ვეფხვი - ცხოველთა მეფე
I
`დრო მაშინ იყო უხსოვარი, ადამიანი _ უმეცარი. ერთ დღეს მონადირეს მოსწყურდა და წყაროზე ჩავიდა. ჩაიმუხლა კამკამა წყალთან, შესვა პეშვით და თავი რომ ასწია, შეკრთა _ მის წინაშე იდგა ოქროსფერი ფაფრით მოსილი ლომი.
_ მეფე ხარ ცხოველთა, ოღონდაც შემიბრალეო! _ შესძახა აცახცახებულმა მონადირემ.
ლომი მაძღარი გახლდათ, უბრალოდ წყლის დასალევად მისული და კაცს კბილი არ ახლო.
_ გმადლობ, მოწყალეო ხელმწიფევ, ჩემი თხოვნის შესმენისთვისო! _ აღტაცებით წარმოთქვა მონადირემ და სულ მალე მთელ ქვეყანას მოსდო ლომის მეფობის ამბავი. საქმე იქამდე მივიდა, რომ ცხოველებმაც აღიარეს ლომი თავიანთ ხელმწიფედ.~ _ მგელმა კალუპმა ღიმილით გადახედა ლომისა და ვეფხვის ბოკვრებს, რომლებიც ცნობისმოყვარეობით უმზერდნენ.
_ მას შემდეგ ჩვენი საგვარეულო მეფეების საგვარეულოდ იქცა, არა, ძია კალუპ? _ ჰკითხა ლომის ბოკვერმა.
_ დიახ, უფლისწულო ლეონ, სწორედ ასეა!
_ რა გიხარია, _ გაეცინა ვეფხვს _ შენი ბაბუის ბაბუის და ასე შემდეგ დიდი ბაბუა ვიღაც ჭკუაგაწყალებულს უკურთხებია მეფედ!
_ აღღღრრრრრ! _ ლეონი მეგობარს ეცა _ მე შენ გიჩვენებ ვინაა მეფე, ფელიტუს!
_ ვნახოოოოთ, ვნახხოოოთ! _ ღრინავდა ფელიტუსი.
_ ბიჭებო, ეს მხოლოდ ძველი თქმულებაა და ამის გამო ჩხუბი არ ღირს! _ კალუპი ბოკვრებს შორის ჩადგა, მკაცრად განაგრძო _ საერთოდაც, უკვე თქვენი ძილის დროა!
_ ნამდვილი მეფე მუდამ ფხიზლად უნდა იყოს, რათა მტერს ღირსეულად დაუხვდეს! _ თავაწევით განაცხადა ლეონმა.
_ მართალია! _ კვერი დაუკრა ფელიტუსმა.
_ დაღლილი და უძინარი ვერც მტერს დაუხვდები ღირსეულად და ვერც _ მოყვარეს, ასე რომ, ორივე დაუყოვნებლივ გამწესდით საწოლში!
ლეონმა და ფელიტუსმა, სურდათ თუ არ სურდათ, აღასრულეს კალუპის ბრძანება, თავად კალუპი კი მეფეს ეახლა.
_ აჰ, შენ ხარ, კალუპ? რა ქენი, დააბინავე ონავრები? _ მეფე მისკენ შებრუნდა.
_ დიახ, მეფეო!..
ისე, შეიძლება რაღაც გკითხოთ?
_ რა თქმა უნდა!
_ კადნიერებაში ნუ ჩამომართმევთ, თქვენო ბრწყინვალებავ და ნურც იფიქრებთ, რომ რაიმე ვერაგული მიზანი მამოძრავებდეს...
_ კალუპ, Yველაფერი პირდაპირ მითხარი, მიკიბვ-მოკიბვის გარეშე! _ გააწყვეტინა ხელმწიფემ.
_ მისი უდიდებულესობის ნებით მე, მწიგნობართუხუცესი მეფისა, თქვენს შვილსა და ფელიტუსს ვუწევ მეურვეობას. იქნებ ამიხსნათ, ვინ არის ბოკვერი ფელიტუსი, რატომაა ის თქვენთვის ასე ძვირფასი?
