ამბავი დე ლა მელასი
ეს ამბავი ძალიან დიდი ხნის წინ მოხდა და აქედან ძალიან შორს. თქვენ რომ შეგძლებოდათ ნებიერად გეფრინათ უღრანი ტყის თავზე, როგორც, მაგალითად, ცნობისმოყვარეობით განთქმულ ყვანჩალა ზიტას, უთუოდ შენიშნავდით ტყის შუაგულში, მდელოზე აჩონჩხლილ პატარა ციხესიმაგრეს ქონგურებიანი გალავნით და ამ გალავანს გაყოლებული, წყლით ამოვსებული თხრილით.
უცნაური იყო ეს სათამაშოსმაგვარი ციხესიმაგრე და კიდევ უფრო უცნაური ის ამბავი, აქ რომ დატრიალდა. უცნაური იყო, რადგან ეს ციხე-დარბაზიცა და ეს გალავანიც თავის დროზე ტყის უჩინარ ბინადრებს _ პატარა, ჯადოქარ გნომებს აეშენებინათ იმდროინდელი რაინდების წაბაძვით; ერთხანს უცხოვრიათ კიდეც აქ, მაგრამ მერე ისევ ძველებური და თავისუფალი ცხოვრება მონატრებიათ და ტყეში დაბრუნებულან, ციხესიმაგრე კი აქაური ტყის მელათმთავრის _ დე ლა მელას მშობლებისათვის გადაუბარებიათ. გარიგების თანახმად, ციხის ახალი მეპატრონენი ყოველდღე მიაცუნცულებდნენ ქონდრისკაცებთან თავისი ღამეული ნადავლის მეოთხედს.
ასეთი იყო გარიგება წინაპართა შორის და მელაკუდები, თუმცაღა საკმაოდ ეშმაკები იყვნენ, ამ გარიგებას არ არღვევდნენ _ არც ჯადოქარი გნომების განაწყენება უნდოდათ და არც თავიანთი წინამძღოლისა, რომელსაც ციხე-დარბაზთან ერთად მელათა გრაფის წოდებაც მიეღო და ახლა ისე უფრთხილდებოდა ამ რაინდულ პატივს, როგორც თავის უგრძესსა და უფაფუკეს კუდს.
ადრე, როცა კუდგრძელები ჯერ კიდევ თავ-თავიანთ სოროებში ცხოვრობდნენ ტყეში, ნადავლის მეტ ნაწილს მგელი სევასტი ართმევდა.
სევასტის არნახული მადა ჰქონდა, მაგრამ სოფლის ძაღლების ეშინოდა და მარტო მელიები ჰყავდა დაჯაბნილი _ სადაც კი დაიგულებდა, პირიდანვე სტაცებდა ქათამს. რომელიმე მელათაგანი რომ გაქცეოდა კიდეც _ გაწბილებული სევასტი სოროს აუწიოკებდა. მომხდარა, რომ ლეკვებიც კი მოუტაცნია...
ისე იყო თუ ასე, მელათა მოდგმამ გნომებთან გარიგება არჩია. ახლა, ღამეული ნადირობის შემდეგ, მელაკუდები გარიჟრაჟზე, წინასწარ დათქმულ ადგილზე ხვდებოდნენ
ერთმანეთს და მამაცი დე ლა მელას წინამძღოლობით დარაზმულნი ამაყად შედიოდნენ თავიანთ ციხესიმაგრეში.
შიმშილით ჯანგატეხილი სევასტი კბილების კრაჭუნით უვლიდა გარშემო სამელიეთის გალავანს და დე ლა მელას მოდგმის აქ დასახლების დღეს წყევლიდა...
სამელიეთის გალავანს შიგნით კი ფრიად საინტერესო ამბები ხდებოდა. გნომებისგან გაგონილმა სარაინდო ისტორიებმა ისე გაიტაცეს დე ლა მელა, რომ იგი ახლა ძალას არ იშურებდა, რათა თავისი ცუღლუტი ქვეშევრდომებისათვის ნამდვილ საგრაფოებში მიღებული წეს-ჩვეულებები და სიტყვა-პასუხი შეეთვისებინა.
