ბედიანიძე დალილა
გაზიარება

ზღვაო, ჩურჩულით მითხარი... 

ზღვაო, ჩურჩულით მითხარი, 
რომ შენც მელოდი ძალიან,
ღრუბელს რქას აჰკრავს მზის ხარი
და წვიმა _ პატარძალია.
ზღვაო, დამახრჩვე ალერსით
და მომეხვიე ტალღებით.
სხივი მჭირს კლდეზე ნალესი,
მზე დადის წითელ წაღებით.
ზღვაო, ეგ შენი სინაზე
ათას უფლისწულს ეყოფა.
გეხვევი მტრების ჯინაზე
ჩემს უღალატო მეგობარს.
ვკეკლუცობ მე შენს სარკეში
და თავს გაწონებ ოცნებით
და ტალღებს, ჩემზე დაგეშილს
მეც ვეგებები კოცნებით.
ზღვაო, ნუმც განმეშორები,
შენი მზე ნატვრისთვალია.
ყოველთვის მემახსოვრები _ 
ზღვაო, მიყვარხარ ძალიან.

??????