_ ერთხელ ფელიტუსის მამა და მე ტყეში ღრმად შევედით. ჩვენთვის მივსეირნობდით. უეცრად ის გადამეფარა და მერე მიწაზე დაეცა _ მონადირის მიერ ნასროლი, ჩემთვის განკუთვნილი ისარი ჩემს ერთგულ მეგობარს მოხვდა. ვეცადე გადამერჩინა, მაგრამ თვით ბრძენმა მკურნალმა ბუმ ვერაფერი უშველა. სიკვდილის წინ მთხოვა, რომ დედითდაობლებული მისი ბოკვერისთვის, ფელიტუსისთვის მომევლო. მეც მის უკანასკნელ სურვილს ვასრულებ.
_ სწორად იქცევით, მეფეო! _ მშვიდად თქვა კალუპმა _ ახლა კი, თქვენის ნებართვით, დაგეთხოვებით...
II
გადიოდა დღეები, თვეები, წლები.
ფელიტუსი და ლეონი კვლავინდებურად ერთად იზრდებოდნენ. Lლეონის მამა მოხუცდა და მძიმედ დაავადდა. ერთხელაც, როცა მეგობრები სუფთა ჰაერზე ისვენებდნენ, მათ კალუპი მიუახლოვდა, ნაღვლიანი თვალებით გადახედა ჯერ ერთს, მერე _ მეორეს და თქვა:
_ უფლისწულო ლეონ, მამათქვენი გიხმობთ!
_ ყველაფერი რიგზეა?.. _ ლეონს სახე ეცვალა.
კალუპს არაფერი უპასუხია და მეფისწულს ხელმწიფის მდიდრულად მორთული გამოქვაბულისაკენ გაუძღვა. ლეონმა მამას შეხედა: მეფე ავადმყოფობას ერთობ მიესუსტებინა და მძიმედ სუნთქავდა.
_ ლეონ, შვილო, მოდი ჩემთან! _ აღმოთქვა მან. _ როგორც ვატყობ, მალე მე თქვენ გვერდით აღარ ვიქნები, ამიტომ ხვალ თვითონვე დაგადგამ სამეფო გვირგვინს. გახსოვდეს, მარტომყოფი ყოველი ცოცხალი არსება განწირულია.
სულ ერთია, ვინ იქნება, მეფე თუ ყმა. ყველას თავისი სისუსტე აქვს მაინც. ასე რომ, გაუფრთხილდი ფელიტუსს!
_ კარგი, მამა, ასე მოვიქცევი! _ მომავალმა ხელმწიფემ გამოქვაბული დატოვა.
_ აბა, რა ხდება? _ მიეგება ფელიტუსი.
_ ხვალ მამაჩემი მეფედ მაკურთხებს!
ფელიტუსი მოიღუშა.
_ რა იყო, არ გიხარია?! _ გაოცდა ლეონი.
_ მიხარია, როგორ არა, მაგრამ... _ ვეფხვმა აღარ დაასრულა.
_ რაღა `მაგრამ~?! _ ჩაეძია უფლისწული.
_ მეშინია, არ დათვრე.
_ დარდი ნუ გაქვს, ლხინზე რაც შეიძლება, ცოტას დავლევ! _ გაეცინა ლეონს _ თანაც მე არც ისე ცუდი სიმთვრალე მაქვს!.. უკვე ჩამობნელდა. წამოდი, თვალი მოვხუჭოთ, ხვალ ხომ დიადი დღეა, საპასუხისმგებლო დღე!
ფელიტუსი შემდეგი დღის მოლოდინით აჟიტირებულ მეფისწულს გაჰყვა და გზად თავისთვის, დანანებით ჩაილაპარაკა:
_ შენ რა იცი, როგორი სიმთვრალე გაქვს!..
III
აი, დადგა ის `დიადი და საპასუხისმგებლო დღე~, რომელსაც გულისფანცქალით მოელოდა ლეონი. ცხოველები ტრიალ მინდორზე შეიკრიბნენ.
უმცროსი თუ უფროსი _ ყველა იქ იყო.
ლეონი მამამისის წინ მორჩილად თავდახრილი იდგა და ცოტა ღელავდა.
_ ღმერთო, შენ გაუმარჯვე ლეონს ყველანაირ მტერთან ბრძოლაში! _ ხანში შესულმა ხელმწიფემ გვირგვინი აღმართა _ მაღალი შემოქმედის სახელით კურთხეულ ხარ მეფედ ყოველთა ცხოველთა! _ თავის ვაჟს ამ სიტყვებით დაადგა თავზე გვირგვინი.