ამ წეს-ჩვეულებათაგან ზოგი ძალიან ლამაზი იყო, ზოგი _ მომაბეზრებელი, მაგრამ არცთუ უაზრო, ზოგიც _ უბრალოდ
სასაცილო... გრაფის ზურგს უკან თითქმის ყველა ქირქილებდა მის ახირებაზე, მაგრამ ამ თამაშს თავისი ხიბლიც ჰქონდა და მელაკუდები თანდათან მიეჩვივნენ ახლებურ ყოფას: ღამღამობით კვლავ დასუნსულებდნენ ნადავლის საშოვნელად, დღისით კი ისე დარბაისლურად დასეირნობდნენ დე ლა მელას სასახლის გარშემო, რომ ამის შემყურე ყვანჩალა ზიტას ეჭვიც კი ღრღნიდა _ ჩემს შემოსატყუებლად ხომ არ იდარბაისლებენ თავს ეს ეშმაკებიო?
მაგრამ ერთ მშვენიერ დღეს, უფრო სწორად კი _ საღამოს (ხოლო მშვენიერი იყო თუ არა _ ახლა ნახავთ), სამელიეთის გალავნის შიგნით ისეთი წრიალი ატყდა, რომ ცნობისმოყვარე ზიტამ ჩვეული სიფრთხილე დაივიწყა და ყველაფრის მკადრებელი იყო, შიმშილით მისუსტებული ბებერი მგელი ვერაფრით ამოგლეჯდა ძირფესვიანად ხეს და ხიდს ვერ ჩახერგავდა, ხოლო დათვი ბომბოკო ჯანზე კი იყო, მაგრამ მელიებთან გასაყოფი არაფერი ჰქონდა და, საერთოდ, არ ჰგავდა ამგვარი ვერაგობის ჩამდენს...
მელათმთავარმა კიდევ ერთხელ შეავლო თვალი კარისკაცებს და თავისთვის ჩაილაპარაკა:
_ ბრძენი სოფი თუ უშველიდა ახლა ჩვენს გაჭირვებას, მაგრამ ფრენა ჩვენ არ შეგვიძლია და, აბა, ხმას როგორ მივაწვდენთ?..
_ მე მოგიყვანთ სოფის! _ ისე უეცრად წამოიჩხავლა ზემოდან ზიტამ, რომ თვითონვე გაუკვირდა და თავი ფრთებში ჩამალა.
ბეწვბრწყინვალეთა საზოგადოებაში უეცარი სიჩუმე ჩამოვარდა. დე ლა მელა უძრავად იჯდა, თითქოს არც გაეგონა ზიტას წამოძახილი და მხოლოდ ცოტა ხნის შემდეგ რაღაც უნდობლად აიხედა იმ სარკმლისაკენ, სადაც ეგულებოდა სამელიეთის არამკითხე მხსნელი. ყვანჩალა უკვე გაფრენილიყო...
გათენებას ბევრი არ უკლდა და, ის-ის იყო, სუნსულიო-ცუნცულიო კვლავ კამათის წამოწყებას აპირებდნენ, როდესაც დარბაზში ბუ სოფი შემოფრინდა და დარბაისლურად დაეშვა დე ლა მელას ტახტის წინ.
სოფისა და დე ლა მელას მეგობრობას თავისი ისტორია ჰქონდა. ჯერ კიდევ სამელიეთის დაარსებამდე სოფის მამას შესცოდებია და შესაჭმელად არ გაუმეტებია დე ლა მელას პატარა და-ძმა.
რაღა თქმა უნდა, ამის შემდეგ სოფი და მისი წვრილშვილი დე ლა მელას მთელი მოდგმისათვის კბილშეუხებელნი გახდნენ. ეს მშვიდობიანი მეზობლობა ნელინელ მეგობრობაში გადაიზარდა: სოფი დროდადრო შემოიფრენდა ხოლმე დე ლა მელასთან _ ხან სევასტის ადგილსამყოფელს დაუზუსტებდა, ხან ახალდაჭერილ თაგვს მიართმევდა, ხან სასახლის ამბებზე წაეჭორავებოდა...
გონიერ სოფის დიდი ხანი არ დასჭირვებია, მდგომარეობაში რომ გარკვეულიყო. მან ყურადღებით მოუსმინა მელათმთავარს, თვინიერად დააცალა დე სუნსულიოსა და დე ცუნცულიოს დაესრულებინათ მორიგი პაექრობა, მერე მძიმედ აფრინდა და ტყისაკენ აიღო გეზი.
