ახვლედიანი ერლომ
გაზიარება

ვანო და ნიკო (I ნაწილი) 

მას შემდეგ, რაც ბაბუაჩემი აღარ არის, არავინ მიყვება ტკბილ ქართულ ზღაპრებს. ამიტომ მე, უკვე რამდენი წელია, ძილისწინა ოცნებითა და წარმოდგენებით ვინაზღაურებ ამ დანაკლისს. გავა დრო და დღისაგან გამოყოფილ ფიქრებში ჩამეძინება.

 

 ***

 ერთხელ გვიან დავბრუნდი შინ. ჩავწექი ჩემს საწოლში. ვერ იქნა და ვერ დავიძინე. იმდენად ძლიერი იყო სურვილი დაძინებისა, როცა ჩავთვლიმე, იმწამსვე გამომაღვიძა სიხარულმა, რომ ჩავთვლიმე. რა ხერხს არ მივმართე, რა ღონე არ ვიხმარე. ათჯერ დავითვალე ათასამდე. თვალიც დავხუჭე, ვითომ მძინავს-მეთქი, მაგრამ ვის ვატყუებდი, საკუთარ თავს?

 შემეშინდა, ვაითუ არასოდეს აღარ დამეძინოს-მეთქი.

 რაღა ბევრი გავაგრძელო, ძილზე ხელი ჩავიქნიე და თავი მივეც ოცნებას, მაგრამ ოცნებაც არანაკლებ ჯიუტი აღმოჩნდაარ იქნა და არ მეოცნებებოდა.

 მაშინ კი სასოწარკვეთაში ჩავვარდი. მან ხელგაშლილად მიმიღო. ვიჯექ სასოწარკვეთაში, როგორც მგლისათვის გათხრილ ბნელ ორმოში და ველოდებოდი მგელს. მგელი, სამწუხაროდ, სასოწარკვეთაში არ ჩამოვარდნილა და მე, ღამის სიჩუმეში მოწყენილს, კვლავ არ მეოცნებებოდა და კვლავ არ მეძინებოდა.

 უცებ ქუჩიდან გვიანი მგზავრის ნაბიჯის ხმა მომესმა ფილაქანზე. ჩაიარა ჩემი ფანჯრის წინ და სადღაც შორს მიილია.

 კვლავ სიჩუმე ჩამოვარდა. მხოლოდ გონებაში გრძელდებოდა ნაბიჯების ხმის რიტმი: მინდოდა დიდხანს მსმენოდა ეს ხმა, რათა სიჩუმიდან სულ უმნიშვნელო ხმაური გამომეტანა და როგორმე ამეწყო ჩემი ოცნება.

 კვლავ სიჩუმე ჩამოვარდა.

 შემდეგ შორიდან მატარებლის გაბმული კივილი გაისმა. წარმოვიდგინე მატარებელი, წარმოვიდგინე მისი ანთებული ფანჯრები ღამეში და თუნდაც ერთი მგზავრი, მდგარი ფანჯარასთან.

 აქ კი ნელ-ნელა ამოძრავდა ჩემი ფანტაზია. ნელ-ნელა დაიძრა იგი, ახმაურდა და აღარ მახსოვს, როგორ აღმოვჩნდი უცებ წარმოდგენების უზარმაზარი ტალღის წინაშე.

 უამრავი ადამიანია ქვეყნად! — წამოვიძახე გულში, თითქოს რაღაც ახალი აღმოვაჩინე, — რას აკეთებენ ახლა ისინი? ვინ იცის, რამდენს არ ეძინება ჩემსავით ახლა“.

 შემდეგ უფრო მხიარული აზრი მომივიდა: „რამდენი ამწუთას იცინის, კვდება სიცილით“, — და მეც ხმამაღლა გავიცინე.

 მაგრამ მე ისევ ბავშვი არ ვიყავი, რომ ჩემი წარმოდგენები მხოლოდ სიხარულის ხმებზე ამეწყო: „უამრავი ადამიანია ქვეყნად და ვინ იცის, რამდენს ჭმუნვა და დარდი შეჰპარვია ახლა გულში“. წამით შევჩერდი მათთან თანაგრძნობით თავდახრილი და შემდეგ კვლავ მივუშვი ჩემი ფერადი ეტლი. „უამრავი ადამიანია ქვეყნად“... და მე ამ ქროლვაში უხვად ვფლანგავდი ვარაუდებს: „ერთი იცინის, მეორე ტირის, მესამე მეოთხეს ესაუბრება, მეხუთე დგას, მეექვსე წევს, მეშვიდე ნახევრად წამოწოლილია, მერვე თავის ბაღში ყვავილებს რწყავს, მეცხრე ვარსკვლავებს ითვლის...“

 მიმაქროლებდა იმ ღამით ჩემი წარმოდგენების ეტლი და თვალწინ სულ ახალი და ახალი სურათები ჩნდებოდა.

