მე ახლა ავად ვარ
მე ახლა ავად ვარ, გესმის?!
ავად- უშენობით...
ათასფერ ყვავილებს გესვრის
კარს მომდგარი მარტი.
შენით უძილობას ვნატრობ,
შენ- ძილს უჩემობით...
რითმებს ვამარტივებ,ვატყობ,
გადაღლილი დარდით.
ისე მიძნელდება წერა,
როგორც არასოდეს.
ჩემი მინავლული კერაც
მიცივდება სოფლად.
გულზე ლაქასავით, ჭრელი-
უნდა ამოგშორდე,
იქნებ გავამართლო ჩვენი
ვარსკვლავებთან ყოფნა.
ვითომ დაუჯერებს თვალებს
დაბნეული ჭინკა,
როცა გავაჯავრებ მთვარეს
მოქცეული ღრანჭით?!
გული, გაბზარული როგორც
შარშანდელი ჭიქა-
დამაქვს- წყაროს პირთან...ოღონდ
ნუღარ მკითხავ, რა მჭირს-
ყველა შეუნდობი ცოდვა
დამაბრალე როცა!
ტვინში არეული ბოდვა
წალამივით იწვის...
ყველა გადაშლილი ფრესკის
ვერნათქვამი ლოცვა
ღმერთმა მოგივლინოს! ეს კი
რამდენია, იცი?!
მე კი გავუყვები ქარებს
მუჭისტოლა ღრუბლით,
ჩვენ რომ ვარსკვლავები ვთვალეთ-
იმ ბავშვობის ციდან-
უნდა ავარჩიო ერთი
და მიწისკენ შუბლით
(აღარ გამახსენო ღმერთი!)
გადმოფრენა მინდა!
მე ახლა ავად ვარ, გესმის?!