მთელი ამ ხნის განმავლობაში ზიტა კვლავინდებურად სარკმელში იყო შეყუჟული და კუდგრძელებს მისი არსებობა მაშინღა გაახსენდათ, როცა სოფის გააყოლეს თვალი და ბუს მიდევნებული ყვანჩალა დაინახეს.
სოფის ყვანჩალას დამგზავრება აშკარად აწყობდა. ინათებდა თუ არა, სულ უფრო და უფრო ცუდად ხედავდა და თუ სამელიეთში უკვე გათენებულზე მოუწევდათ მიბრუნება, ზიტას უნდა მიჰყოლოდა კუდში.
ბუმ გეზი პირდაპირ ბომბოკოს ბუნაგისაკენ აიღო. დე ლა მელასთან ლაპარაკის შემდეგ, ეჭვი მაინც ღრღნიდა _ ვაითუ დათვი რაიმემ გააცოფა ან ფუტკრებმა დაკბინეს და გონებადაბნელებულმა მელიებზე იყარა ჯავრიო...
ბომბოკო ბუნაგის წინ დაუხვდათ. მხარ-თეძოზე ისე არხეინად და მშვიდობისმოყვარედ წამოგორებულიყო, რომ სოფი ხმისამოუღებლად გადააფრინდა თავზე და კვლავ სამელიეთისაკენ გაეშურა. მხოლოდ ზიტამ წაიჩხავლა რაღაც მისალმებისდაგვარი და კუდი დაუქნია უცნაური წყვილის შემოფრენით ცოტა არ იყოს გაკვირვებულ დათვს.
გათენებულიყო და ახლა უკვე ზიტა მიფრინავდა წინ.
მიფრინავდა ნელა და აუჩქარებლად, მაგრამ დროდადრო მაინც უკან იყურებოდა _ სოფი ხომ არ ჩამორჩაო...
ის-ის იყო, ციხესიმაგრეში შეფრენას აპირებდნენ, რომ ზიტა მოცელილივით დაეშვა გალავნის ქონგურზე. სოფი უხმოდ გვერდზე მიუჯდა.
ცოტა ხანში, სული რომ მოითქვა, ზიტამ აკანკალებული ხმით ჰკითხა სოფის _ მდელოზე რამეს თუ ხედავო? სოფიმ უარის ნიშნად დიდი თავი გააქნია. ზიტამ რაღაც დაბნეულად მიმოიხედა გარშემო, მაგრად მოჭუტა თვალები და მერე ისევ თვალებდაჭყეტილი მიაშტერდა ციხესიმაგრის წინ გაშლილ მდელოს. არა, ნამდვილად არაფერი ეჩვენებოდა _ ზედ შუა მდელოზე უზარმაზარი გველეშაპი გაწოლილიყო... მერე სოფიმაც თითქოს გაარჩია რაღაც რუხი და უძრავი ბორცვი...
ზიტა შიშისაგან ადგილიდან ვერ იძვროდა. სოფის გულმა უკარნახა, რომ ახლა მხოლოდ მის საზრისიანობაზე იყო დამოკიდებული სამელიეთის ბედი და განწირულივით მოსწყდა გალავანს.
სუნთქვაშეკრული ზიტა ხედავდა, რა მძიმედ იქნევდა ფრთებს ბუ და რა ფრთხილად დაფრინდა რუხი მთის შორიახლოს. სოფი ცოტა ხანს შეყოვნდა.
ეტყობოდა, ძალას იკრეფდა, მაგრამ მერე მხნედ წაბაჯბაჯდა გველეშაპისაკენ და ზედ ცხვირწინ დაუსკუპდა.
გველეშაპი მოწკურული თვალებით ბუს მიაშტერდა _ ეს ვინღააო?
სოფი ცდილობდა, რაც შეიძლება ბოხი და სერიოზული ხმით ელაპარაკა და სიტყვა-პასუხიც განსაკუთრებით ზრდილობიანი ჰქონოდა _ რაც უნდა იყოს, ელჩობა ჰქონდა ნაკისრი.
_ პატივცემულო გველეშაპო, _ როგორც იქნა, ამოთქვა სოფიმ, _ მაპატიეთ, რომ სახელით ვერ მოგმართავთ.
_ მე კლარა მქვია, _ მოულოდნელად ნაზი და წკრიალა ხმით უპასუხა გველეშაპმა.
