ბერიძე სანდრო
გაზიარება

მეილი მეორე 

გადამეკიდნენ კრიზისულ კრიტიკოსებად ქცეული პოეტები.
ჩვენ გახლავართო ლიტერატურული სამყაროს
ბატონ-პატრონი,
გამომებნენ ხმელი ეკლებივით და
აღარ მაძლევენ საშველს,
"დეგრადირებულ" და "უღმერთო", (მათი სტყვებია) პოეტ-ვიგინდარას.
მე-ქართულ მუხას მაძალებენ რომ ვიყო კაქტუსი,
სულში მიფათურებენ ცივ და უხეშ ხელებს,
ჩემი ნერვების ცადმიმავალ საფეხურებს
ტალახიანი ბათინკებით მიუყვებიან,
რაღაცას ეძებენ გულმოდგინედ,
გამიზნულად იქექებიან, იჩხრიკებიან,
უნდათ როგორმე, ფილისტერის ჟინის მორევით,
ჰერმეტულ წრეში მიმავალი მარგინალური შარა-ბაწარა,
დროის და სივრცის მაგისტრალურ ხაზს ჩაანაცვლონ.

გადამეკიდნენ კრიზისულ კრიტიკოსებად ქცეული პოეტები.
გადააზრებული აზრების ნავით,
პანეგირიკის ცივზე-ცივი ინტონაციით,
ერზაცმდინარე გადმოლახეს და
მასკულტურიდან გლობკულტურის ტბაში შეცურეს.
რიტორული ხმით მომძახიან, მიკიჟინებენ,
თან მასწავლიან, (მუშტების ქნევით),
თუ რა ფორმა ავირჩიო წყობილსიტყვაში,
დომინირებული შაირის უარყოფაზე მიმითითებენ,
რაც იმას ნიშნავს,
დავიწუნო პირიმზე კაბით.
ლექსის საზომად გაუხდიათ პლიუს-მინუსი,
ცინიზმის ბლაგვი დანით ებრძვიან რითმას,
როგორც გადმონაშთს,
როგორც ბებერს და ჩახჩუებულს,
ხოლო ვერლიბრი შარშანდელი ხურმა ჰგონიათ.
არადა, ლექსის ეს ნედლი და უფორმო ფორმა,
მიღმიეთიდან გონის თვალით რომ იმზირება,
დღეისსწორს კი არ იბადება,
კი არ მკვიდრდება,
დღესასწაული მისი ახლა, ესევითარი,
ძალდატანებით და მუქარით დავიწყებულის,
განახლებას და აღდგენას ნიშნავს.
ფსევდოპოეტის ყაისნაღით მოქსოვილ ვერლიბრს,
ნაძალადევი სირთულის ძაფი,
დედაბრის უხეშ თმასავით რომ აბურდვია,
უსატკივრობის სჭირს სენი და ავადმყოფობა.

გადამეკიდნენ კრიზისულ კრიტიკოსებად ქცეული პოეტები.
უჭირავთ ხელში, გამოსაპირი ცელივით,
დილეტანტის დორბლიანი კალამი,
მისდგომიან ლექსის ტყე-ჭალებს,
და აცელილი ცრემლების ხარჯზე,
და აცელილი დარდების ხარჯზე,
სურთ გაახარონ, გააჯეჯილონ,
კლერტა ბალახი და ნარ-ეკალი.
რა ქნან? არ ესმით, რომ უნდა შედგეს,
( დუელი და ბრძოლა კი არა),
ტრადიციის და ნოვაციის თეთრი ქორწილი.
რა ქნან? არ ესმით,
რომ ზოგჯერ და, არამც ყოველთვის,
პოეტს-ყველაზე კეთილ ხულიგანს,
ყელზე თუ არა, ფეხისწვერზე მაინც ჰკიდია,
გრამატიკის და ლინგვისტიკის ყველა კანონი.

სევდა, რომელიც დევნილ ადამს ედემიდან გამოაყოლეს,
ჩვენს მაჟორულ და აზღარბულ დროში,
ამ ნარცისებს და ამ კონფორმისტებს,
ჰგონიათ მკვდარი და დიდი ხნის მიწადაყრილი.
სევდა კი...სევდა... კაცთა ყოფის ანი და ჰოე,
თავდაპირველი ხმის ტემბრით და ფერის სიმძიმით,
ცათამბჯენების ხმაურიან ქუჩებში დადის,
სადაც, ვითარცა მომთაბარენი,
მიმოჯირითობს ხვნეშითა და ხველებ-ხველებით,
სხვადასხვა დამღის, მარკისა თუ ფერის და ჯიშის,
ავტომობილთა ურიცხვი ტომი.

მე-სევდის შვილი და სიკვდილზე მიშვილებული,
წვიმის კიბით რომ ჩამოვედი გალაქტიკიდნ,
გადამცეს წყევლას და ნერვიულ გილიოტინას,
თითქოსდა, ჭრელი გველი შემეწვას,
რატომ უსხამო გამომშრალ და გამომხმარ დღეებს,
ნატო ინგოროყვას
ლექსების სისხლს,
როგორც სულიერი ნეტარების მომგვრელ ნარკოტიკს...
არადა, ვხედავ, არადა, ვგრძნობ, რომ შენმა ლექსმა,
ლამაზი და მთრთოლვარე სულის თეთრმა შედევრმა,
შემეცნება რომ ამჯობინა სანახაობას,
ელექტრონულ დროს აზრიანი ფიქრით გაასწრო.

??????