მამალაძე გია
გაზიარება

ივანე კრამსკოი - „პერედვიჟნიკი”  

ვისაც ოდესმე უნახავს ივანე კრამსკოის ნახატიქრისტე უდაბნოში”, არ შეიძლება არ აღფრთოვანებულიყო მხატვრის ოსტატობითა და გენიალურობით.

უდაბნო, საღამო. კლდის ქვებზე ზის ჩაფიქრებული მაცხოვარი და განიცდის თუ დარდობს ადამიანთა ბედზე. ასევე, ალბათ, თავის ადამიანურ ტვირთზე. ხელის მტევნები ერთმანეთისთვის გადაუჭვდია და დაძარღვულ, თითქოს ერთმანეთში შეზრდილ ხელებზე იკითხება მთელი მოლოდინი ჯვარცმისა და აღდგომის მისტერიისა. ჩემი აზრით, ჯერ უფრო ჯვარცმის, კაცობრიობისათვის მსხვერპლის გაღების. როცა სურათსქრისტე უდაბნოშიუყურებ, ალბათ, კიდევ ერთხელ დაგმობ მწვალებლებს, რომლებიც უარყოფდნენ ქრისტეს ადამიანურ ბუნებას, იმდენად დიდებულად აქვს გადმოცემული კრამსკოის ქრისტეს ადამიანური ბუნება, მოწყენა, დაღლა, მოლოდინი, ფიქრები...

თუმცა სურათის ყველა დეტალში ღვთიურის გამოვლენასაც დაინახავ - უზარმაზარ ენერგიას ქრისტეს სახეზე, ყოვლისმომცველ სიღრმეს მისი ფიქრისას, უკან ჩამავალი მზის სხივებში, ღვთისმშობლის მიერ მოქსოვილი კვართის მუქ  წითელ, პორფირის თუ ძოწის ფერში. მოსასხამის გაცვეთილ შავ ფერშიც. სინათლისა და ჩრდილის იდეალურ განაწილებაში, რომლის შექმნა მხოლოდ შემოქმედს შეეძლო, გადმოცემა კი ასე კარგად ეხერხებოდა მხატვარს...

დიდი ქვები თითქოს გარინდულან, რათა მაცხოვარს ფიქრში ხელი არ შეუშალონ. ერთი პატარა ქვის ნატეხი ისე გდია, ნამდვილად ადამიანის ხელი უნდა შეხებოდა, ასე რომ დამდგარიყო, ან ბუნებას უცაურად უნდა ეზრუნა ამისთვის. გარინდულია ყველაფერი, თითქოს მოლოდინით შემართული...

შენც თითქოს იქვე დგახარ, უდაბნოში, ქრისტესთან ერთად. ძალიან ახლოს ხარ, მაგრამ ვერაფერს შეცვლი და შენც განიცდი, შენც ელი, შენც იცი, შენც გკტივა გული რომ გაწირავენ ქრისტეს...

ეს სურათი პირველივე ნახვისას გიყვარდება, რადგან უფრო მეტი იცის, ვიდრე იცოდი და გიამბობს და რაც მთავარია, უზადოა.

ვისაც ოდესმე უნახავს ივანე კრამსკოისქრისტე უდაბნოში”, არ შეიძლება რუსული კულტურის მტერი იყოს. თუმცა, მეტიც, არ შეიძლება მოსწონდეს არადემოკრატიული იდეები, როგორც არ მოსწონდა კრამსკოის.

1870 წელს რუსეთის იმპერიის ძირითადი სამხატვრო-შემოქმედებითი ძალა სოციალური სამართლიანობისა და დემოკრატიისათვის ბრძოლაში დაუპირისპირდა იმპერიის ხელოვნების ოფიციალურ ცენტს, პეტერბურგის სამხატვრო აკადემიას. პეტერბურგში ივანე კრამსკოის, გრიგოლ მიასედოვის, ნიკოლოზ გესასა და ვასილ პეროვის ინიციატივით შეიქმნა რუსი მხატვრების შემოქმედებითი გაერთიანება, რომელსაც სახელადპერედვიჟნიკები" უწოდეს (Передвижники; Товарищество передвижных художественных выставок - მოძრავი სამხატვრო გამოფენების ამხანაგობა).

