ახვლედიანი ერლომ
გაზიარება

ვანო და ნიკო (I ნაწილი) 

მას შემდეგ, რაც ბაბუაჩემი აღარ არის, არავინ მიყვება ტკბილ ქართულ ზღაპრებს. ამიტომ მე, უკვე რამდენი წელია, ძილისწინა ოცნებითა და წარმოდგენებით ვინაზღაურებ ამ დანაკლისს. გავა დრო და დღისაგან გამოყოფილ ფიქრებში ჩამეძინება.

 

 ***

 ერთხელ გვიან დავბრუნდი შინ. ჩავწექი ჩემს საწოლში. ვერ იქნა და ვერ დავიძინე. იმდენად ძლიერი იყო სურვილი დაძინებისა, როცა ჩავთვლიმე, იმწამსვე გამომაღვიძა სიხარულმა, რომ ჩავთვლიმე. რა ხერხს არ მივმართე, რა ღონე არ ვიხმარე. ათჯერ დავითვალე ათასამდე. თვალიც დავხუჭე, ვითომ მძინავს-მეთქი, მაგრამ ვის ვატყუებდი, საკუთარ თავს?

 შემეშინდა, ვაითუ არასოდეს აღარ დამეძინოს-მეთქი.

 რაღა ბევრი გავაგრძელო, ძილზე ხელი ჩავიქნიე და თავი მივეც ოცნებას, მაგრამ ოცნებაც არანაკლებ ჯიუტი აღმოჩნდაარ იქნა და არ მეოცნებებოდა.

 მაშინ კი სასოწარკვეთაში ჩავვარდი. მან ხელგაშლილად მიმიღო. ვიჯექ სასოწარკვეთაში, როგორც მგლისათვის გათხრილ ბნელ ორმოში და ველოდებოდი მგელს. მგელი, სამწუხაროდ, სასოწარკვეთაში არ ჩამოვარდნილა და მე, ღამის სიჩუმეში მოწყენილს, კვლავ არ მეოცნებებოდა და კვლავ არ მეძინებოდა.

 უცებ ქუჩიდან გვიანი მგზავრის ნაბიჯის ხმა მომესმა ფილაქანზე. ჩაიარა ჩემი ფანჯრის წინ და სადღაც შორს მიილია.

 კვლავ სიჩუმე ჩამოვარდა. მხოლოდ გონებაში გრძელდებოდა ნაბიჯების ხმის რიტმი: მინდოდა დიდხანს მსმენოდა ეს ხმა, რათა სიჩუმიდან სულ უმნიშვნელო ხმაური გამომეტანა და როგორმე ამეწყო ჩემი ოცნება.

 კვლავ სიჩუმე ჩამოვარდა.

 შემდეგ შორიდან მატარებლის გაბმული კივილი გაისმა. წარმოვიდგინე მატარებელი, წარმოვიდგინე მისი ანთებული ფანჯრები ღამეში და თუნდაც ერთი მგზავრი, მდგარი ფანჯარასთან.

 აქ კი ნელ-ნელა ამოძრავდა ჩემი ფანტაზია. ნელ-ნელა დაიძრა იგი, ახმაურდა და აღარ მახსოვს, როგორ აღმოვჩნდი უცებ წარმოდგენების უზარმაზარი ტალღის წინაშე.

 უამრავი ადამიანია ქვეყნად! — წამოვიძახე გულში, თითქოს რაღაც ახალი აღმოვაჩინე, — რას აკეთებენ ახლა ისინი? ვინ იცის, რამდენს არ ეძინება ჩემსავით ახლა“.

 შემდეგ უფრო მხიარული აზრი მომივიდა: „რამდენი ამწუთას იცინის, კვდება სიცილით“, — და მეც ხმამაღლა გავიცინე.

 მაგრამ მე ისევ ბავშვი არ ვიყავი, რომ ჩემი წარმოდგენები მხოლოდ სიხარულის ხმებზე ამეწყო: „უამრავი ადამიანია ქვეყნად და ვინ იცის, რამდენს ჭმუნვა და დარდი შეჰპარვია ახლა გულში“. წამით შევჩერდი მათთან თანაგრძნობით თავდახრილი და შემდეგ კვლავ მივუშვი ჩემი ფერადი ეტლი. „უამრავი ადამიანია ქვეყნად“... და მე ამ ქროლვაში უხვად ვფლანგავდი ვარაუდებს: „ერთი იცინის, მეორე ტირის, მესამე მეოთხეს ესაუბრება, მეხუთე დგას, მეექვსე წევს, მეშვიდე ნახევრად წამოწოლილია, მერვე თავის ბაღში ყვავილებს რწყავს, მეცხრე ვარსკვლავებს ითვლის...“

 მიმაქროლებდა იმ ღამით ჩემი წარმოდგენების ეტლი და თვალწინ სულ ახალი და ახალი სურათები ჩნდებოდა.