ლეონი შემობრუნდა და მედიდურად მოავლო თვალი ცხოველებს.
_ გაუმარჯოს მეფე ლეონ IV-ს! გაუმარჯოს ცხოველთა ახალ მეფეს! _ ისმოდა ყიჟინა. ლეონი კი ცხოველებს შორის დადიოდა და მილოცვებს იღებდა.
მხიარულება დაღამებამდე გაგრძელდა. ლეონ IV-ს მცირედი საჩუქარი მაინც უკლებლივ ყველამ უსახსოვრა. ფელიტუსი ისევ შეფიქრიანებული დაიარებოდა.
_ ყვააა! ვააა! ლეონის მეფობის ხანა ნამდვილად არ იქნება ოქროსი! _ დაიყრანტალა ყვავმა _ ტყუილად ზეიმობთ, დამთხვეულებო, მიფრთხილდით!
ლეონი გაფითრდა.
_ ყვავის ყრანტალს მაინცდამაინც ნუ ირწმუნებ, ყველაფერი შენს ხელშია! _ მიმართა ფელიტუსმა.
_ ყველაფერი რომ მაგის ხელშია, სწორედ იმიტომ დაგადგებათ თავს გასაჭირი, სხვა მიზეზის გამო კი არა! _ გადაიხარხარა ყვავმა და გაფრინდა.
მეფეს ყვავის წამოძახილმა გუნება ვერ წაუხდინა, ლხინი გაგრძელდა...
IV
_ უჰ! კარგი სანადირო დილა გათენდა, არა, ფელიტუს? დღეს ჩემი პირველი ნადირობაა მეფის რანგში! წამომყვები? _ ხელმწიფეს ხმაზე ეტყობოდა, რომ კარგ ხასიათზე იყო.
_ წამოგყვები, აბა, რას ვიზამ! _ უპასუხა ფელიტუსმა _ მაგრამ დაღლილი არა ხარ?
_ ოდნავადაც არა! რა დამღლიდა ნეტავი?! _ აშკარა აღმაფრენით წარმოთქვა ლეონ IV-მ _ წამოდი, თუ მოდიხარ!
მეგობრები ტყეში ღრმად შევიდნენ. წყაროს რომ მიუახლოვდნენ, ლეონი მოულოდნელად ვიღაცას ჩაუსაფრდა ბუჩქებში. ფელიტუსმა მიიხედ-მოიხედა და პაწია გოგონა შენიშნა, რომელიც დოქს წყლით ავსებდა.
_ რა... რას აპირებ?!
_ შენი აზრით, რას უნდა ვაპირებდე, ფელიტუს?!
_ არ მესმის, რა გაჭირვებაა, მაგ ადამიანის ნაშიერს რომ დავაცხრეთ, ტყეში ბალახისმჭამელები გამოილია, თუ რა ხდება?!
_ მოგცლია, რა! მე ხომ უკვე მეფე ვარ, დაგავიწყდა?
_ ეგ იმას არ ნიშნავს, რომ ყველაფრის უფლება გაქვს!..
_ ფელიტუსმა სხვა რამის თქმა ვეღარ მოასწრო _ ლეონმა ერთი საზარლად დაიღრიალა და გოგონასკენ გაიწია. გოგონამ შეჰკივლა და თავი ხელებში ჩარგო. მის ყურს კვლავ ღრიალის ხმა მისწვდა, თავი ასწია, თვალწინ საოცარი სურათი გადაეშალა: მასა და მძვინვარე ლომს შორის ვეფხვი ჩამდგარიყო და თითქოს გოგონას იცავდა.
_ გზიდან ჩამომეცალე! _ კბილებში გამოსცრა ლეონმა.
_ არავითარრრრ შემთხვევაშშშიიი! _ უხეშად მიუგო ფელიტუსმა _ ამას ვერაფერს დაუშავებ, თუ მე არ მძლევ!
_ ნუ სულელობ! აბა, დაფიქრდი: ღირს კი ეგ პატარა ადამიანი იმად, რომ ჩვენ შორის მტრობა და შუღლი გამეფდეს?!
