თაბაგარი თეა
გაზიარება

ქაოსურ-მელოდიური (განწყობის) 

მოუთმენელი წლები წამიღებს, 
უმისამართოდ მომენატრები, 
აშლის ზამთარი ქარიან ფიქრებს, 
და ქარვისფერი ოცნებასავთ, 
მოვინადირებ უცხო ადგილებს, 
ბევრჯერ გათელილს, 
ოღონდ სხვა თვალით. 

როცა ვერხვები კვირტებს გაშლიან, 
და მონატრება ზვავებს წარმოქმნის, 
უხმოდ დავრჩები ადამიანურ 
გზაგასაყართან 
ყოფნა-არყოფნის. 
არაფერია, 
რადგან დღეები 
ისედაც, თითქმის, უჩემოდ ვლიან, 
და რადგან მაინც ვერ შეგელევი, 
მე დავბრუნდები. 

იქნება გვიან 
ყველა ის წამი, 
უძრაობაში განივთებულმა რომ გავატარე, 
რადგან გამიცვდა ილუზიების 
უფერული და ძველი სათვალე. 

როცა თოვლისფერ ქრიზანთემებით 
ამოჩემებულ სურვილს მომიტან, 
აღარაფერი გადამბრალდება 
გონდაკარგული უქმი დროიდან. 
როცა უბრალოდ წლები წამიღებს, 
ააბორგებენ დარდებს ვერხვები, 
უსასრულობა გამიღებს კარებს, 
ნაგვიანევი დროით შევხვდებით. 

და ფიქრი ისევ გააციმბირებს, 
უაზრობების ჩვეულ არიას, 
გაუბედავი მზერით ცის კიდეს 
მივწვდები, 
როგორც ჰორიზონტს მზიანს. 
და მოლოდინი გაარღვევს კლდეებს, 
სივრცეს შერწყმული სუნთქვას ამიბნევს, 
და გამართლებულ, მიღწეულ ძებნებს, 
მიუწვდომელი გზისკენ წაიღებს.

??????