 სადღაც ახლა საღამოა. მზე ჩადის ნელა. ვიღაც გასცქერის, თუ როგორ აქსოვს ჩამავალი მზე ცისკიდურს სევდასა და სიხარულს.

 სადღაც კი ამოდის იგივე მზე და ახალი იმედით ანთებს აღმოსავლეთს...“

 სულ ამიფორიაქდა გონება. ჩემს არსებაში რაღაც ძლიერმა განცდამ ჩაიბუდა. ჩემ წინაშე ამოძრავდა უცნაური და თვალუწვდენელი სურათი ცხოვრებისა, სადაც ადამიანებს უყვართ და სძულთ ერთმანეთი, ებრძვიან და უმეგობრდებიან ერთმანეთსმაღალ მთებში, თვალუწვდენელ ველებზე, მდინარის მყუდროდ ჩაბურულ ნაპირებთან, უზარმაზარ ხმაურა ქალაქებში.

 და ეს ხომ მხოლოდ ერთი წამიაასეთი მდიდარი, ასეთი უსასრულო! ეს ერთი წამია შეზავებული და შეფერილი ცრემლითა და ალერსით, დარდითა და სიხარულით, ვნებებითა და გულგრილობით, შეხვედრებითა და განშორებებით.

 ერთი წამია!

 დავიღალე თუ მივნებდი ჩემი წარმოდგენების ხილვას, თვალი დავხუჭე, დავხუჭე თვალი, რათა კიდევ უფრო თვალნათლივ დამენახა ყოველივე, რაც იყო ირგვლივ. მინდოდა, მკლავები შემომეხვია, მინდოდა, რამე ამეღო იმ სივრცეებიდან და ხელს ვიშვერდი წინ თოთო ბავშვივით.

 ...და როგორც მოვიდა, ისევ უცებ გაქრა ყველაფერი. მაგრამ იმდენად ძლიერი იყო სურვილი, გამომეტანა რამე იმ წარმოდგენებიდან, რომ, როცა თვალები გავახილე, დავინახე უცნაური სამყარო, როგორც საჩუქარი ჩემი იმღამინდელი ოცნებისა. ყველაფერი იყო ამ პატარა სამყაროში: იყო მთები, ველებიც იყო, მდინარეებიც, ცაც იყო და მიწაც, მზეც და მთვარეც, ვარსკვლავებიც.

 იყო ვანო და ნიკოც იყო.

 

 ***

 მას შემდეგ, რაც ბაბუაჩემი მოკვდა, არავინ აღარ მიყვება უჩვეულო ამბებს. ამიტომ ძილის წინ ოცნებებითა და წარმოდგენებით ვირთობ თავს. დრო მოვა და დღისაგან გამოყოფილ ფიქრებში ჩამეძინება. ჯერჯერობით კი ყოველღამე უცნაური სამყარო მიდგას თვალწინ, სადაც ვანო და ნიკო ხვდებიან და შორდებიან ერთმანეთს, ებრძვიან და უმეგობრდებიან ერთმანეთს, სადაც ტირიან და იცინიან ისინი.

 

 

 ერთხელ

 ერთხელ ვანო ჩვეულებრივზე გვიან ადგა. ჩვეულებრივზე ჩქარა ჩაიცვა ტანთ, ჩვეულებრივზე ჩქარა ისაუზმა, რათა თავის დროზე მისულიყო სამსახურში.

 ქუჩაში გავიდა თუ არა, შეხვდა ნიკო.

 გამარჯობა! — მიესალმა ნიკო.

 გაგიმარჯოს! — უპასუხა ვანომ და ჩვეულებრივზე ჩქარი ნაბიჯით ჩაუარა ნიკოს, რათა თავის დროზე მისულიყო სამსახურში.

 როდესაც ვანო სამსახურიდან შინ ბრუნდებოდა, შეხვდა ნიკო. ორივეს გაახსენდა, რომ დღეს დილას მიესალმნენ ერთმანეთს, და ნიკომ გაუღიმა ვანოს. ვანომ ღიმილითვე უპასუხა და ორივემ თავისი გზა განაგრძო.