 ახალი გაერთიანების იდეური ხელმძღვანელი და სულისჩამდგმელი გახდა ივანე კრამსკოი. “პერედვიჟნიკებიგანიცდიდნენ ბელინსკისა და ჩერნიშევსკის სოციალ-საზოგადოებრივი და ესთეტიკური შეხედულებების გავლენას. “პერედვიჟნიკებიეწეოდნენ საგანმანათლებლო მოღვაწეობას. მოაწყვეს 48 გამოფენა რუსეთის იმპერიის სხვადასხვა ქალაქებში. უარი თქვეს კლასიციზმის ფორმებზე და კრიტიკული რეალიზმის საფუძვლები შეიტანეს თავიანთ ხელოვნებაში. მათ შემოქმედებაში წამყვანი იყო პორტრეტისაყოფაცხოვრებო და ისტორიული ჟანრი, ასევე პეიჟაზები. შექმნეს არა ერთი გამოჩენილი ადამიანის პორტრეტი. ახლებურად გადმოსცეს შუქ-ჩრდილები.

ივანე კრამსკოი დაიბადა 1837 წლის 27 მაისს ოსტროგოჟსკში, ვორონეჟის გუბერნიაში. სასწავლებლის დამთავრების მერე გადამწერლად მუშაობდა. 1853 წელს დაიწყო მუშაობა ფოტოგრაფის თანაშემწედ (რატუშერად). 1856 წელს პეტერბურგში ჩავიდა და ასევე ფოტოგრაფის დამხმარედ, რატუშერად მუშაობდა. 1857 წელს მოეწყო სანკტ-პეტერბურგის ხელოვნების აკადემიაში პროფესორ მარკოვის მოწაფედ. 1863 წელს აკადემიამ მიანიჭა ოქროს მედალი ნახატისათვისმოსე კლდიდან წყალს გადმოადენს”.

1863 წელს აკადემიის ხელმძღვანელობასთან მას და მის 13 მეგობარს უსიამოვნება მოუვიდათ. შეგირდებს რჩებოდათ ბოლო ნაშრომის ჩაბარება და მიიღებდნენ თანხას უცხოეთში სწავლის გასაგრძელებლად. მათ შესთავაზეს საკონსკურო თემადღესასწაული ვალჰალაში” (ვალჰალა ნორდიული ხალხების წარმოდგენით სამოთხე, გმირთა სავანეა). შეგირდებმა კი თავისუფალი არჩევანი მოითხოვეს. ხელოვნების ისტორიაში ამ მოვლენასთოთხმეტის ბუნტიჰქვია. ადმინისტრაცია არ დათანხმდა. მოწაფეებმა უარი განაცხადეს კონკურსში მონაწილეობაზე და წავიდნენ აკადემიიდან. ასეთი პრინციპული იყო კრამსკოი.

აკადემიიდან წამოსულებმა შექმნესპეტერბურგის მხატვართა არტელი”, რომელმაც 1871 წლამდე იარსება. მერე კი, როგორც ვთქვით, “პერედვიჟნიკებისარტელი, მოძრაობა დაარსდა. 1865 წელს მარკოვმა კრამსკოი მიიწვია მოსკოვის მაცხოვრის სახელობის ტაძრის გუმბათის მოსახატად. მარკოვის ავადმყოფობის გამო, გუმბათის ძირითადი ნაწილი მოხატა კრამსკოიმ, კოშელევთან და ვენიგთან ერთად. 1863-1868 წლებში სამხატვრო გამოყენებითი ხელოვნების დახმარების სახოგადოების სკოლაში ასწავლიდა. 1869 წელს მიანიჭეს აკადემიკოსის წოდება.

კრამსკოის დახატული აქვს ლევ ტოლსტოის, მხატვარ ივანე შიშკინის, პავლე ტრეტიაკოვის, სალტიკოვ-შედრინის და სხვების პორტრეტები. ცნობილია მის მიერ დახატული უცნობი ქალის პორტრეტი. მე მსმენია, რომ არის ვერსია, თითქოს ეს ქალი წარმოშობით ქართველი იყო. ივანე კრამსკოიმ დიდი გავლენა იქონია თავისი დროისა და მომავალი თაობის მხატვრებზე, როგორც აღვნიშნეთ იყო გენიალური ფერმწერი, გრაფიკოსი და ასევე სამხატვრო კრიტიკოსი. მისი ნახატები გამოირჩევა მკაფიო ხასიათით, კომპოზიციური უბრალოებით. ისინი გამსჭვალულია მხატვრის ჰუმანური, ეთიკური და ესთეტიკური იდეალებით, დემოკრატიულობით. მისი ოსტატობა კი უმაღლესი ხარისხისაა.

ივანე კრამსკოი გარდაიცვალა 1887 წლის 24 მარტს (ახალი სტილით 5 აპრილს).

??????