ბერიძე სანდრო
გაზიარება

მეილები ნატო ინგოროყვასთვის-მეილი მეცხრე 

შენ რომ გაწყინა, 
უსამართლოდ და უმიზეზოდ, 
უნებლიეთ რომ უვნებელი გული გატკინა, 
იმ წყენასა და იმ გულის ტკენას 
წვიმის ცრემლებით რახანია ტირის ბათუმი. 

პოსეიდონის თეთრმა ქალაქმა, 
ლურჯად გადაღებილი შავი ზღვის პოდიუმზე 
შენი კოპლებიანი ტრიოლეტების კაბა რომ ეცვა, 
ქალაქმა, მხოლოდ გამაოცარმა, 
ბოლოს და ბოლოს, 
შენი ხიბლის ხილვით რომ ისწავლა 
გაოცება და სახტად დარჩენა, 
ფერადი ნიჟარების გვირგვინი დაგიგვიანა. 

კი არ უარგყო პოეტესა წვიმის ქალაქმა, 
მინებდა შურს და ლამაზმანთა ენამრავლობას, 
ჭორებს შენაჩვევ და მოყვარულ ქუჩაბანდებში 
პლასტმასის ცარიელი ბოთლებივით რომ დააგორებდა, 
ფრთამოტეხილი და სველი ქარი. 

დედოფლის ქოში, 
ღმერთს ლექსებში რომ გაუცვალე, 
სევდადაკარგულ ბულვარის კართან, 
ადიდასების ქაოსურ და ბრჭყვიალა ტევრში, 
აწყვია ობლად, როგორც ტკივილი, 
გაშვილებული ბავშვის გულში გადანახული. 

ბათუმში ახლა ლექსი კი არა, 
გროვდება ფიჩხი და ფიჩხის ჩონჩხი. 
ზღვის დღეები და პოეზიის საღამოები, 
ცრემლიან სულთან მოთამაშე გამყინავმა დრომ 
გააკოტრა და გააღარიბა. 

აქ ერთადერთი, 
მდიდარი და გაუხუნარი, 
უჟამი ჟამის მაზუთიანი ხელი რომ ვერ მიეკარა, 
ფერადი ნიჟარების გვირგვინია, 
პოსეიდონმა ტალღების ნავით შენ რომ გამოგიგზავნა, 
რომც დაგიმალონ, რომც მოგპარონ 
და არ გადმოგცენ, 
სხვებმა თუ არა, 
გვირგვინმა ხომ იცის შენია.

??????