 როდესაც ვანო შინ მივიდა, ნახა, რომ კარადაში პური არ იყო. პურის მაღაზიაში რომ მიდიოდა, შეხვდა ნიკო. ორივეს გაახსენდა, რომ დღეს დილას მიესალმნენ ერთმანეთს და ნიკომ მოიკითხა ვანო.

 ვანომ მოკითხვითვე უპასუხა და ორივენი თავისი გზით წავიდნენ.

 როდესაც ვანო პურის მაღაზიიდან ბრუნდებოდა, შეხვდა ნიკო. ორივეს გაახსენდა, რომ დღეს დილას მიესალმნენ ერთმანეთს, და ნიკომ ჰკითხა ვანოს:

 პური მიგვაქვს შინ?

 ჰო, — უპასუხა ვანომ და ორივემ თავისი გზა განაგრძო.

 როდესაც ვანომ ისადილა, გაახსენდა, რომ კბილი უნდა ამოეღო. შინიდან გავიდა თუ არა, შეხვდა ნიკო. ორივეს გაახსენდა, რომ დღეს დილას მიესალმნენ ერთმანეთს და ნიკომ თვალი აარიდა ვანოს. ვანომ თვალის არიდებითვე უპასუხა და ორივემ თავისი გზა განაგრძო.

 როდესაც ვანომ კბილი ამოიძრო და გაბრაზებული ბრუნდებოდა შინ, შეხვდა ნიკო. ორივეს გაახსენდა, რომ დღეს დილას მიესალმნენ ერთმანეთს, და ვანომ ბრაზით შეხედა ნიკოს. ნიკომ ბრაზითვე უპასუხა და ორივემ თავისი გზა განაგრძო.

 როდესაც ვანო შინ მივიდა, გაახსენდა, რომ ნოტარიუსთან უნდა მისულიყო, საქმე ჰქონდა. შინიდან გამოვიდა თუ არა, შეხვდა ნიკო. ორივეს გაახსენდა, დღეს დილას რომ მიესალმნენ ერთმანეთს, და ნიკომ შეუბღვირა ვანოს. ვანომაც შეუბღვირა და ორივენი თავისი გზით წავიდნენ.

 როდესაც ვანო ნოტარიუსთან მივიდა, საქმე ვერ გააკეთა და ლანძღვა-გინებით წამოვიდა შინ. გზაში ნიკო შეხვდა. ორივეს გაახსენდა, დღეს დილას რომ მიესალმნენ ერთმანეთს, და ვანომ გაარტყა ნიკოს, ნიკომ გარტყმითვე უპასუხა და ორივემ თავისი გზა განაგრძო.

 ორივე შინ მივიდა. ორივემ თითო-თითო ჭიქა გადაჰკრა. ორივე ტახტზე წამოწვა და ორივეს გაახსენდა, რომ დღეს დილას მიესალმნენ ერთმანეთს, და ორივე ქუჩაში გამოვიდა, რათა შეხვედროდნენ ერთმანეთს.

 ვანომ ეძება ნიკო და ბოლოს, როგორც იქნა, იპოვა.

 ნიკომაც ეძება ვანო და ბოლოს, როგორც იქნა, იპოვა.

 ღამე მშვიდობისა! — დაემშვიდობა ვანო ნიკოს.

 ღამე მშვიდობისა! — ნიკოც დაემშვიდობა ვანოს და ორივენი თავისი გზით წავიდნენ.

 იმ დღეს ვანო და ნიკო ერთმანეთს აღარ შეხვედრიან, მხოლოდ სიზმარში ორივემ ერთმანეთი თითოჯერ ნახა.

 

 

 ყველაფერი რიგზე იქნებოდა

 ნიკო ვანოს უხეშად ელაპარაკებოდა ხოლმე.

 ყველაფერი რიგზე იქნებოდა, ნიკო ვანოს უხეშად რომ არ ელაპარაკებოდეს, მაგრამ ყველაფერი რიგზე არ იყო, რადგან ნიკო ვანოს უხეშად ელაპარაკებოდა.

 მართალია, ვანო და ნიკო იშვიათად ხვდებოდნენ ერთმანეთს, მაგრამ როდესაც ისინი ერთმანეთს ხვდებოდნენ, ნიკო ვანოს უხეშად ელაპარაკებოდა.

 ვანოს ეს სწყინდა, ცდილობდა, კარგ ურთიერთობაში ყოფილიყო ნიკოსთან, მაგრამ ნიკო მაინც უხეშად ელაპარაკებოდა ვანოს.