_ მადამ კლარა, _ კვლავ წამოიწყო სოფიმ, ცოტა არ იყოს, შეცბუნებულმა, მაგრამ ახლა უკვე თავისივე ხმით.
_ გაუთხოვარი გახლავართ, _ გააწყვეტინა სიტყვა კლარამ.
_ ოო, მომიტევეთ, მადმუაზელ, ეს ხომ ისედაც ჩანს... ასეთი ნაზი და მშვენიერი არსება... _ არ დაიბნა სოფი.
_ თქვენ ასე თვლით? _ იკითხა კლარამ აშკარად ნასიამოვნები კილოთი.
_ რაღა თქმა უნდა, ამას ხომ ბრმაც დაინახავს, _ თქვა სოფიმ და ინანა, _ ვაითუ კლარამ იცის, ბუები დღის სინათლეზე ცუდად რომ ხედავენო.
_ როგორ დაინახავს, თუ ბრმაა? _ სულ სხვანაირად შეატრიალა კითხვა კლარამ.
_ გამოთქმაა ამნაირი. მაგალითად, როდესაც ვამბობთ: გული გამისკდაო, _ მართლა ხომ არ გვისკდება გული, _ გაუჭირვებლად მოიხმო მაგალითი სოფიმ.
_ ჰოოო? _ გაიკვირვა კლარამ, _ თუმცა ყოველთვის მიჭირდა ამგვარ გამოთქმებში გარკვევა... მშობლებსაც იმიტომ გამოვექეცი...
_ რატომ გამოექეცით? _ ჩაეკითხა სოფი, რომელსაც კლარას გაჭირვებამ თავისი დამშეული ბარტყები გაახსენა.
_ ჩვენს გამოქვაბულში შემთხვევით კვერცხს დავაბიჯე ფეხი და დედ-მამამ სულ `მოსაკლავი~ მიძახეს. შემეშინდა და აქეთ გამოვიქეცი... უკვე რამდენი ხანია მას შემდეგ...
ესე იგი არ მომკლავდნენ? ეს მხოლოდ გამოთქმაა ამგვარი? აბა, თუ ბოროტები არ იყვნენ და ჩემი მოკვლა არ უნდოდათ, რატომ იძახდნენ: `ამ მოსაკლავმა ჩვენი უკანასკნელი იმედი დაამსხვრიაო?~ _ მე ხომ მხოლოდ კვერცხი შემომატყდა? _ თავისას არ იშლიდა კლარა.
სოფიმ მძიმედ ამოიოხრა და რაღაც უიმედოდ ახედა გველეშაპს.
_ როგორ ბრძანებთ, თქვენი მშობლები, ასეთი საპატივცემულო გველეშაპები, თავიანთ ქალიშვილს მოსაკლავად როგორ გაიმეტებდნენ... იმ კვერცხიდან, ალბათ, თქვენი ძმის ან დის გამოჩეკას ელოდნენ და იმიტომაც გაცეცხლდნენ.
_ არა, პირიდან ცეცხლს არ აფრქვევდნენ, _ დააზუსტა კლარამ, _ ცეცხლს რომ აფრქვევენ, ისინი ჩვენი შორეული ნათესავები არიან.
სოფი აღარ გამოედევნა კლარას ნათესაური კავშირების დადგენას და გველეშაპთან ლაპარაკის თავდაპირველი გეგმა გაიხსენა. ერთხანს ჩუმად იყო, მერე, ნელინელ, მოთქმით წამოიწყო:
_ სულ მარტოდმარტო დარჩენილი, თან ასეთი ლამაზი, ასეთი ახალგაზრდა... რა უსამართლობაა...
ბუმ უეცრად შეწყვიტა მოთქმა და რიხიანი კილოთი დაასკვნა:
_ თქვენ უნდა დაბრუნდეთ! დიახ, თქვენ აუცილებლად უნდა დაუბრუნდეთ მშობლიურ კერას!
_ რას დავუბრუნდე? _ კვლავ ვერ გაიგო კლარამ.
_ მშობლიურ გამოქვაბულს, _ განმარტა გველეშაპის მიუხვედრელობით გაბეზრებულმა ბუმ.
_ არასოდეს! მე მათთან საერთო აღარაფერი მაქვს და სულაც დამოუკიდებლად უნდა ვიცხოვრო. მე უკვე დიდი ვარ.