 სადღაც ახლა საღამოა. მზე ჩადის ნელა. ვიღაც გასცქერის, თუ როგორ აქსოვს ჩამავალი მზე ცისკიდურს სევდასა და სიხარულს.

 სადღაც კი ამოდის იგივე მზე და ახალი იმედით ანთებს აღმოსავლეთს...“

 სულ ამიფორიაქდა გონება. ჩემს არსებაში რაღაც ძლიერმა განცდამ ჩაიბუდა. ჩემ წინაშე ამოძრავდა უცნაური და თვალუწვდენელი სურათი ცხოვრებისა, სადაც ადამიანებს უყვართ და სძულთ ერთმანეთი, ებრძვიან და უმეგობრდებიან ერთმანეთსმაღალ მთებში, თვალუწვდენელ ველებზე, მდინარის მყუდროდ ჩაბურულ ნაპირებთან, უზარმაზარ ხმაურა ქალაქებში.

 და ეს ხომ მხოლოდ ერთი წამიაასეთი მდიდარი, ასეთი უსასრულო! ეს ერთი წამია შეზავებული და შეფერილი ცრემლითა და ალერსით, დარდითა და სიხარულით, ვნებებითა და გულგრილობით, შეხვედრებითა და განშორებებით.

 ერთი წამია!

 დავიღალე თუ მივნებდი ჩემი წარმოდგენების ხილვას, თვალი დავხუჭე, დავხუჭე თვალი, რათა კიდევ უფრო თვალნათლივ დამენახა ყოველივე, რაც იყო ირგვლივ. მინდოდა, მკლავები შემომეხვია, მინდოდა, რამე ამეღო იმ სივრცეებიდან და ხელს ვიშვერდი წინ თოთო ბავშვივით.

 ...და როგორც მოვიდა, ისევ უცებ გაქრა ყველაფერი. მაგრამ იმდენად ძლიერი იყო სურვილი, გამომეტანა რამე იმ წარმოდგენებიდან, რომ, როცა თვალები გავახილე, დავინახე უცნაური სამყარო, როგორც საჩუქარი ჩემი იმღამინდელი ოცნებისა. ყველაფერი იყო ამ პატარა სამყაროში: იყო მთები, ველებიც იყო, მდინარეებიც, ცაც იყო და მიწაც, მზეც და მთვარეც, ვარსკვლავებიც.

 იყო ვანო და ნიკოც იყო.

 

 ***

 მას შემდეგ, რაც ბაბუაჩემი მოკვდა, არავინ აღარ მიყვება უჩვეულო ამბებს. ამიტომ ძილის წინ ოცნებებითა და წარმოდგენებით ვირთობ თავს. დრო მოვა და დღისაგან გამოყოფილ ფიქრებში ჩამეძინება. ჯერჯერობით კი ყოველღამე უცნაური სამყარო მიდგას თვალწინ, სადაც ვანო და ნიკო ხვდებიან და შორდებიან ერთმანეთს, ებრძვიან და უმეგობრდებიან ერთმანეთს, სადაც ტირიან და იცინიან ისინი.

 

 

 ერთხელ

 ერთხელ ვანო ჩვეულებრივზე გვიან ადგა. ჩვეულებრივზე ჩქარა ჩაიცვა ტანთ, ჩვეულებრივზე ჩქარა ისაუზმა, რათა თავის დროზე მისულიყო სამსახურში.

 ქუჩაში გავიდა თუ არა, შეხვდა ნიკო.

 გამარჯობა! — მიესალმა ნიკო.

 გაგიმარჯოს! — უპასუხა ვანომ და ჩვეულებრივზე ჩქარი ნაბიჯით ჩაუარა ნიკოს, რათა თავის დროზე მისულიყო სამსახურში.

 როდესაც ვანო სამსახურიდან შინ ბრუნდებოდა, შეხვდა ნიკო. ორივეს გაახსენდა, რომ დღეს დილას მიესალმნენ ერთმანეთს, და ნიკომ გაუღიმა ვანოს. ვანომ ღიმილითვე უპასუხა და ორივემ თავისი გზა განაგრძო.

 როდესაც ვანო შინ მივიდა, ნახა, რომ კარადაში პური არ იყო. პურის მაღაზიაში რომ მიდიოდა, შეხვდა ნიკო. ორივეს გაახსენდა, რომ დღეს დილას მიესალმნენ ერთმანეთს და ნიკომ მოიკითხა ვანო.

 ვანომ მოკითხვითვე უპასუხა და ორივენი თავისი გზით წავიდნენ.

 როდესაც ვანო პურის მაღაზიიდან ბრუნდებოდა, შეხვდა ნიკო. ორივეს გაახსენდა, რომ დღეს დილას მიესალმნენ ერთმანეთს, და ნიკომ ჰკითხა ვანოს:

 პური მიგვაქვს შინ?

