ახალაია ბექა
გაზიარება

კიბე 

ჩერდება სახლთან ავტობუსი ნომერი ,,100",
ვხედავ ქვევიდან,ჩემს ბინაში შუქი ანთია,
,,სალამი"-ამბობს მეზობელი(მეგრული ,,ლასით")
კორპუსს კი მჭიდროდ მოუხურავს მუქი მანტია.

I სართული

ვუკიდებ Winston-ს,სადარბაზოს სიბნელე გმანავს,
მკაფიოდ ისმის,საამურად მღერის კალასი,
სასაფლაოზე აშრიალდა სულების ყანა,
დაშინებული (შესამჩნევად) ქარის ქროლაზე.

II სართული 

ლოთი ანზორი მეფეთება და როგორც საშვი,
ცოლთან(სრულიად უჩვეულო) სიფხიზლე მიაქვს,
მე კი მიჭირავს მოცახცახე მარცხენა ხელში-
სამი მარტია და დედისთვის ვიყიდე ია.

III სართული

კალასის მერე (როგორია) ბღავის ქულიო,
ვენებში უკვე კალმახივით დაღლა გამება,
(ჩანს)ნეფესავით (აყლაყუდა) ფუნიკულიორს,
ლამაზ პატარძლად შორი-ახლო ახლავს ,,სამება".

IV სართული

მხვდება მეზობელი მოძველბიჭო ყმაწვილი კაცი და მიყვება თქვენთვის 
სრულიად უინტერესო ისტორიას,თუ როგორ უპოვა პატრულმა მის ძმას გუშინ
სამი სიგარეტი პლანი და როგორ უკრეს თავი ვირის აბანოში.

V სართული

გავვარდებოდი ახლო ტყეში,ბაბუას ნაბდით...
(მოძმე ქარაფებს ამოავსებს ღამის აკიდო)
მინდა ცოლ-შვილი მყავდეს ახლა,რომ უცებ ავდგე,
დავტოვო და შენ სულელივით გამოგეკიდო.

VI სართული

ერთი,ორი და ასე შემდეგ,ვითვლი ათამდე-
(ქარიშხალია რაც უბერავს,ქარი არ ჰქვია)
ჩემი ოთახი (შესვენება),ძლივს ავათავე,
საფეხურების დამტვერილი იერარქია.

??????