 ვანოს ჰყავდა მოხუცი დედა. ვანოს დედა ავად იყო. ვანო უვლიდა დედას. მეზობლებმა იცოდნენ, რომ ვანოს დედა ავად იყო, და, როდესაც ვანო სამსახურში მიდიოდა, მეეზოვე ქალი მუდამ ეკითხებოდა ხოლმე:

 ვანო, დედა როგორ არის?

 ვანო ჯერ გაუღიმებდა და მიესალმებოდა მეეზოვე ქალს, ხოლო შემდეგ მოიწყენდა და უპასუხებდა:

 ავადაა, მოხუცდა დედა, — და კიდევ უფრო მოიწყენდა, რადგან გაახსენდებოდა, რომ ნიკო უხეშად ელაპარაკებოდა.

 როდესაც ვანო სამსახურიდან ბრუნდებოდა, სკამს დედის საწოლთან მიდგამდა. ავადმყოფს აჭმევდა, ასმევდა, მოეფერებოდა და დააძინებდა, თვითონ კი დიდხანს იჯდა და ოცნებობდა: რა იქნება, მოვიდეს ნიკო და მითხრას, დღეის შემდეგ უხეშად აღარ დაგელაპარაკებიო, მაშინ ხომ ყველაფერი რიგზე იქნება...

 გავიდა ხანი.

 ერთ დღეს მეეზოვე ქალმა დედის სიკვდილი მიუსამძიმრა ვანოს.

 ვანომ ნაღვლიანად გაუღიმა მეეზოვე ქალს და გზა განაგრძო. ვანო მიდიოდა და ფიქრობდა: „მოხუცდა და მოკვდა საცოდავი დედა“... მერე სახე მოეღრუბლა, რადგან გაახსენდა, რომ ნიკო უხეშად ელაპარაკებოდა.

 ვანოსთან ერთად მსახურობდა ერთი ქალი. ვანოს მოეწონა ის ქალი და მერე ძალიან შეუყვარდა. ქალსაც შეუყვარდა ვანო.

 ვანო ბედნიერი იყო, მაგრამ... „მივალ და ვეტყვი ნიკოს, ნუ დამელაპარაკება უხეშად, მაშინ ხომ ყველაფერი რიგზე იქნება“... ფიქრობდა ვანო და მიდიოდა იმ ქალთან შესახვედრად.

 ერთ დღეს ვანომ გაიგო, რომ ის ქალი, რომელიც მას უყვარდა, სხვას გაჰყვა ცოლად. ვანოს ძალზე დაწყდა გული — „ალბათ არ ვუყვარდი, ალბათ სხვა მოეწონა, — ფიქრობდა ვანო, — დღეის შემდეგ მაინც ნუ დამელაპარაკება უხეშად ნიკო“.

 მაგრამ ნიკო ვანოს უხეშად ელაპარაკებოდა.

 ყველაფერი რიგზე იქნებოდა, ნიკო უხეშად რომ არ ელაპარაკებოდეს ვანოს, მაგრამ ყველაფერი რიგზე არ იყო, რადგან ნიკო ვანოს უხეშად ელაპარაკებოდა...

 

 

 

 

 ვანო და ნიკო და სიცილი

 ერთხელ ნიკო იჯდა და იცინოდა. იცინოდა ნიკო და იცინოდა.

 იცინოდა ნიკო უზმოზე. იცინოდა ნიკო შუადღეზე. საღამოსაც იცინოდა ნიკო. ღამით ხომ სულ კვდებოდა სიცილით.

 ვანო უცქერდა და უკვირდა. ნიკო იცინოდა.

 ვანო უცქერდა და აღარ უკვირდა. ნიკო მაინც იცინოდა.

 ვანომ ირგვლივ მიმოიხედა და გაიფიქრა: „რა აცინებს ნიკოს?“

 ნიკო, ეს არის მაგიდა.

 ნიკო იცინოდა.

 ვანოს გაუხარდა, რომ ნიკოს მაგიდა აცინებდა და მაგიდა გარეთ გაიტანა.

 ნიკო მაინც იცინოდა.

 ნიკო, ეს არის კარადა.

 ნიკო იცინოდა.

 ვანოს გაუხარდა, რომ ნიკოს კარადა აცინებდა და კარადა გარეთ გაიტანა.

 ნიკო მაინც იცინოდა.

 ნიკო, ეს არის საწოლი.

 ნიკო იცინოდა.

 ვანოს გაუხარდა, რომ ნიკოს საწოლი აცინებდა და საწოლი გარეთ გაიტანა.

 ნიკო მაინც იცინოდა.

 ნიკო, ეს არის ცარიელი ოთახი, — და ვანომ ნიკოს ცარიელი ოთახი აჩვენა.