გოგონა გაიქცა. ლეონმა დადევნება დააპირა, მაგრამ ფელიტუსი კისერში ეცა. ხელმწიფემ გაშმაგებული ვეფხვი როგორღაც თავიდან მოიშორა და გაკვირვებით შეხედა:
_ ვეღარ გცნობ, რა გჭირს?!
ფელიტუსს პასუხი არ გაუცია, უხმოდ გაეცალა...
ლეონ IV-ის მწიგნობართუხუცესი და ამავე დროს მისი მემატიანე მგელი კალუპი თავის ჩანაწერებში აღნიშნავს, რომ `ამ შემთხვევის მერე მეფე და ფელიტუსი არა თუ ერთად არსად წასულან, არამედ ერთმანეთს საერთოდ ძლიერ იშვიათად ხვდებოდნენ. ხელმწიფე კი უფრო და უფრო ხშირად მიდიოდა ადამიანებზე სანადიროდ. შედეგად გაიზარდა ბრაკონიერთა რიცხვი.
ეს ბუნებრივიც გახლდათ _ ხალხს ეშინოდა მტაცებლების, ეშინოდა ისე, როგორც აქამდე არასოდეს შეშინებია და რასაკვირველია, მათ მსხვერპლად გახდომას მათი ამოჟლეტა ერჩივნა. გაჭირდა ცხოვრება. საოცარი კი ის იყო, რომ ლეონ IV, მიუხედავად ყველაფრისა, არ წყვეტდა კაცთა ხოცვას და ყველაზე მეტად ბავშვებს ეტანებოდა! ამგვარ უმოწყალო და უმსგავს საქციელს სხვა მტაცებლებიც დააჩვია, გარდა ვეფხვებისა.
ხელმწიფეს თან სდევდა ერთი უბედურება _ შვილი არა და არ უჩნდებოდა. ამის გამო დედოფალი ლეა გაღიმებული არავის უნახავს, მისი მწუხარების მიზეზი კი მთელმა ტყემ იცოდა.
დადგა მეფე ლეონის დაბადების დღეც. წესისამებრ ჯერ თითოეულმა ხელმწიფის გამოქვაბულში მყოფმა მიულოცა და ძღვენი მიართვა, შემდეგ კი ლეონ IV-მ აღმართა ღვინიანი სასმისი და წარმოთქვა:
_ უფალო, დიდება შენდა! გევედრები, შემიწყალე მე, მეფე ცხოველთა ლეონ IV და მომეცი ძე, ტახტის მემკვიდრე, მაგრამ
თუ ისე უნდა იყოს ყველაფერი, როგორც არის, მაშინ იყავნ ნება შენი! _ ამ სიტყვებით თასი გამოცალა. ირგვლივ კი ატყდა ერთი ამბავი:
_ რაოდენ ღვთისმოშიშია ჩვენი მეფე!
_ ნამდვილად, ნამდვილად! ღმერთმა შვილი არ მისცა და მაინც ბოლომდეა მინდობილი უფლის ნებას!
_ ჰოი, უგუნურნო! _ შესძახა უეცრად ფელიტუსმა.
ყველამ ხმა გაიკმინდა და მას შეხედა.
გაცხარებული ვეფხვი ღრმად სუნთქავდა და იმავე ტონით განაგრძობდა:
_ ვინ მოთვლის, რამდენი უმანკო ბავშვი მოკლა ამ ჯალათმა! რაღა გასაკვირია ამის მერე, რომ მას მემკვიდრე არ ჰყავს?! აღარაფერი დარჩენია თქვენს ძვირფას თუ ვირფას ხელმწიფეს იმის გარდა, რომ ღვთის ნებას მიენდოს და თქვენ, ცალტვინებო, ამ უკანასკნელ გამოსავალსაც გმირობად უთვლით?! ვაი, თქვე გონების თვალით ბრმანო!..
_ გა-გა-გაათრიეთ ეს ოხერი და მეფის მმაგინებელი აქედან! _ ერთბაშად იფეთქა ლეონმა _ რროგორ მიბედავს?!