სოფიმ ერთი კი დააპირა შეპასუხება, _ პატარა ხარო, _ მაგრამ ამ ვეება მთას რომ ახედა, ენა არ მოუბრუნდა და უიმედოდ ჩაქინდრა თავი.
კლარა, პირიქით, გახალისდა, ლაპარაკის ხასიათზე დადგა და მეოცნებე ხმით განაგრძობდა:
_ დიახ, მე უკვე ზრდადასრულებული ქალიშვილი ვარ და დამოუკიდებლად უნდა ვიცხოვრო. სხვათა შორის, საკუთარ ბედზეც უნდა ვიფიქრო. ამიტომ, პირველ ყოვლისა, ოცდაათი მელია მჭირდება.
სოფიმ ყურები ცქვიტა.
"დაღუპულან", _ გაიფიქრა თავისთვის, მაგრამ შეეცადა მღელვარება არ დამჩნეოდა და კლარას განზრახ დამტკბარი ხმით ჰკითხა:
_ ასე მოგშივდათ, განა?
_ არა, სულაც არ მშია..
თუმცა ჰო, ჰო, ძალიანაც მშია და სანამ ის მელაკუდები ოცდაათ თავისიანს არ გაიმეტებენ, ციხიდან არ გამოვუშვებ!
სოფი შიშით აძაგძაგდა, მაგრამ უკან მაინც არ იხევდა და მელიების დასახსნელ გზას ეძებდა.
_ პატივცემულო კლარა, მელიების ნაცვლად, ვთქვათ, სამასი თაგვი რომ მოგვერთმია ან ქათმები... მერწმუნეთ, გაცილებით უფრო გემრიელია...
კლარა ჭირვეულად იმეორებდა თავისას:
_ არავითარი თაგვები და ქათმები! ოცდაათი მელა და მორჩა! მე არსად არ მეჩქარება, მაგათ იკითხონ.
მერე აძურწულ სოფის დახედა და დაამატა:
_ ოცდაათი მელა და თან ყველაზე ლამაზი. ყველაზე ლამაზი ყველაზე გემრიელიც იქნება. ხომ ასეა?!
ეს ბოლო სიტყვები იმგვარი შეუვალობით იყო ნათქვამი, რომ სოფიმ შეპასუხება ვეღარ გაბედა, შიშისაგან გაათკეცებული თავაზიანობით დაემშვიდობა გველეშაპს და ისე ნაბიჯ-ნაბიჯ დაიხია უკან, რომ თავის ბოლო დაქნევასთან ერთად აფრენილიყო კიდეც და გასცლოდა იქაურობას.
ყვანჩალა, რომელიც გალავნიდან თვალს ადევნებდა ამ წარუმატებელ ელჩობას, ჰაერში შეეგება გამობრუნებულ ბუს და სოფის საგრაფო დარბაზში შეფრენისთანავე, თავის ჩვეულ ადგილზე მოკალათდა სარკმელში.
სოფი ისე მოცელილივით დაეშვა დე ლა მელას ტახტის წინ და ისე უხერხულად ჭუტავდა თავის დიდრონ თვალებს, რომ ცხადი იყო _ სასიკეთოს ვერაფერს იტყოდა.
სიჩუმე ისევ დე ლა მელამ დაარღვია:
_ თქვი, ჩვენზე ფიქრით ძილგამკრთალო დაო, თქვი, რა ამბავი მოგიტანია?!
_ ოო, თქვენო კუდუბრწყინვალესობავ, ბუთა მოდგმის მფარველო და კეთილო მეგობარო! საზარელი ამბავი უნდა შეგატყობინოთ!
დარბაზს კუდების ცახცახმა დაუარა. უძრავად ისხდნენ მხოლოდ დე ლა მელა და მისი რამდენიმე ძველი თანამებრძოლი. მართალია, ამ უკანასკნელთ კუდები საერთოდ არ ჰქონდათ, თავის დროზე სევასტისა და სოფლის ძაღლებს მოეჭამათ, მაგრამ რომ ჰქონოდათ, ნამდვილად არ ააცახცახებდნენ.
_ გვაუწყე ჩვენი უბედურების ამბავი, ქალბატონო სოფი, ნუღარ აყოვნებ! _ კვლავ მიმართა დე ლა მელამ სტუმარს და თვალებმოჭუტულმა გადახედა დარბაზს.
