ჩემი სიკვდილი
ტკივილი ფონია, კაკტუსი-სიმბოლო.
ღამეებს გამაკრეს სამსჭვალით ეკლების...
ამაღამ სიკვდილი რომ გამოვიგონო,
მიზეზს გამართლება უთუოდ ექნება.
ლექსებით სიკვდილი რომ გამოვიგონო...
რა ყულფი?! უჰ, ლულას საფეთქელს შევახებ?!
სად ის, რომ იფეთქებ მეხივით სტრიქონად
და ჯოჯოხეთის კარს წიხლით რომ შეაღებ!
სად ის, რომ ჩაუვლი ამაყად გაბრიელს,
რიდი შენ კი არა- შენი რომ ექნებათ...
მთელი დღე ლექსებმა დღეს ხელი დამრიეს!
უჰ, ხელი დამრიეს მთელი დღე ლექსებმა!..
წუთისოფელმა კი იდინოს, იგოროს;
(ვინ გხედავთ,თვალებო, დარდით რომ მევსებით.)
მე ჩემი სიკვდილი მსურს გამოვიგონო-
ლექსებით სიკვდილი... სიკვდილი ლექსებით...