 ნიკო იცინოდა.

 ვანომ ცარიელი ოთახი გარეთ გაიტანა.

 ნიკო კინაღამ მოკვდა სიცილით.

 გაბრაზდა ვანო. გავარდა გარეთ, მუხლებზე დაეცა და თქვა:

 ნიკო! ეს არის მზე, ეს ჩრდილებია.

 ნიკოს უნდოდა გაეცინა.

 ნიკო! ეს არის საღამო, ეს ღრუბლებია.

 ნიკოს უნდოდა გაეცინა.

 ნიკო! ეს არის ცა, ეს ვარსკვლავებია.

 ნიკოს უნდოდა გაეცინა.

 ნიკო! ეს არის დარდი, ეს ცრემლებია.

 ნიკოს უნდოდა გაეცინა.

 ეს არის სიცოცხლე, ხოლო ესბედნიერება, ნიკო!

 ნიკოს უნდოდა გაეცინა, მაგრამ მწარედ ატირდა.

 იმ დღის შემდეგ ნიკო ხან იცინოდა და ხან ტიროდა.

 

 

 ვანო და ნიკო და ასანთი

 ვანო უცქერდა ქალს.

 რატომ მიცქერ, მოგეწონე?

 ვანო უცქერდა ქალს.

 რატომ მიცქერ, არ მოგეწონე?

 ვანო უცქერდა ქალს.

 რატომ მიცქერ... ნუ მიცქერ.

 ვანო აღარ უცქერდა ქალს.

 ვანომ პაპიროსი ამოიღო და შემდეგ დიდხანს ეძება ასანთი ჯიბეებში.

 რას ეძებ?

 ვანო აღარ უცქერდა ქალს. ვანო ასანთს ეძებდა.

 ასანთს?.. აგერ ასანთი, — და ქალმა მიწიდან გამტვერილი ასანთი აიღო და ვანოს გაუწოდა.

 ვანომ გაიღიმა.

 რატომ იღიმები?

 ვანო აღარ იღიმებოდა. ვანომ გამოართვა ასანთი, კოლოფიდან ერთი ღერი ამოიღო და გაჰკრა, მაგრამ ქარმა ჩააქრო.

 ვანომ დამწვარი ღერი კვლავ კოლოფში ჩააბრუნა.

 გაჰკრა მეორე ღერი და ისიც ქარმა ჩააქრო.

 ვანომ დამწვარი ღერი ისევ კოლოფში ჩააბრუნა.

 გაჰკრა მესამე ღერი და ქარმა ის არ ჩააქრო, ვანომ პაპიროსს მოუკიდა და ასანთი ქალს გაუწოდა.

 გქონდეს სახსოვრად, — უთხრა ქალმა, — რატომ მიცქერ, შეგიყვარდი?

 ვანომ ასანთი გულის ჯიბეში ჩაიდო.

 ვანო და ნიკო მეგობრები იყვნენ.

 ვანოს ნიკო ისევე უყვარდა, როგორც ნიკოსვანო. ვანოს ის ქალიც უყვარდა, რომელსაც უცქირა, უცქირა და მერე ძალიან შეუყვარდა და რომელმაც მას ასანთი უსახსოვრა...

 მაგრამ ერთ დღეს ნიკოს ვანოს შეყვარებული შეუყვარდა...

 ვანო და ნიკო მეგობრები იყვნენ.

 მეორე დღეს ნიკო მივიდა ვანოსთან და სანთელი სთხოვა.

 ვანოს მხოლოდ ერთი სანთელი ჰქონდა, მაგრამ, აბა, რა უნდა ექნა ვანოს, აიღო და მისცა სანთელი ნიკოს...

 კიდევ კარგი, ასანთი არ სთხოვა ნიკომ...

 ნიკო წავიდა და სანთელი აანთო და წერილი მისწერა იმ ქალს.

 ვანო და ნიკო მეგობრები იყვნენ.

 მესამე დღეს ნიკო მივიდა ვანოსთან და ქუდი სთხოვა.

 ვანოს მხოლოდ ერთი ქუდი ჰქონდა, მაგრამ, აბა, რა უნდა ექნა ვანოს, აიღო და მისცა ქუდი ნიკოს...

 კიდევ კარგი, ასანთი არ სთხოვა ნიკომ...

 ნიკო წავიდა, ქუდი დაიხურა და პაემანზე შეხვდა იმ ქალს...

 ვანო და ნიკო მეგობრები იყვნენ.