სოფიმ ჯერ დინჯად და დაწვრილებით აღწერა გველეშაპის გარეგნობა და მათი საუბრის შინაარსი, ბოლოში კი წამოენთო და წამოიძახა:
_ გველეშაპი ღელავს! ოცდაათი მელა, თან ლამაზი ყველა, უნდა შესაჭმელად!
_ რა დროს ლექსებია, _ ჩაიქირქილა დე სუნსულიომ.
დე ცუნცულიომ შეპასუხება არ დააყოვნა:
_ დიდად სამწუხაროა, როდესაც ზოგიერთს არ ესმის, რომ ჭეშმარიტი პოეზიის ძალა სწორედ ასეთ წუთებში ვლინდება!
დარბაზში მოულოდნელი კისკისი გაისმა.
კუდმოჭმულებმა უკმაყოფილოდ გადახედეს შორეულ კუთხეში შეყუჟულ მბზინვარექურქიან ლამაზმანებს, დე ლა მელას ნება-სურვილის თანახმად, ფრეილინებად რომ იწოდებოდნენ. ფრეილინებმა დამნაშავედ დახარეს თავები, მაგრამ წამწამებქვეშიდან ისე ეშმაკურად აციმციმებდნენ თვალებს, რომ დე ლა მელასაც კი ულვაშებში ჩაეცინა _ ეჭვი არ ეპარებოდა, რომ ამ კუდფაფუკა ცუღლუტებმა სასახლის ყველა საიდუმლო იცოდნენ _ ისიც, თვითონ ჩუმ-ჩუმად ლექსებს რომ წერდა და ისიც, ვის უძღვნიდა ამ ლექსებს...
ამასობაში კუდების ცახცახიც შეწყდა და მელათმთავარი მიხვდა, რომ სწორედ ახლა უნდა გაეცა პასუხი სოფისათვის. _ მაშ, ოცდაათი მელა, თან ლამაზი ყველა, უნდა შესაჭმელად?! ვერ მივართმევთ, ვერა! _ ეს დაბოლოება ისეთი მჭექარე ხმით წარმოითქვა, რომ დარბაზმა ერთბაშად იქუხა.
ზიტა, რომელიც მოულოდნელობისაგან კინაღამ გადმოვარდა თავისი სარკმელიდან, ცალკეულ შეძახილებსღა არჩევდა: `გრაფს გაუმარჯოს! ვაშაა!~, `დე ლა მელა _ გაგვიძეხი ყველას!~, `ძირს მზაკვარი გველეშაპი!~ და ასე შემდეგ.
საომარი ყიჟინა რომ ჩაცხრა, დე ლა მელამ კილო იცვალა:
_ ღრმად პატივცემულო კუდგრძელებო და უკუდონო, ქალბატონო სოფი და თქვენც, ქალბატონო ზიტა, კარგად მოგეხსენებათ, რომ ჩვენს გასაჭირს ყვირილით არაფერი ეშველება. სჯობს, თითოეულმა ბრძენთაგანმა გამოთქვას თავ-თავისი აზრი.
დე სუნსულიომ გაბადრულმა გადახედა დარბაზს. ემჩნეოდა, რომ ხსნის გზა ნაპოვნი ჰქონდა. ეს გზა სევასტისაკენ მიდიოდა _ შევურიგდეთ და გვიშველისო.
დე ცუნცულიომ, რაღა თქმა უნდა, ბომბოკოსაკენ აიღო გეზი _ თუკი სამომავლოდ ბომბოკოს თაფლს შევპირდებით, ახლა გასაჭირისაგან გვიხსნისო...
კუდმოჭმულთა აზრი უკუდოთუხუცესმა მელენტიმ გამოთქვა: `ჩვენ, მისი კუდუბრწყინვალესობის ძველ თანამძრომელებს, თუმცაღა კუდები არ შეგვრჩა სევასტისთან და სოფლის მზაკვარ ძაღლებთან ორთაბრძოლაში, მაგრამ გულები, ზოგიერთებისაგან განსხვავებით, საგულესა გვაქვს, _ აქ მან ხმას აუწია, _ ამიტომაც ჩვენი საერთო გადაწყვეტილებაა _ ომი და მხოლოდ ომი!~
დე ლა მელამ რატომღაც სასახლის თავანს ახედა და მელენტის შემპარავი ხმით ჰკითხა, _ საომარი გეგმა თუ გაქვთო?
