სველი პელიკანი
საგრაფო სასახლიდან უცქერდა შევალიე,
ფაშფაშა სამოსელით მოკაზმულ მანდილოსანს...
წამები, საათები მეც ასე შევალიე -
შენს ტუჩებს - დაღალული მზერა რომ დამიკოცნა.
და სადღაც დასველებულს ვემსგავსე პელიკანებს,
წვიმა რომ დაიწყო და მე ზურგი მივაგებე,
ერთი კი ცხადად მახსოვს, თავი ვერ შევიკავე,
გაკოცე, მინდოდა და მომენტით ვისარგებლე.
მახსოვდა ის სხეულიც, რომელზეც სილუეტებს
ვხატავდი თითებით და მკერდამდე მივიტანე,
შენ კიდევ სიყვარულით დამსაჯე მითუმეტეს,
და სამჯერ უარმყავი... და მამლის ყივილამდე.
სულ მცირე წამებია შერწყმამდე ქართა, ხეთა,
ელვის ხმას დაუფრთხია ჩიტები სადენებზე,
დამჩემდა სიყვარულში ასაკით გარდატეხა,
სწორედ ის შემიყვარდა თვალს რომ არ ვადევნებდი.
წამები, საათები მეც ასე შევალიე -
შენს ტუჩებს - დაღალული მზერა რომ დამიკოცნა,
საგრაფო სასახლიდან უცქერდა შევალიე,
ფაშფაშა სამოსებით მოკაზმულ მანდილოსანს...