ბერეთელი ნუკრი
გაზიარება

მე გნატრობ 

(ალიხე, მალიხე, სალიხე...)

ამ ერთმა დილამაც დააწყო უშენო 
თითები მინებზე და სუნთქვა შემიკრა 
ოქროსფერ ღილებით. კლდეს თავ-პირს უშენენ 
უძილო ფიქრები და მესმის შენი ხმა. 
და ერთ წყვილ სამკუთხედს მერცხლების დაჭრილი 
კრიალა ზეცისას თვალებზე დავიფენ. 
ვმშვიდდები - დროებით... 
და ჭრელი ნაჭრებით დახუნძლულ ხესთან ვარ: 
ალიხე, მალიხე, სალიხე... ალიხე... 

და ღმერთმა შეგინდოს! 
დღეს ჩემი დამხრჩვალი ოცნება ჭინკებმა 
ქირქილის თოკებით ბეღელში შეჰკიდეს. 
სიბნელე... 
სიბნელე! 
სიბნელე!!! 
იქნება 
სულშიდაც გათენდეს, 
ოდესმე მოხვიდე 
იქნება! 
და თვალებს ლეკვივით ამიხელს 
მაგ ცხელი ტუჩების შეხება. 
ხომ ხედავ, - მე გნატრობ: 
ალიხე, მალიხე, სალიხე...

??????