_ საომარი გეგმა ერთ კვირაში თქვენი კუდუბრწყინვალესობის წინ გაიშლება, _ გაიჯგიმა მელენტი და ღირსებით აღსავსე თავდახრით დაასრულა თავისი პატაკი.
მხოლოდ ბალახს... აი, აქ წერია, ამ ეტრატზე. ჩანახატიც არის...
დარბაზში ჩოჩქოლი ატყდა. მელკიბიადესს გარკვევით ესმოდა მისი მისამართით ნათქვამი: `გამოჩერჩეტებული ბებერი~, `კუდგაქუცული შარლატანი~, `არამკითხე ცრუმეცნიერი~...
იგი დაიბნა და აიძურწა, მაგრამ თავისას მაინც არ თმობდა: მე ყველა გველეშაპს როდი ვგულისხმობ, ქალბატონმა სოფიმ რომ აგვიწერა, მხოლოდ იმაზე ვამბობო, _ იმეორებდა. შემდეგ სოფის გრაგნილი გაუშალა წინ: ხომ ჰგავსო? _ ჩაეკითხა.
_ შეიძლება კიდევაც ჰგავს, _ ფრთები აიჩეჩა სოფიმ, _ მაგრამ დანამდვილებით მაინც ვერ გეტყვით, ხომ იცით, დღისით რა ცუდად ვხედავ.
გრაგნილმა მთელი დარბაზი შემოიარა. რაღა თქმა უნდა, უფროს-უმცროსობის დაცვით, მაგრამ ყველამ დაათვალიერა ეტრატი გველეშაპის სურათითა და მინაწერით.
ის-ის იყო, გრაგნილი კვლავ მელკიბიადესს უნდა დაჰბრუნებოდა, ზევიდან ჩხავილი გაისმა და სარკმელში ყვანჩალა ზიტა გამოჩნდა.
_ თქვენო კუდუბრწყინვალესობავ, _ ჩამოსძახა მან დე ლა მელას, _ მაპატიეთ, რომ დაუკითხავად ვერევი თქვენს საქმეებში, მაგრამ ქვის გული ხომ არა მაქვს? ვიდრე აქ ბჭობდით, მე გნომებთან გადაფრენა მოვასწარი და მათი პასუხიც მოგიტანეთ.
დე ლა მელამ ზიტას ახედა, მერე სოფიზე გადაიტანა მზერა და თითქოს მისგან რაღაც უხმო დასტური მიიღოო, ყვანჩალა დარბაზში შემოიპატიჟა:
_ ჩამოფრინდით, ქალბატონო ზიტა, აქ თქვენ კბილს არავინ გახლებთ. რაც უნდა მოშიებულნი ვიყოთ, თქვენგან ისე დავალებულნი ვართ, რომ...
_ ცუდი ამბავი რომ მოვიტანე, გრაფო?! _ ხმა ჩაუვარდა ზიტას, მაგრამ ტახტის წინ მაინც დაფრინდა.
შეხედეთ _ რა ახალგაზრდა და რა მშვენიერია. აბა, ვინ უნდა იოცნებოს სიყვარულზე, თუ არა მან და მისმა მეგობრებმა?!...
ჩვენ კი, უფროსმა თაობამ, კვლავ სახელმწიფო საქმეებზე ვიფიქროთ, _ სული მოითქვა დე ლა მელამ და დასტურისათვის, რატომღაც, სოფის მიუბრუნდა, _ ასე არაა, ქალბატონო სოფი?
სოფიმ ისედაც ფართოდ დაჭყეტილი თვალები კიდევ უფრო დაჭყიტა და საკმაოდ ხმამაღლა, დამარცვლით წარმოთქვა: _ მე ვფიქ-რობ, რომ მად-მუა-ზელ რე-ნა-ტა მარ-თალს ამ-ბობს!
დარბაზი გაისუსა მელათმთავრის გადამწყვეტი სიტყვის მოლოდინში და ის-ის იყო, დე ლა მელამ რაღაცის თქმა დააპირა, ზიტა აჩხავლდა:
_ ვიდრე რამეს გადაწყვეტდეთ, კუდფაფუკებო, უნდა გითხრათ, რომ ამას წინათ აქ ჩამოფრენილი იხვებისაგან გავიგონე _ ვიღაც ყმაწვილი გველეშაპი ცხოვრობს აქედან ერთი კვირის საფრენზე, სრუტის გადაღმა ნისლიანი კუნძული რომაა, იქო... ტბაში დავინახეთ, მარტოდმარტო ცურავდაო... უზარმაზარი და საშინელი შესახედავიაო...