 ჰო, — უპასუხა ვანომ და ორივემ თავისი გზა განაგრძო.

 როდესაც ვანომ ისადილა, გაახსენდა, რომ კბილი უნდა ამოეღო. შინიდან გავიდა თუ არა, შეხვდა ნიკო. ორივეს გაახსენდა, რომ დღეს დილას მიესალმნენ ერთმანეთს და ნიკომ თვალი აარიდა ვანოს. ვანომ თვალის არიდებითვე უპასუხა და ორივემ თავისი გზა განაგრძო.

 როდესაც ვანომ კბილი ამოიძრო და გაბრაზებული ბრუნდებოდა შინ, შეხვდა ნიკო. ორივეს გაახსენდა, რომ დღეს დილას მიესალმნენ ერთმანეთს, და ვანომ ბრაზით შეხედა ნიკოს. ნიკომ ბრაზითვე უპასუხა და ორივემ თავისი გზა განაგრძო.

 როდესაც ვანო შინ მივიდა, გაახსენდა, რომ ნოტარიუსთან უნდა მისულიყო, საქმე ჰქონდა. შინიდან გამოვიდა თუ არა, შეხვდა ნიკო. ორივეს გაახსენდა, დღეს დილას რომ მიესალმნენ ერთმანეთს, და ნიკომ შეუბღვირა ვანოს. ვანომაც შეუბღვირა და ორივენი თავისი გზით წავიდნენ.

 როდესაც ვანო ნოტარიუსთან მივიდა, საქმე ვერ გააკეთა და ლანძღვა-გინებით წამოვიდა შინ. გზაში ნიკო შეხვდა. ორივეს გაახსენდა, დღეს დილას რომ მიესალმნენ ერთმანეთს, და ვანომ გაარტყა ნიკოს, ნიკომ გარტყმითვე უპასუხა და ორივემ თავისი გზა განაგრძო.

 ორივე შინ მივიდა. ორივემ თითო-თითო ჭიქა გადაჰკრა. ორივე ტახტზე წამოწვა და ორივეს გაახსენდა, რომ დღეს დილას მიესალმნენ ერთმანეთს, და ორივე ქუჩაში გამოვიდა, რათა შეხვედროდნენ ერთმანეთს.

 ვანომ ეძება ნიკო და ბოლოს, როგორც იქნა, იპოვა.

 ნიკომაც ეძება ვანო და ბოლოს, როგორც იქნა, იპოვა.

 ღამე მშვიდობისა! — დაემშვიდობა ვანო ნიკოს.

 ღამე მშვიდობისა! — ნიკოც დაემშვიდობა ვანოს და ორივენი თავისი გზით წავიდნენ.

 იმ დღეს ვანო და ნიკო ერთმანეთს აღარ შეხვედრიან, მხოლოდ სიზმარში ორივემ ერთმანეთი თითოჯერ ნახა.

 

 

 ყველაფერი რიგზე იქნებოდა

 ნიკო ვანოს უხეშად ელაპარაკებოდა ხოლმე.

 ყველაფერი რიგზე იქნებოდა, ნიკო ვანოს უხეშად რომ არ ელაპარაკებოდეს, მაგრამ ყველაფერი რიგზე არ იყო, რადგან ნიკო ვანოს უხეშად ელაპარაკებოდა.

 მართალია, ვანო და ნიკო იშვიათად ხვდებოდნენ ერთმანეთს, მაგრამ როდესაც ისინი ერთმანეთს ხვდებოდნენ, ნიკო ვანოს უხეშად ელაპარაკებოდა.

 ვანოს ეს სწყინდა, ცდილობდა, კარგ ურთიერთობაში ყოფილიყო ნიკოსთან, მაგრამ ნიკო მაინც უხეშად ელაპარაკებოდა ვანოს.

 ვანოს ჰყავდა მოხუცი დედა. ვანოს დედა ავად იყო. ვანო უვლიდა დედას. მეზობლებმა იცოდნენ, რომ ვანოს დედა ავად იყო, და, როდესაც ვანო სამსახურში მიდიოდა, მეეზოვე ქალი მუდამ ეკითხებოდა ხოლმე:

 ვანო, დედა როგორ არის?

 ვანო ჯერ გაუღიმებდა და მიესალმებოდა მეეზოვე ქალს, ხოლო შემდეგ მოიწყენდა და უპასუხებდა:

 ავადაა, მოხუცდა დედა, — და კიდევ უფრო მოიწყენდა, რადგან გაახსენდებოდა, რომ ნიკო უხეშად ელაპარაკებოდა.

 როდესაც ვანო სამსახურიდან ბრუნდებოდა, სკამს

??????