დილით მოგიტან გადაკეცილ მელნიან ტკივილს
დილით მოგიტან გადაკეცილ მელნიან ტკივილს,
რომ მარტის ფანქრით შემისწორო ფერი იების...
რტოებს მოვატეხ ბაღის კართან ნაღვლიან ტირიფს
და ციდან ავხვეტ ნაფეხურებს სერაფიმების.
დილით მოგიტან გადაკეცილ მელნიან ფიქრებს,
რომ სხეულებში სხვაზე მეტად იყოს სულობა.
ზამთრის ნებართვით მოვიძიებ ერთნაირ ფიფქებს,
იმდენს,რომ ქალაქს დაეტყობა გაზაფხულობა.
დილით მოგიტან გადაკეცილ ბინდისფერ თვალებს,
დილით მოგიტან კონტურების წითელ ნაპირებს,
ოღონდ ამჯერად ნუ მომიკლავ ამ უშნო მთვარეს,
ამჯერად ღამე წერტილამდე დამიზეპირებს.