 ნიკოს ძალიან შეუყვარდა ის ქალი, მაგრამ კიდევ უფრო უნდოდა შეჰყვარებოდა. მეოთხე დღეს ნიკო მივიდა ვანოსთან და იმ ქალისადმი სიყვარული სთხოვა ვანოს. ვანოს ერთი სიყვარული ჰქონდა იმ ქალისადმი, მაგრამ, აბა, რა უნდა ექნა ვანოს, აიღო და მისცა იმ ქალისადმი სიყვარული ნიკოს...

 კიდევ კარგი, ასანთი არ სთხოვა ნიკომ.

 ნიკო წავიდა და კიდევ უფრო შეუყვარდა ის ქალი.

 ვანო და ნიკო მეგობრები იყვნენ.

 როდესაც კიდევ უფრო ძლიერ შეუყვარდა ის ქალი ნიკოს, უნდოდა, დიდხანს გაგრძელებულიყო ეს სიყვარული და მეხუთე დღეს ნიკო მივიდა ვანოსთან და სიცოცხლე სთხოვა ვანოს. ვანოს მხოლოდ ერთი სიცოცხლე ჰქონდა. მაგრამ, აბა, რა უნდა ექნა ვანოს, აიღო და მისცა სიცოცხლე ნიკოს...

 კიდევ კარგი, ასანთი არ სთხოვა ნიკომ.

 ნიკო წავიდა და იმ ქალს გაუყო ვანოს სიცოცხლე და ისინი დიდხანს ცოცხლობდნენ...

 ვანო და ნიკო მეგობრები იყვნენ...

 მეგობრები იყვნენ ვანო და ნიკო და მეექვსე დღეს ნიკო მივიდა ვანოსთან და ერთგულება სთხოვა მეგობარს. აბა, რა უნდა ექნა მეგობარს, აიღო და მისცა ერთგულება მეგობარს!..

 კიდევ კარგი, ასანთი არ სთხოვა მეგობარმა...

 ვანოს აღარ უყვარდა ის ქალი, რადგან აღარ ჰქონდა იმ ქალის სიყვარული. ქალსაც აღარ უყვარდა ვანო, რადგან ვანოს აღარ ჰქონდა არც სანთელი, არც ქუდი, არც მისი სიყვარული, არც სიცოცხლე და არც ერთგულება. იმ ქალს ნიკო უყვარდა...

 მეშვიდე დღეს ნიკო და ვანო ქუჩაში იდგნენ. ნიკომ აიღო პაპიროსი და დიდხანს ეძება ჯიბეებში ასანთი.

 რას ეძებ? — ჰკითხა ვანომ.

 ნიკო ასანთს ეძებდა.

 ასანთს ხომ არ ეძებ? — შიშით ჰკითხა ვანომ.

 ნიკო ასანთს ეძებდა.

 ვანომ გულის ჯიბეზე მიიდო ხელი და გაახსენდა:

 „— რატომ მიცქერ, მოგეწონე?..

 რატომ მიცქერ, არ მოგეწონე?..

 რატომ მიცქერ... ნუ მიცქერ...

 რას ეძებ?

 ასანთს?.. აგერ, ასანთი...

 რატომ იღიმები?..

 გქონდეს სახსოვრად...“

 ნიკო ასანთს ეძებდა.

 ნიკო, მე მაქვს ასანთი და, გთხოვ, ნუ მთხოვ, თორემ მოგცემ... ის სახსოვარია...

 ნიკო წავიდა და სხვას სთხოვა ასანთი.

 ნიკო და ვანო მეგობრები იყვნენ.

 

 

 ვანო და ნიკო და ვალი

 ერთხელ ვანო ნიკოზე ოცი წლით უფროსი იყო...

 ნიკოს ვანოს ვალი ჰქონდა, მაგრამ ნიკო ვანოს სულ ატყუებდა: დღეს ეუბნებოდა, ხვალ მოდიო, ხვალ ეუბნებოდა, ხვალ მოდიო და ყოველდღე ეუბნებოდა, ხვალ მოდიო.

 ვანოს სწყინდა, ნიკო რომ ატყუებდა, და ფიქრობდა: „თუ შეუძლია გადამიხადოსგადამიხადოს, თუ არ შეუძლია გადამიხადოს, რატომ მატყუებს? პირდაპირ მითხრას და გათავდება“.

 მაგრამ ნიკო პირდაპირ არ ეუბნებოდა და თუ ეუბნებოდა, ეუბნებოდა, ხვალ მოდიო.

 თუ ხვალაც მითხრა, ხვალ მოდიო, ავდგები და წყენით შევხედავ. მაშინ ხომ მიხვდება, რომ მწყინს, რომ მატყუებს“.

