყვავდება სისხლისფრად ასკილი.
მე დედა მყავს და 
ხომ შეიძლება ის ყველას ყავდეს –
სადღაც შეჩერებულო, დაღლილო უფალო?..

??????