იუბილარი ხელმწიფის ბრძანება უმალ ასრულდა. ამ დღის შემდგომ ლეონ IV-ს მოაკლდა ისეთი დიდებული პიროვნება, როგორიც იყო ვეფხვი ფელიტუსი. იგი სასახლეში აღარ გამოჩენილა.~
V
დადგა ზაფხული. ჩახჩახა მზე თავისი მცხუნვარებით ყოველ სულიერს წურწურით ოფლს ადენდა. ლეონ IV დიდრონი მუხის ჩრდილში წამოწოლილიყო და ისვენებდა. უცებ თავისდაუნებურად წამოიძახა:
_ ღმერთო, მომეცი ფრთები, რათა ჩემი ტყის ნაკლოვანებანი ზემოდან უკეთ დავინახოო!
_ შენ ჯერ თათების გამოყენება არ იცი, მეფეო! _ მოესმა ხიდან. ლეონმა აიხედა და ბულბული შენიშნა.
_ რას გულისხმობ? _ დაეკითხა ცივად.
პასუხად ფრინველმა გალობა წამოიწყო.
ხელმწიფეს ეცნო სიმღერა _ მთელ ტყეში განთქმულ `ტყის ბალადას~ გალობდა ბულბული:
`დედა ლომს ბოკვერს სტაცებს აფთარი _
საოცარი აქ არაფერია,
ლომი, რომელსაც შვენის ფაფარი
თავისი შვილების პირველი მტერია!
ჩვენ არ გვინდა მეფე მკვლელი,
უმწეოთა სისხლის მსმელი!
მაშინ ვინ გვყავდეს მეფედ,
ცხოველების ხელმწიფედ?
მგელი გახლავთ მშიერი,
მელა კიდევ _ ცბიერი,
კურდღელია მშიშარა,
აფთარი _ ვიგინდარა
და არც ერთი მათგანი
მეფედ არ ვარგა, არა!
აბა, ვინ იყოს მეფე,
ცხოველების ხელმწიფე:
ფოცხვერი მშვენიერი,
ჟირაფი ყელმზარდი,
თუ მარდი ლეოპარდი
მიმზიდველი იერით?
ვეფხვს ვინ შეედრება!
უნდა ვუძღვნათ ქება:
ვეფხვი პირნათლად სუფევს,
უთევს ღამეებს ჭალებს;
სისხლისფერ წუთისოფელს
ბედშავად გამოგასალმებს.
თვალებში უდგას ცეცხლი,
ვერ მოისყიდი ვერცხლით!
იშვიათად თუ ხდება
საჩვენებელი თითით
და უგვირგვინოდ კვდება,
ვით მეფე ჭეშმარიტი!
მე ხმატკბილი მგოსანი ვარ
ამ სიტყვების მთქმელი,
მუდამ პირველოსანი ვარ
ჩიტი მგალობელი!~
ლეონს გაახსენდა მამამისის ნათქვამი: "ტყის ბალადა" იმდენად მნიშვნელოვანი შედევრია, რომ ყოველი განათლებული მტაცებელი თუ ბალახისმჭამელი ვალდებულია, ზეპირად იცოდესო.
ბულბული გაფრინდა. ლეონ IV ისევ ფიქრს მიეცა: "მეშინია, არ დათვრე..." _ რატომღაც გონებაში ამოუტივტივდა ფელიტუსის ნათქვამი. მოშივდა კიდეც. თან ორი ლეოპარი გაიყოლია და სანადიროდ წავიდა.
უცაბედად სროლის ხმა გაისმა და მეფე ძირს დაეცა ღრიალით. შორიდან ადამიანების აღტაცებული შეძახილები მოისმა. ლეოპარდებმა სასწრაფოდ წააბრძანეს მძიმედ დაჭრილი ლეონი სასახლეში.
მკურნალმა ბუმ კარგა ხანს უტრიალა ხელმწიფეს, შემდეგ კალუპს მიუბრუნდა:
_ ჭრილობა საკმაოდ ღრმაა. მისი ბრწყინვალება ჯანმრთელი და ძლიერია, ახოვანი აღნაგობისაა, მაგრამ მაინც არა მგონია, გადარჩეს.
_ კალუპ, _ მიძინებული ხმით აღმოთქვა ლეონმა _ კალუპ, მოდი აქ!
მგელი მიუახლოვდა.
_ მე შვილი არ მყავს, ამიტომ მეფედ დასვამთ ფელიტუსს! _ ეს იყო ხელმწიფის უკანასკნელი სიტყვები.
ტყეში გლოვა გამოცხადდა, აიკრძალა ნებისმიერი სახის მხიარულება.