_ ეგება გვეშველოს და ითხოვოს ეს ოჯახდაქცეული ყელსაბურავის გარეშე, _ აღმოხდა დე ლა მელას.
კარისკაცები ხმას არ იღებდნენ. სუნსულიო-ცუნცულიოს უკვე აღარ ახსოვდათ, თავდაპირველად რა აზრი გამოთქვეს და ახლა ენაზე დაეჭირათ კბილები. კუდმოჭმულები რიგრიგობით მომნუსხავად აშტერდებოდნენ რენატას, სოფისა და ზიტას. ვეტერანები დარწმუნებული იყვნენ, რომ გრაფი აშკარად ტყუვდებოდა და ახლა არ იცოდნენ, ღირდა კამათის თავიდან წამოწყება თუ არა.
მელაკუდებში გაშინაურებული ყვანჩალა კი არ ცხრებოდა და სხაპასხუპით გაიძახოდა: მე ზიტა არ ვიყო, თუ ხუთ დღეში სამახარობლო ამბავი არ ჩამოგიტანოთ! თქვენ ჯერ ნამდვილი ყვავი არ გინახავთო...
ზიტა კიდევ რაღაცის დაყოლებას აპირებდა, მაგრამ გრაფის გამომცდელ მზერას წააწყდა და უცებ დადუმდა.
კლარას ჯერ კიდევ ეძინა. ძილში კვნესოდა, ვიღაცას ეძახდა.
ეტყობოდა, რაღაც მძიმე სიზმარს ხედავდა. რომ გამოეღვიძა, უცებ ვერც კი გაერკვა, სად იყო და უაზროდ მიაჩერდა შიშით ერთმანეთზე მიკრულ ბუ-ყვავს. როგორც იქნა, კლარა მიხვდა, რომ ეს უცნაური, ოთხთვალა და ორნისკარტა არსება ორი ფრინველისაგან შედგებოდა და ამათგან ერთ-ერთს იცნობდა კიდეც.
_ ააა, თქვენა ხართ, _ უხალისოდ მიესალმა სოფის გველეშაპი და ისე გაიზმორა, რომ ზიტა წამსვე უკან გადახტა. ეს უცნაური უკან დახევა გველეშაპმა ყვავებში მიღებულ მისალმებად ჩათვალა და საპასუხოდ მძიმედ დაუკრა თავი. სოფი, რაღა თქმა უნდა, ყველაფერს მიხვდა და ზიტა გველეშაპს წარუდგინა.
_ მადმუაზელ კლარა, გთხოვთ იცნობდეთ ჩვენს ახლო მეგობარსა და შესანიშნავ ყვავს, ზიტას, _ მერე დაამატა, _ ახალგაზრდა დედაა. ქალბატონ კლარას, მე მგონი, წარდგენა არც კი სჭირდება...
_ მე თქვენ შორიდან გიცნობთ, უფრო სწორად, ზემოდან, _ სიტყვა შეანაცვლა ზიტამ, _ რომ იცოდეთ, როგორი სასიხარულო ამბავი ჩამოგიტანეთ!
კლარა გამოცოცხლდა: `რა ამბავი? საიდან? მე კი ისეთი ცუდი სიზმარი ვნახე~... აქ ისევ ბუ ჩაერია ლაპარაკში: `ცუდი სიზმარი თუ ნახეთ, ესე იგი ნამდვილად კარგ ამბავს შეიტყობთ!~
_ თქვენ რა, სიზმრების ამოცნობა იცით? _ ჩაეკითხა კლარა.
_ როგორ გითხრათ...
ძალზედ მიახლოებით...
_ მაინც, გეთაყვა, რას უნდა ნიშნავდეს... _ წამოიწყო კლარამ და უცებ ხმა ჩაუწყდა, უზარმაზარი თვალები ცრემლით აევსო, _ არა, ამ სიზმარს ვერ მოვყვები...
_ თქვენი ნებაა. ჩვენ კი მართლაც კარგი ამბები გვაქვს, _ გაამხნევა სოფიმ დადარდიანებული გველეშაპი.