 მეორე დღეს ვანო მივიდა ნიკოსთან.

 გამარჯობა! — მიესალმა ნიკო.

 გაგიმარჯოს! — უპასუხა ვანომ.

 რისთვის მოსულხარ? — ჰკითხა ნიკომ.

 შენ ჩემი ვალი გმართებს, — უპასუხა ვანომ.

 ხვალ მოდი, — თქვა ნიკომ.

 ვანო წამოდგა, წყენით ვერ შეხედა ნიკოს და წამოვიდა.

 ხვალაც მივალ, — ფიქრობდა ვანო, — ხვალაც მივალ და, თუ ხვალაც მითხრა, ხვალ მოდიო, ავდგები და ვეტყვი, რომ მატყუებს. მაშინ ხომ მიხვდება, რომ ვხვდები, რომ მატყუებს?“

 მეორე დღეს ვანო მივიდა ნიკოსთან.

 გამარჯობა! — მიესალმა ნიკო.

 გაგიმარჯოს! — უპასუხა ვანომ.

 რისთვის მოსულხარ? — ჰკითხა ნიკომ.

 შენ ჩემი ვალი გმართებს, — უპასუხა ვანომ.

 ხვალ მოდი, — თქვა ნიკომ.

 ვანო წამოდგა და ვერ უთხრა ნიკოს:

 ნიკო, მე ვხვდები, რომ მატყუებ“, — და წამოვიდა.

 ოცი წლით უფროსია ჩემზე ნიკო, — ფიქრობდა ვანო, — მე რომ ნიკოზე ოცი წლით უფროსი ვიყო, აუცილებლად გადავუხდიდი ვალს. თუ ხვალაც მითხრა, ხვალ მოდიო, ვეტყვი, რომ უპიროა და არ ეკადრება. ნეტა ნიკო არ იყოს ჩემზე ოცი წლით უფროსი“.

 მეორე დღეს ვანო მივიდა ნიკოსთან.

 გამარჯობა! — მიესალმა ნიკო

 გაგიმარჯოს! — უპასუხა ვანომ.

 რისთვის მოსულხარ? — ჰკითხა ნიკომ.

 შენ ჩემი ვალი გმართებს, — უპასუხა ვანომ.

 ხვალ მოდი, — თქვა ნიკომ.

 ვანო წამოდგა და ვერ უთხრა ნიკოს:

 ნიკო! შენ უპირო ხარ, არ გეკადრება... ოცი წლით ხარ ჩემზე უფროსი“, — და წამოვიდა.

 უჰ, თუ ხვალაც მითხრა, ხვალ მოდიო, — ფიქრობდა ვანო, — ავდგები და კარგად გამოვლანძღავ, ვეტყვიშე ასეთო და ისეთოო... უჰ, რად არა ვარ ნიკოზე ოცი წლით უფროსი!“

 მეორე დღეს ვანო მივიდა ნიკოსთან.

 გამარჯობა! — მიესალმა ნიკო.

 გაგიმარჯოს! — უპასუხა ვანომ.

 რამ მოგიყვანა? — ჰკითხა ნიკომ.

 შენ ჩემი ვალი გმართებს, — უპასუხა ვანომ.

 ხვალ მოდი! — თქვა ნიკომ.

 ვანო წამოდგა და ვერ უთხრა ნიკოს:

 ხვალ მოვიდე?.. ნეტა შენზე ოცი წლით უფროსი ვიყო... შე ასეთო და ისეთო... უჰ!“ — და წამოვიდა.

 მეტი აღარ შემიძლია, — ფიქრობდა ვანო, — მეტი აღარ შემიძლია, ხვალაც მივალ, ხვალაც მივალ და თუ ხვალაც მითხრა, ხვალ მოდიო, ქვა მექნება ჯიბეში ხვალ და თუ მითხრა, ხვალ მოდიო, ვეტყვი, ამ ქვას თავში დაგარტყამ-მეთქი და თუ გაიქცა, გამოვეკიდები... მაგრამ ვეცდები, არ დავეწიო, ვეცდები, არ მოვარტყა...“

 მეორე დღეს ვანო მივიდა ნიკოსთან.

 გამარჯობა! — მიესალმა ნიკო.

 ვანომ არაფერი უპასუხა.

 რამ მოგიყვანა?

 ვალი!

 ხვალ...

