კადრების მოლოდინი
ზამთარს სუსხი უსინჯავს, თარიღების გარეკანს,
ქუჩას ვხედავ ატყვია, გაყინული კენჭები,
ველი ვინმე მოვა და კარზე ისე დარეკავს,
რომ ვიფიქრო შენ ხარ და ერთი სიტყვით ვეჩვევი -
უშენობას, რადგანაც, მქვია ახლა ოცნება,
ფასით ისე დავეცი, გაფიქრებამ მიყიდა,
და ყოველ დღეს დღეიდან, რაც კალენდარს მოძვრება,
წელთაღრიცხვას დავარქმევ, რომ დამტოვე იქიდან.
ამ ლექსს პათეტიკური პოზა აქვს და ვიფიქრე -
ახლა ჩემში ბევრია, უარაფრო ფაუსტი,
ცაში ხელებაწვდილი ვიჭერ მგონი იმ ფიფქებს,
შენ რომ ტუჩი შეახე, შეახე და გაუშვი.
მთვარე ღრუბელს იხდის და კადრს შევცქერი წამიერს,
ჩვენც გვიყვარდა ერთურთი ცალმხრივად და სრულებით,
კითხულობდი ჩემს ლექსებს და ოცნების მაგიერ -
მჯეროდა რომ ერთმანეთს მაინც ავისრულებდით.
ზამთარს სუსხი უსინჯავს, თარიღების გარეკანს,
ველი ვიღაც მოვა და კარზე ისევ დარეკავს...