 ვანო წამოდგა და ვერ უთხრა ნიკოს:

 ხვალაო?!. გაიქეცი! ქვა მოვიდა თავში! გაიქეცი!.. ვეცდები, არ დაგეწიო... ვეცდები, არ მოგარტყა... გაიქეცი! ჩქარა!“

 ნიკო არ გაიქცა. ვანო არ გამოეკიდა და არ დაეწია. არც ესროლა და არც ააცილა. ვერც გასძახა ნიკოს:

 ხვალ არ მოვალ, მოვალ ზეგ და თუ ჩემი ვალი არ დამიბრუნე, დაგეწევი. ტყუილად კი არ ვარ შენზე ოცი წლით უმცროსი?!“ — და წამოვიდა.

 მეორე დღეს ვანო არ მივიდა ნიკოსთან და მთელი დღე დიდ ქვას არჩევდა მისთვის.

 მესამე დღეს ვანო მივიდა ნიკოსთან.

 გამარჯობა! — მიესალმა ნიკო.

 გაგიმარჯოს! — უპასუხა ვანომ.

 რისთვის მოსულხარ? — ჰკითხა ნიკომ.

 შენ ჩემი ვალი გმართებს, — უპასუხა ვანომ.

 ხვალ...

 რაო?!

 ხვალ...

 რაო?!

 ხვალ ნუ მოხვალ... დღეს მოგცემ შენს ვალს.

 ნიკო, მაპატიე, რომ შეგაწუხე... შენ ხომ ჩემზე ოცი წლით უფროსი ხარ...

 ნიკომ ვანოს ვალი დაუბრუნა.

 

 

 ბრიყვი ვანო და ჭკვიანი ნიკო

 ერთხელ ასე თქვეს: ვანო ბრიყვია, ხოლო ნიკო არ არის ბრიყვიო.

 რა ვქნაბრიყვი ვარ“, ფიქრობდა ვანო და მაინც ბრიყვი იყო.

 ჭკვიანი ვარ!“ — უხაროდა ნიკოს.

 ეჰ, — ეუბნებოდა ნიკო ვანოს, — ერთხელ დაიბადე და ისიც ბრიყვი.

 აბა, — მიუგებდა ვანო, — ერთხელ დავიბადე და ისიც ბრიყვი. შენ კი ყოჩაღ, ბრიყვი რომ არ ხარ და ჭკვიანი ხარ.

 წუხდა ვანო, ბრიყვი რომ იყო.

 უხაროდა ნიკოს, რადგან ჭკვიანი იყო.

 ვანო შინიდან გადიოდა და მაინც ბრიყვი იყო.

 ნიკო შინიდან არ გადიოდა, რადგან ჭკვიანი იყო.

 შინიდან რომ გადიოდა, სულ დადიოდა ვანო და მაინც ბრიყვი იყო.

 ნიკო შინიდან რომ არ გადიოდა, არ დადიოდა, რადგან ჭკვიანი იყო.

 მზე ამოდიოდა...

 ვანო უცქერდა, როგორ ამოდიოდა მზე. ამბობდა, რა კარგიაო და მაინც ბრიყვი იყო.

 ნიკო არ უცქერდა, როგორ ამოდიოდა მზე და არაფერს ამბობდა, რადგან ჭკვიანი იყო.

 ...და დადგა დღე...

 ვანო უცქერდა დღეს და უხაროდა, რომ დღე იყო და მაინც ბრიყვი იყო.

 ნიკო არ უცქერდა დღეს, რადგან ჭკვიანი იყო.

 მზე ჩადიოდა.

 მზე ჩადიოდა და დასავლეთი მეწამულ სიზმარს ჰგავდა. ვანო უცქერდა მზის ჩასვლას და ამბობდა, რა კარგიაო და მაინც ბრიყვი იყო.

 ნიკო ჭკვიანი იყო.

 უყვარდა ვანოს. უყვარდა და ტიროდა ვანო. ტიროდა და იცინოდა ვანო. იცინოდა და მაინც ბრიყვი იყო.

 ნიკო არ იყო ბრიყვი, რადგან არ უყვარდა.

 კარგი იყო სიცოცხლე და ვანო ამბობდა: რა კარგიაოდა ნიკო ჭკვიანი იყო.

 ეჰ, — ეუბნებოდა ნიკო ვანოს, — ერთხელ დაიბადე და ისიც ბრიყვი.

 აბა, — უპასუხებდა ვანო, — ერთხელ დავიბადე და ისიც ბრიყვი. შენ კი ყოჩაღ, რომ ჭკვიანი ხარ, რა კარგია!

 დღეები გადიოდა და ვანო მაინც ბრიყვი იყო.

 დღეები გადიოდა, რადგან ნიკო ჭკვიანი იყო.

??????